6:58 PM USAID-ის და აშშ-ის დაკვეთით საქართველოში მორიგი კვლევა ჩატარდა | |
შეერთებული შტატების მთავრობის და USAID-ის დაკვეთით, ახალი კვლევები ჩატარდა. USAID-ის მიერ დაკვეთილი კვლევა ამერიკის რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა ჩაატარა, ტექნიკურად კი კვლევითმა ორგანიზაცია გელაპმა შეასრულა. პოპულარული და ავტორიტეტული ჯგუფი კვლევითი ორგანიზაციების ტოპ-ხუთეულში შედის და აქტიურად მუშაობს მსგავსი ტიპის გამოკითხვებზე. შეერთებული შტატების მთავრობის და IRI-ს კვლევა საქართველოს მასშტაბით 27 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე ჩატარდა და მასში 1500-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კითხვაზე, რომელსაც კორუფციის დონე უნდა გამოევლინა, გამოკითხულთა 98-მა პროცენმტმა განაცხადა, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ქრთამი არ გადაუხდია. რომელ სექტორში უნდა გატარდეს ყველაზე მეტი რეფორმა? გამოკითხულთა უმეტესობამ პირველ სამ ადგილზე ეკონომიკა, ჯანდაცვის სფერო და განათლების სისტემა დაასახელა. ღია კითხვაზე, რა არის საქართველოს მთავრობის ყველაზე დიდი წარმატება, გამოკითხულთა უმეტესობის პასუხები ერთმანეთს დაემთხვა. კვლევის შედეგების მიხედვით, ყველაზე დიდ წარმატებად დასახელდა ენერგოსისტემაში გატარებული რეფორმები, გზები, კრიმინალური სიტუაციის გამოსწორება, ინფრასტრუქტურა და განახლებული პოლიცია. ურთიერთობის შეფასება სხვა ქვეყნებთან - პოზიტიურად შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას გამოკითხულთა 92 პროცენტი აფასებს, მომდევნოგ ადგილებზეა აზერბაიჯანი, უკრაინა, ევროკავშირი და თურქეთი. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 94 პროცენტის აზრით, ყველაზე ცუდი ურთიერთობა საქართველოს რუსეთთან აქვს. რუსეთს კვლავ მთავარ საფრთხედ მიიჩნევს გამოკითულთა უმეტესობა - 83 პროცენტი. მთავარ პარტნიორად კი გამოკითხულთა 56 პროცენტი შეერთებულ შტატებს ასახელებს. კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ არა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 74-მა პროცენტმა გასცა. კვლევაში შიდა პოლიტიკურ საკითხებზეც არის საუბარი. პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებას 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მხარი გამოკითხულთა 56-მა პროცენტმა დაუჭირა. ნდობა სხვადასხვა ინსტიტუციის მიმართ. ჯარის სანდოობა 2004 წელს ანალოგიურ კვლევაში 28 პროცენტი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 87 პროცენტს შეადგენს. მნიშვნელოვნად გაიზარდა ნდობა პოლიციის მიმართ, თუ 2004 წელს ის 49 პროცენტს შეადგენდა, ახალი მონაცემებით, პოლიციას 84 პროცენტი ენდობა. განათლების სფეროს სანდოდ 2004 წლის კვლევაში გამოკითხულთა 32 პროცენტი ასახელებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 52 პროცენტია. და წელს პირველად გამოიკვეთა ტენდენცია, როდესაც იზრდება სასამართლოს მიმართ ნდობა, ეს სფერო სანდოდ გამოკითხულთა 49 პროცენტმა დაასახელა. პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებით აირაის კვლევაში კითხვა ასე იყო დასმული, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას. გამოკითხულთა 42 პროცენტი ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, არც ერთ პარტიას, - აცხადებს გამოკითხულთა 13 პროცენტი, პასუხი არ აქვს 23 პროცენტს. ყველა დანარჩენ პოლიტიკურ პარტიაზე ხმების 22 პროცენტი გადანაწილდა, მათ შორის ლიდერობენ ქრისტიან-დემოკრატები - 11 პროცენტი, ლეიბორისტული პარტია - 4 პროცენტი, ალასანიას თავისუფალი დემოკრატები -1 პროცენტი. ოქრუაშვილის ქართულმა პარტიამ, ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, იგორ გიორგაძის პოლიტიკურმა მოძრაობამა და მრეწველებმა, ამ გამოკითხვის მიხედვით, ერთ პროცენტზე ნაკლები ხმები დააგროვეს. პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს, მას პოზიტიურად გამოკითხულთა 77 პროცენტი აფასებს, უარყოფითად კი 18 პროცენტი. კველვის შედეგების მიხედვით, უმუშევრობა ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, გამოკითხულთა 51 პროცენტის აზრით, მას ყველაზე კარგად მიხეილ სააკაშვილი მოაგვარებს. თითქმის ანალოგიურია პასუხი კითხვაზე, ვინ მოაგვარებს ყველაზე კარგად ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას, გამოკითხულთა 49 პროცენტი აქაც მიხეილ სააკაშვილს ასახელებს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |