მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 16 » The wall street journal-ი საქართველოს საკონსტიტიტუციო ცვლილებებზე სტატიას აქვეყნებს
1:43 PM
The wall street journal-ი საქართველოს საკონსტიტიტუციო ცვლილებებზე სტატიას აქვეყნებს



The wall street journal-ი საქართველოს საკონსტიტიტუციო ცვლილებებზე სტატიას აქვეყნებს. "პარასკევს საქართველოს პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მოიწონა. კრიტიკოსების თქმით, ახალი კონსტიტუცია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გზას უხსნის , საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად დარჩეს, როგორც ეს მისმა მოსისხლე მტერმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში გააკეთა",- აღნიშნულია სტატიაში.
მასალის მიხედვით, ცვლილებები ზღუდავს საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო ზრდის პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი ვეღარ შეძლებს მთავრობის დათხოვნას, პრემიერ-მინისტრი კი, აღმასრულებელ შტოს უხელმძღვანელებს და პაუხისმგებელია კაბინეტის დაკომპლექტებაზე, მთავრობის ყოველდღიური საქმიანობის განსაზღვრაზე.
The wall street journal-ის სტატიაში მითითებულია, რომ სააკაშვილმა  ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ექვსი პრემიერ-მინისტრი დანიშნა.
"ცვლილებები ძალაში ეტაპობრივად შევა და სრულად ამოქმედდება 2013 წელს, როდესაც სააკაშვილის მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ამოიწურება. ზოგიერთი იმ კანონმდებლიდან, რომლებმაც ახალ კონსტიტუციას მხარი დაუჭირეს, აცხადებს, რომ ძალაუფლების თანაბარი განაწილებით ახალი კონსტიტუცია საქართველოს უფრო დემოკრატიულს გახდის. ისინი, ასევე, აცხადებენ, რომ ეს დაასრულებს ქუჩის საპროტესტო აქციების და ამ გზით რეჟიმის ცვლილების ციკლს, რამაც ქვეყანა გააჩანაგა 1991 წელს, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ",- აღნიშნულია სტატიაში.
გაზეთი იშველიებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის სიტყვებს - "ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩვენ სამი პრეზიდენტი გვყავდა. ყველა მათგანი პოლიტიკური არეულობის წინაშე აღმოჩნდა, რადგან ქართულ სისტემაში პრეზიდენტი სიმძიმის ცენტრია", – ამბობს დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის სპიკერი და სააკაშვილის ახლო მოკავშირე.
მისივე თქმით, ცვლილებები გულისხმობს, რომ ამიერიდან ცალკეული ადამიანი ან ცალკეული ინსტიტუტები ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას სხვებთან თანხმობის გარეშე; სწორედ ეს არის სტაბილურობის გასაღები.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოს პარლამენტში უმრავლესობას სააკაშვილის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" წარმოადგენს. ქართული ოპოზიციის უმრავლესობამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა, რაც ნიშნავს, რომ პარასკევის კენჭისყრაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.
"ვფიქრობთ ცვლილებები საგანგებოდ სააკაშვილზეა მორგებული", – ამბობს ირაკლი ალასანია, ოპოზიციური პარტიის "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი და დასძენს, რომ ახალი კონსტიტუცია პარლამენტის როლს არანაირად არ აძლიერებს.
"ჩვენ გვაქვს სერიოზული საფუძველი გვჯეროდეს, რომ სააკაშვილი საკუთარი თავის პუტინიზაციას ახდენს და პრემიერ–მინისტრად დარჩენას გეგმავს",- ამბობს იგი.
პარლამენტის სპიკერი ბაქრაძე კი, აცხადებს - "ჯერ ადრეა და პრეზიდენტის გეგმებს ჯერ არ განვიხილავთ, მაგრამ მას არასდროს უთქვამს, რომ 2013 წელს პრემიერ-მინისტრობას აპირებს".
"ახალგაზრდა და ფიცხმა სააკაშვილმა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 2003 წელს უსისხლო "ვარდების რევოლუციით" დაამხო, მას შემდეგ, რაც ათობით ათასი დემონსტრანტი ქუჩაში გამოვიდა მისი იდეის მხარდასაჭერად დემოკრატიული საქართველოს შესახებ, რომელიც ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში უნდა გაწევრიანებულიყო. შევარდნაძემ ზვიად გამსახურდია 1992 წლის გადატრიალების შემდეგ შეცვალა. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან ერთი წლის შემდეგ კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა პრეზიდენტის ძალაუფლების გაზრდის მიზნით. სააკაშვილი უმცროსი ჯორჯ ბუშის ფავორიტი იყო, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პროდასავლური რეჟიმების მხარდაჭერის თვალსაზრისით, თუმცა დემოკრატიის მის მოდელს რეგიონში ჩრდილი მიადგა: 2007 წელს სააკაშვილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, კრიტიკის ობიექტი გახდა, როდესაც მთავრობის სპეცდანაყოფებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ. სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა, რომელშიც გაიმარჯვა.
"საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ორვადიანი საპრეზიდენტო ლიმიტი ნიშნავს, რომ სააკაშვილი ვერ შეძლებს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. იმ დროისთვის ის 46 წლის იქნება. პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრი 2008 წლის მაისში გახდა, რაც მაქსიმალური ორი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა და უმნიშვნელო პოზიციიდან უმალ მოირგო გავლენიანი ადამიანის როლი.
2008 წლის აგვისტოში რუსეთი და საქართველო ერთმანეთს ხანმოკლე ომში დაუპირსიპირდნენ, რამაც სააკაშვილის რეპუტაცია კიდევ უფრო შელახა, რადგან საკუთარი ქვეყნის ორი სეპარატისტული რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგა. ამ ომის გამო, დაახლოებით, 26 000 ადამიანი დღემდე ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას. ამბობენ, რომ პუტინს და სააკაშვილს პერსონალურად სძულთ ერთმანეთი",-წერს The wall street journal-ი.
















კატეგორია: პოლიტიკა | ნანახია: 1187 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar