მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 12 » ვასო ფხაკაძე და გიორგი აფციაური სეპარატისტმა გოგონამ მოხიბლა
3:52 PM
ვასო ფხაკაძე და გიორგი აფციაური სეპარატისტმა გოგონამ მოხიბლა



ვასო ფხაკაძე და გიორგი აფციაური წელს თურქეთში დასასვენებლად ერთად გაეშურნენ, საზღვრებს გარეთ დასვენება ერთად პირველად მოახერხეს და მოგზაურობაშიც გამოსცადეს ერთურთი. შედეგი დამაკმაყოფილებელია, საქებარი სიტყვები ერთმანეთის მიმართ ინტერვიუში არ დაიშურეს. როგორც ყოველთვის, იუმორისტებთან ინტერვიუმ დიდ მხიარულებაში ჩაიარა.

ვასო:
- პასიური დასვენება მიყვარს, არანაირი მუსიკა, ჯაგაჯუგი და აქტიური ტემპი, თუმცა ხანდახან გამოვურევ ხოლმე, კვირაში ერთხელ ან ორჯერ.

გიორგი:
- დასასვენებლად სანამ წახვალ შეიძლება, მაგრამ დასვენება მაინც დასვენებაა. პენსიონერულს ვერ დავარქმევ, მაგრამ მთელი წელი ძალიან მძიმე გვქონდა, ამიტომ თურქეთში გადავწყვიტეთ წასვლა.

ვასო:
- ტელეფონები გამოვთიშეთ. ქემერში გახლდით. გეტყვით, როგორ წავედით და წამოვედით და იქ რა ვაკეთეთ, მაგას ვერ მოგიყვებით. ქართველებიც იყვნენ იქ და ვერ მოვიტყუებით, ამიტომ ჯობს, გავჩუმდეთ.

გიორგი:
- თითოეულ გოგონას, განსაკუთრებით უკრაინელებს, დებივით ვუყურებდით, მეგობრებივით. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პრეზიდენტი შეიცვალა, ჩვენი დამოკიდებულება მაინც დაძმობაზეა აგებული და ასევე დარჩება.

ვასო:
- ძალიან კარგი გოგონები იყვნენ და დავრწმუნდით, რომ საქართველოში არასდროს არ უნდა დაისვენო. როცა გაქვს დრო, აუცილებლად უნდა გაემგზავრო საზღვარგარეთ. აქ სოფელში უნდა დაისვენო, რადგან სხვა ატმოსფეროა. თუ ზღვა გინდა, მაშინ უცხოეთში უნდა წახვიდე.

გიორგი:
- რატომ? ბათუმი ძალიან კარგი გაკეთებულია. ამბობენ, თან ისეთი ადამიანები, რომ არ დავიჯერო, არ შეიძლება.

ვასო:
- არ დაიჯერებ და შენი აჯობებს (იცინის). მინდა, ერთი შესწორება შევიტანო. სომხების ჩამოსვლა კარგია, მაგრამ არ შეიძლება, რომ უკრაინელებიც მოეძალონ აჭარას?

- ძალიან კარგი იდეაა, ქართველი გოგონები დაველოდებით უკრაინელ ყმაწვილებს. თურქეთის ამბები მომიყევით, ჯობია.
ვასო:
- დილას მივადექი აფციკას ექვს საათზე, აეროპორტში უნდა წავსულიყავით, ვურეკავ და რას მეუბნება, არ იცი - ლიფტში გავიჭედეო. დილაუთენია ვირბინე ეზოში, მეზობლები გავაღვიძე, ვიღაც კაცს მივადექი, რკინა მომეცი-მეთქი.

გიორგი:
- იმან ჰკითხა, რად გინდა, უნდა იჩხუბოო? ნახალოვკაში ხომ მიჩვეულები არიან, რომ რკინა მხოლოდ ამისთვის შეიძლება დაგჭირდეს. მე კი ამ დროს ვიჯექი ლიფტში და ველოდებოდი, როდის გააღებდა კარს ბუნების ძალა. ის გადაიზარდა ჩემს მეზობელში, რომელმაც გამომიყვანა იქიდან, როგორც იქნა. გამოვედი თუ არა, მივხვდი, რომ პასპორტი დამრჩა და სახლში ავბრუნდი. ასე რომ, ლიფტში რომ არ გავჭედილიყავი, აეროპორტში პასპორტის გარეშე წავიდოდი.

- მოკლედ, მადლობა ლიფტს და მეზობელს.
ვასო:
- თვითმფრინავში მაგრად ვიმხიარულეთ. ჩვენი მეგობრები შეგვხვდნენ, ერთ-ერთმა სასმელი გააძრო და დავიწყეთ დალევა. მთელი გზა ვსვამდით. მთელი თვითმფრინავი ჩვენ გიყურებდა, ისე გემრიელად ვუბერავდით. მათაც უნდოდათ დალევა, ერთი-ორს კი დავალევინეთ. თბილისში რომ დავთვრეთ და ისეთი რაღაცები ვაკეთოთ, რაც ქემერში ვაკეთეთ, ამის უფლებას თავს ნამდვილად ვერ მივცემთ, ამიტომაც წავედით თურქეთში (იცინიან). რუსებს არ ვამღერეთ რო საქართველოს ჰიმნი?

- როგორ იყო ეგ ამბავი?
გიორგი:
- მე ნამდვილად ვერ ვამღერებდი. ჩემი რუსულის ამბავი ვინც იცის, მიხვდება, რატომ ვამბობ. ერთ ახალგაზრდა გოგონას სულ "გასპაჟა" ვუძახე და ვერაფრით ვერ ვეტყოდი რუსებს რუსულად, საქართველოს ჰიმნი შეასრულეთ-მეთქი.

ვასო:
- სამაგიეროდ, სეპარატისტი გოგო ხომ გაიცანი? ქერათმიანი შხვართალა გოგო იყო...

გიორგი:
- რომ დავინახე, ძალიან მომეწონა. ხომ ვიცი, რომ გაგებული აქვთ ქართველი მამაკაცების შესახებ. იქვე ერთი თურქი კაცი იდგა და სანამ გოგონასთან მივიდოდი, ამ კაცის გასაგონად დავიწყე ყვირილი, "ია გრუზინ"-მეთქი. როგორც იქნა, მივუახლოვდი იმ გოგონას, საიდან ხართ-მეთქი, ვკითხე. ქართველი ხარო, მკითხა, დავუდასტურე, მე ოსეთიდან ვარო.

ვასო:
- წყლიდან ეგრევე ტანკმა ამოყო ლულა (იცინის). მაგრამ გიორგის სახე არ შესცვლია. აფციკამ დაამარცხა.

გიორგი:
- კონფლიქტის ზონაში შევედი (იცინიან).

- ქართველი ერი იამაყებს შენით. კიდევ რა იყო საამაყო თურქეთში ან სამარცხვინო?
ვასო:
- ცოლიანი სასტავი ცალკე წავიდა და მე და აფციკა ცალკე წავედით. ისეთი ვირიშვილი სიცხე, რაც თურქეთში იყო, არსად მინახავს. ერთ დღეს დალევა გადავწყვიტეთ. ბარმენთან მივედით და სასმელი ვთხოვეთ, ცოტა მაგარი რამე გვინდოდა. დაგვისხა ერთი, მეორე... ღამის სამი საათია უკვე. მაგარი მთვრალები ვართ, ვმღერით ჯიგრულად, გამოდით რუსები, უნდა დაგთვალოთო, მერე საქართველოს ჰიმნიც შევასრულეთ და მათაც შევასრულებინეთ. ბარმენმა ბოლო ისეთი დაგვისხა, რვა სასმელი გაურია ერთმანეთს.

გიორგი:
- ავტობუსის გაჩერებაზე დავჯექი და ვეღარ ვდგებოდი. ასეთი მთვრალი არასდროს ვყოფილვარ. მეორე დღეს ლოგინიდან ვერ ავდექით ვერც ერთი.

- მოგზაურობაშიც გამოსცადეთ ერთმანეთი...
- ყოველ შემთხვევაში, ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიშავებია, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ნომერში ვიყავით.
ვასო:

- სამაგიეროდ, გვერდზე ნომერში ისეთი ამბავი იყო, მთელი ღამე არ დაგვაძინეს. ბოლოს ისიც ვიფიქრე, ერთმანეთს ხომ არ ცვლიან-მეთქი. ქალი ერთი იყო, ეს ნამდვილად ვიცით. კინაღამ სიგარეტი და ლუდი შევუტანეთ, ცოტა ხანს დაისვენეთ-თქო. ქართველები არ იყვნენ, თორემ ერთ ვაი დედას მაინც ხომ დაიძახებდა ის ქალი.

- მერე თქვენ ვერ ჩაენაცვლეთ?
გიორგი:
- ვის? ქალს ხომ არ ჩავენაცვლებოდით (იცინის)?! მეორე დღეს ველოდებოდით, ვინ გამოვიდოდა ნომრიდან, მაგრამ ვერ დავინახეთ.

- ვასო, გარუჯული რატომ არ ხარ?
- ჩემმა დამ გამატანა რაღაც დამცავები, მე კი მეგონა, რომ გარუჯვაში დამეხმარებოდა და ვისვამდი ერთი ამბით. გიორგი მაგრად არის გარუჯული, კიდევ უფრო შავი იყო. რომ დავბრუნდით, აეროპორტში მეუბნება მესაზღვრე, რა იყო, ვასო, გარუჯული რატომ არ ხარ, როგორიც წახვედი, ისეთივე ჩამოხვედიო. გიორგი ამ დროს ვერ იცინის, იცის, რომ ნერვები მომეშლება. ყველაზე მაგარი ის იყო, ტაქსიში რომ ჩავსხედით და ტაქსისტი მომიბრუნდა - ვასო, გიორგის დახვდი, ხო? (იცინიან). აფციკას თურქი დაახტა თავზე, თავისი მეგობარი ეგონა, ისეთი შავი იყო.

- ასე როგორ გაირუჯე?
გიორგი:
- გეტყვი - ორი კოვზი შაქარი... (იცინის). ისედაც შავგვრემანი ვარ და კარგად მეკიდება.

- ისე, კარგად მოპუტკუნებულხარ.
ვასო:
- დილა-საღამოს ვჭამდით, მაგარი კვება გვქონდა. გიორგის ბოლოს მოჰბეზრდა ყველაფერი და სადღაც მაკარონი და მაწონი იპოვა. სასტუმროში ჰქონდათ.

- ქართველები გაიცანით?
გიორგი:
- ბევრი ახალი მეგობარი შევიძინეთ. კარგი ქართველი გოგონები გავიცანით ნამდვილად სადოდ და სამეგობროდ.

ვასო:
- ერთი გოგონა იყო, ნაიარევი კაცები მომწონსო, მე ხელზე ნაიარევი მაქვს. ვუთხარი, შენ ალბათ ჟოფრეი მოგეწონებოდა-მეთქი. ერთხელ ეძებდა მობილურისთვის რაღაცას და ვერ გაიხსენა სახელი ვერაფრით. ჩვენ ვეკითხებით, აბა, რას ეძებ, დამტენს, იუესბიკაბელს, გადამყვანს-მეთქი. და არა, ის რომ არისო... "თრაინიქიო". რომ წაიკითხავს ამ ინტერვიუს, გაიგებს, რომ "თრაინიქი" არ უნდა თქვას, უნდა თქვას დენცქვიტა (იცინიან). ვხალისობ ამ ყველაფერზე, ასე რომ არ ლაპარაკობდნენ გოგონები, სამსახური არ მექნებოდა.

- გიორგი, შენ როგორი გოგონა გჭირდება?
- ოთახნახევრიანი ბინა მაინც რომ ჰქონდეს (იცინიან).

- თურქეთში ვერ იპოვეთ ასეთი გოგონები და იმედია, აქ მაინც იპოვით.
ვასო:
- თურქეთში ისეთები ვიპოვეთ! განსაკუთრებით ერთ-ერთი არ ამომდის თვალებიდან.

- კარგი დასვენებულები ხართ. ახალს რას გვთავაზობთ ისიც გვითხარით.
გიორგი:
- მართლაც კარგად დავისვენეთ და ბევრ რაღაცას ვაპირებთ. ვიწყებთ უკვე ამ კვირაში. ბევრი ახალი იდეაა, მაგრამ წინასწარ ვერ გეტყვით.


ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)








კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1278 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ვასო ფხაკაძე და გიორგი აფციაური სეპ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar