მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 12 » რატომ გაურბოდა ნანკა კალატოზიშვილი ბედინას
3:43 PM
რატომ გაურბოდა ნანკა კალატოზიშვილი ბედინას



"იყო ერთი ბიჭი, ჰქონდა სექსის ნიჭი,
იყო ბევრი გოგო, აღარ მახსოვს როგორ.
იყო მაგდა პირველი, ის არავის ჰგავდა,
იყო გოგო მალვინა, ორი შვილი ჰყავდა.
იყო ვიკა მაგარი, უშაქრო ყავას სვამდა,
იყო ნანა სოფლელი, ცოტა-ცოტას ჭამდა.
იყო ტატა დეიდა, მუშაობდა ზევიდან.
იყო ლიკა პატარა, მიყურებდა ქვევიდან..."

ეს რეპერი ბედინას, ანუ მიშიკო ბედინაშვილის რეპპოეზიაა. ქალები, ციხე, ფული მისი პოეზიის მთავარი თემაა. უცხო ზარებს ტელეფონზე არ პასუხობს, ალბათ ეშინია, ზემოთ ჩამოთვლილი ქალებიდან რომელიმემ არ დაურეკოს, ესენი ხომ მისი წარსულია. ქალი მისთვის სპორტია, წამიერი სიამოვნება.

"ვიღაცას უყვარს მულატი ქალები,
ვიღაცას ევასება ქერა ნაშები.
ბედინა ოცნებობს ისეთ მკერდზე
რომელიც არ უნახავს ჯერ არც ერთზე" - ესეც მისი პოეზიდანაა.

"როკი მოკვდა", "ტყეში პლანი ამოსულა", "წერილი ციხიდან", "ომი უბნებს შორის"... ეს 34 წლის რეპერის სიმღერების სათაურებია, უფრო სწორად, ფრაზები რეპპოეზიიდან.

ძალიან მოვინდომე მასთან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე მესაუბრა, მაგრამ თემა ინტერვიუს დროს თავისთავად იცვლებოდა.

- ოჯახში ვისწავლე მთავარი: ზრდილობა, სიყვარული, პატივისცემა, ადათი, წესი, ვაჟკაცობა და უამრავი ის დადებითი თვისება, რასაც თეორიულად ასწავლიან სკოლაში და არა პრაქტიკულად. მშობლები განსაკუთრებულად მიყვარს, მართალია, ჯერ სიმღერა არ დამიწერია მათზე, მაგრამ ყველაფერი წინ არის. არ ვგავარ არც დედას, არც მამას. მხოლოდ ხასიათითა და პრინციპებით. ბოლოს და ბოლოს, მათი შვილი ვარ. მუსიკალური განათლება მათსავით არ მაქვს. ისინიც ჩემსავით "პროტესტანტულები" არიან, ანუ ვაპროტესტებთ ყველაფერს, რაც არ მოგვწონს. მე ვაპროტესტებ იმას, ჩემი მშობლები სერიალებს რომ უყურებენ. ვეუბნები, მაგის ყურებას ჯობია, წიგნი წაიკითხოთ-მეთქი. მაგრამ მაინც ასაკის ბრალი მგონია ეს ყველაფერი. სხედან და ძალიან ლამაზ სახლებში აცრემლებულ პერსონაჟებზე კაიფობენ.

- რას საქმიანობენ?
- დედა სამკერვალოში მუშაობს, მამა პენსიაზეა, 23 წელი სამოქალაქო ავიაციაში იმუშავა. ბავშვობაში მეც ხშირად დავყვებოდი მამას, მოსკოვშიც ჩავუყვანივარ. კომუნისტების დროს რუს "სტიუარდესებს" მაცნობდა ხოლმე (იცინის).

- განსაკუთრებით ხომ არ დაგამახსოვრდა რომელიმე?
- კი, ნატაშა მახსოვს, ყოველთვის ხასხასა წითელი პომადა ესვა. ლოყები სულ მისი პომადით მქონდა დაწითლებული.

- იქიდან დაგეწყო ქალების ტრფიალი?
- ჰო, თან პატარა რომ ვიყავი, დაბალი, "სტიუარდესების" კაბის ქვეშაც შემეძლო ყურება. მაშინ მათ ძალიან მოკლე კაბები ეცვათ.

- ახლა აღარ აცვიათ ბორტგამცილებლებს მოკლე კაბები?
- ახლა მაღალი ვარ და მრცხვენია, ხომ არ დავიხრები კაბის ქვეშ შესახედად?

- დედმამიშვილები გყავს?
- და მყავს, ერთი წლით უმცროსია ჩემზე, გათხოვილია, ორი შვილის დედა გახლავთ. ისინი ცალკე ცხოვრობენ, მაგრამ ხშირად არიან ჩვენთან, ხან მე ვარ მათთან.

- მომიყევი ქუჩის აკადემიაზეც, რა გამოცდილება მოგცა ქუჩამ?
- ვორონცოვის ძირძველ უბანში გავიზარდე, სადაც მეზობელი მეზობლის ნათესავია და მეზობლის ჭირი და ლხინი შენი კარგი და ცუდია. გავედი ეზოდან გარეთ, ჩუღურეთში, სადაც არაფერი არ იმალება, სადაც ყველა ყველას იცნობს, სადაც ზრდილობა და ზნეობა დღესაც შენარჩუნებულია. ბევრი კი გადმოვიდა დღეს ამ უბანში ახალი, ძველები ცოტანი დავრჩით, მაგრამ რაც მე მასწავლეს უფროსი თაობის ქუჩის ბიჭებმა, ის შევინახე და მომავალ თაობაში ვნერგავ.

- რა გასწავლეს?
- მაგალითად, რომ დაინახავ ხანში შესულ მანდილოსანს, რომელიც მოდის დატვირთული ჩანთებით, უნდა მიხვიდე და სახლამდე მიატანინო. ელემენტარული პატივისცემაა.

- და შენ დღეს ასე იქცევი?
- მე აღარ ვიქცევი, იმიტომ რომ ჩემზე უმცროსები მასწრებენ, მაგრამ თავის დროზე ვაკეთებდი. ეს ელემენტარული გითხარი. არის კიდევ რაღაცები, რასაც ქუჩა გასწავლის. ღამის სამ საათზე ვიღაც მთვრალი რომ ჩამოივლის უბანში და დაიწყებს გინებას იმის გამო, რომ შეყვარებულმა ან საცოლემ უღალატა, რომ გააფრთხილებ ერთხელ, ხალხი ცხოვრობს აქ, ბავშვებს სძინავთ და აბუჩად აგიგდებს, მერე მიხვალ და ცხვირპირს დაულეწავ. ასეთი ამბებიც ხდება.

- გქონია ასეთი შემთხვევა?
- ბევრჯერ, ძალიან ბევრი უზრდელი ადამიანი დადის, მათ ხშირად შველით მუშტი.

- სამართალდამცველებთან თუ შეგქმნია პრობლემები?
- უფ, რამდენჯერაც გინდა, რვაჯერ წამიყვანეს ნარკოლოგიურში. რადგან რეპერი ვარ და ცოტა ისეთი სახე მაქვს, "დერსკი შარმი" ჰქვია ამას, მგონი (იცინის), ყველას ნარკომანი ვგონივარ. ჰგონიათ დამიჭერენ, მაგრამ ბოლოს ყურებჩამოყრილნი რჩებიან, ბოლო დროს აღარც მაკავებენ, მიხვდნენ ეტყობა, რომ არ ვარ ნარკომანი.

- არც გაგისინჯავს ნარკოტიკი?
- არასდროს! ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი ნარკოტიკული საშუალების. არ მჭირდება სიბინძურე ვენაში წამიერი სიამოვნებისთვის. უამრავი სხვა წამიერი სიამოვნებაც არსებობს.

- მაგალითად?
- ქალი.

- სასიყვარულო გამოცდილებას მივადექით...
- უფ, ცივი ვარ ძაან, უხეში. შეყვარებული არ მყოლია არასდროს. 8 მარტი რომ მოდის და იმაზე ფიქრობენ, რა აჩუქონ შეყვარებულს, კინოში რომ დადიან, სადღაც ბაღში მათთან ერთად, ერთმანეთს მესიჯებს სწერენ გაუთავებლად... არასდროს მყოლია ისეთი ქალი, მასზე რომ მეფიქრა, ყოველთვის ერთჯერადებთან მქონდა ურთიერთობა.

- ეს კარგია?
- მშვენიერია, სპორტია. თუმცა აქვე ვაღიარებ, რომ მათ გარეშე ცხოვრება შეუძლებელია, მაგრამ ზოგჯერ მათთან ერთად - აუტანელია. რა ვქნა, სულ ერთ ქალზე ვერ ვიფიქრებ, ახლა სად არის ნეტავ ჩემი სიცოცხლე, წვიმს, ნეტავ ხომ არ სველდება, ქოლგა ხომ არ დაავიწყდა სახლში. ასეთ რაღაცებზე ვერ ვფიქრობ. მნახე, გნახე, შეგიყვარდი, შემიყვარდი, ერთად გვინდა, მორჩა! დილით პაკა-პაკა.

- დასაწყისში ტრადიციებზე ვსაუბრობდით, ქართული სუფრა, ტრადიციული სადღეგრძელოები გიყვარს?
- მევასება ზომიერად. ყოველდღიურად მრავალჟამიერი და ყანწების ტრიალი ძალიან მღლის. ისე, ყველამ კარგად იცის, რამდენის დალევა შემიძლია და როგორ ვმღერი სუფრასთან. ზოგმა არევა იცის, ზოგი თამადას არ უსმენს, ზოგს "რამსები" აქვს არეული და ასეთ ხალხთან არ ვსვამ.

- ციხეშიც ყოფილხარ...
- ჰო, იქ ვისვენებდი.

- რამდენწლიანი საგზური გქონდა?
- ხუთ წელში დამიმთავრდა "პუტიოვკა", ძაან კი გამიგრძელდა.

- რის გამო დაგაკავეს?
- კანონის ენაზე გეტყვი, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება. 19 წლის ვიყავი, რომ დამაკავეს. საერთოდ არ მქონდა იარაღი, "ჩამიდეს", დრო იყო ეგეთი, ყველას იჭერდნენ.

- პოლიტიკას მივადექით, შენს პოლიტიკურ შეხედულებებზე რას მეტყვი?
- არც ერთი მხარე არ მომწონს, არც ერთი სატელევიზიო არხი. საინფორმაციო გადაცემებს ვუყურებ ხოლმე, მაგრამ სიუჟეტს რომ აჩვენებენ, ვგრძნობ, როგორ მატყუებენ. უფრო სწორად, უნდათ, რომ მომატყუონ. ამას წინათ გამოაცხადეს, ორგანიზებულ ბოროტმოქმედთა ბანდა დავაკავეთო და მაჩვენებენ 13 წლის ბავშვებს ბორკილებით, რომლებმაც ტაქსის მძღოლს 50 ლარი წაართვეს. შოუებს რომ აჩვენებენ კიდევ, იმის და ამის შოუს რომ არქმევენ, ვა-ჰა-ჰა-ჰა რომ უდგათ სტუდიაში, რა უბედურებაა?

- შენც ხომ იყავი "სიმართლის დროში"?
- იქ ფულის მოსაგებად წავედი.

- მოიგე?
- კი არ მოვიგე, ლამის იქით წამართვეს (იცინის).

- ხომ არ ნანობ ამ გადაცემაში მონაწილეობას?
- არანაირად. 100-ჯერ მაინც ვუყურე მაგ გადაცემას ინტერნეტში, ძაან მისწორდებოდა, სხვანაირი ტიპი გავიჩითე, არ მეგონა, ასეთი პირდაპირი თუ ვიქნებოდი ხალხის წინაშე. ყველას ეგონა, ნანკა ბედინას ხორცის მანქანაში გაატარებსო და ისე მოხდა, კალატოზიშვილი გარბოდა, მომაშორეთ ეს კაცი, ვერაფერი ვერ გავაგებინებო, კიოდა. ამ გადაცემებს შორის ჩემი სტუმრობა პირველ ადგილზეა ინტერნეტში მნახველთა მიხედვით. 1300 მნახველი ჰყავდა. მაგ შოუში იმიტომ მივედი, რომ ახლოსაა ჩემთან სიმართლე. ტრალი-ვალი შოუებში არ დავდივარ, კოლჰოტებით რომ იჩითებიან ბიჭუნები. "პროფილში" ვერ მივალ, რა უნდა გავაკეთო იქ?

- არავინ მყვარებიაო და ვინ მიგიწვევს "პროფილში"?
- მერე რა, ხალხს ხომ ვუყვარვარ.

- და ხალხის ზარებსაც არ პასუხობ, არა?! შენ არავინ მიგიწვევს "პროფილში", ტყუილად ნუ დარდობ. აი, "ჯეოსტარისთვის" კი ასაკი არ გიწყობს ხელს.
- აუ, მაგათზე ნუ მალაპარაკებ, ძალიან გთხოვ. ის ქალი არ მევასება, ვერ ვიტან, მყავდეს თითქოს ლიანა ისაკაძე.

- ვის გულისხმობ?
- სათვალიანი ქალი რომ ზის ჟიურიში ყვავივით. "არტ-იმედის" ფულებით რემონტი რომ გაიკეთა სახლში. არ შეიძლება, სახალხოდ ადამიანებს ასეთი ტრავმა მიაყენო. მერე რა, რომ ვერ მღერის და არ ჰყავდა გვერდით ისეთი ადამიანი, რომელიც ურჩევდა, ნუ წახვალ, სასაცილო ნუ გახდებიო. არიან უნიჭოებიც, ყველა პავაროტი და სურამელაშვილი ვერ იქნება.

- მაგარი გადასვლა იყო, პავაროტიდან სურამელაშვილამდე როგორ მიხვედი?
- ხალხი უსმენს...

- ციხეზე ვსაუბრობდით, რა გამოცდილება მოგცა ციხემ?
- უამრავი თვისება შემძინა, რომელსაც სახლში ვერ ისწავლი, მათ შორის უმთავრესი ნებისყოფაა. მანამდე მოუთმენელი ვიყავი, ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ნერვები აღარ მეშლება ადვილად.

- ამბობენ, ციხიდან შეშლილები გამოდიანო და შენ პირიქით დაგემართა?
- შეშლილი აქაც ბევრი დადის. ადამიანს თუ რაღაცის სწავლა უნდა ცხოვრებაში, ციხეშიც ისწავლის, სახლშიც და სკოლაშიც. ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ ცხოვრობს, რომ ჭამოს, გინდა ციხეში ჩასვი, გინდა პარლამენტში და გინდა ჰარვარდში, მაინც საჭმელზე იფიქრებს.

- ცოტა დამიგვიანდა ეს კითხვა, მაგრამ... რატომ რეპი?
- რეპი არის ერთ-ერთი მუსიკალური მიმდინარეობა, სადაც პედერასტები არ არიან, სადაც, თუ მართალი არ ხარ, ვერ დაწერ ლექსს და თუ მართალი არ ხარ, ვერ გარეპავ.

- რას აპროტესტებ შენს მუსიკაში?
- ყველაფერს, რასაც ვხედავ და არ მომწონს.

- დღეს რა არ მოგწონს?
- ტელევიზორი.

- გადააგდე...
- მე არც ვუყურებ, მაგრამ სხვა ხომ უყურებს. სიამოვნებით გამოვრთავდი მთელ ქართულ არხებს ერთი თვის განმავლობაში.

- განსაკუთრებული აგრესია რომელიმე არხის ან გადაცემის მიმართ გაქვს?
- გამარჯვებული ხალხის ტელევიზიას რომ ეძახიან, ის ტელევიზია არ მომწონს. ამას წინათ "მალალეტკების ზონაში" ვიყავით, კონცერტი ჩავატარეთ. რაღაცები მკითხეს. ყველაფერი მოჭრეს, რაც ვილაპარაკე და ბოლოში რაც ვთქვი, ის გაუშვეს. გადაცემებზე რა გითხრა, ერთი და იგივეა ყველა, მულტფილმი რომ მულტფილმია, ისიც იტყუება. ქართულ ენაზე გადათარგმნიან სხვა პონტში. მაიკლის მაგივრად შოთას დაარქმევენ მაიმუნს, სახელებსაც მატყუებენ, ტო... თუ მაგარი ხარ, ადექი და ქართული მულტფილმი გააკეთე.

- ხომ გვაქვს ქართული მულტფილმებიც?
- რომელი, "ყვავთა ქორწილი" თუ "ჩხიკვთა ქორწილი"? ეგ არის ადამ-კუკუს დროინდელი, ახალი გააკეთე რამე. ადამ-კუკუზე გამახსენდა. გუშინ "რუსთავი 2"-ზე გადავრთე და ვიღაც ტიპები ახალ წელს მილოცავდნენ, ძველ "ფარულ კამერებს" მანახვებენ, ტო, ახალი გადაცემები აღარ აქვთ, მთელი ზაფხული რას მიკეთებდნენ? გონიოში რომ წამომეთხლიშნენ და 8-ლარიან ლუდებს რომ სვამდნენ, ემუშავათ!

- შეხვდი?
- რა სანახავები ეგენი არიან, დავინახე. შემოუღობავთ გონიოს "პლაჟი" და ძაან ფეშენი ტიპებივით იწვნენ. მერე მოვარდა ზღვა, დაუნგრია სანაპირო და ლეღვის ხეზე იღებდნენ "ზაგარს".

- შენ იქ რა გინდოდა?
- "ძვალთან" ვიყავი. ჩვენ, რეპერები სულ ერთად ვართ.

- რას ნანობ ცხოვრებაში?
- მაგალითად, ვისურვებდი, 19 წლისას ეს ტვინი მქონოდა. იმ ასაკში ციხეში რომ არ მოვხვედრილიყავი, ახლა ცოლი და მინიმუმ სამი შვილი უნდა მყავდეს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)








ნანახია: 1539 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რატომ გაურბოდა ნანკა კალატოზიშვილი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar