მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 12 » რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის თინა კანდელაკი ლიდერობს
3:39 PM
რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის თინა კანდელაკი ლიდერობს



ამბობენ, ინტელექტი და შოუბიზნესი შეუთავსებელი ცნებებიაო, თუმცა რუსეთში გადაწყვიტეს, ამ აზრს შეეწინააღმდეგონ და ცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე ჭკვიანები და განათლებულებიც გამოავლინეს.

რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქალებს შორის პირველი ქართველი აღმოჩნდა - რუსეთში მოღვაწე ტელეწამყვანი თინა კანდელაკი, რომლის IQ 182 ქულაა. რეიტინგის შემდგენლებმა მისი შემოქმედებითი ბიოგრაფია და განათლება კიდევ ერთხელ გაიხსენეს - საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ თინამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა მალე მიხვდა, რომ მედიცინა არ იყო მისი მოწოდება. მერე კასტინგზე მოხვდა და საქართველოს ტელევიზიის "მე-2 არხის" წამყვანად მოგვევლინა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტიც დაამთავრა, მაგრამ არც ეს იკმარა.

2008 წელს მეორე უმაღლესი განათლების დიპლომი მიიღო - რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა, 2010 წლის აპრილში კი უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოში აირჩიეს. ასე რომ, თინას მართლაც ეთქმის სიტყვა ამ საკითხში, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი გადაცემა, რომელიც მას რუსეთში მიჰყავს, "ყველაზე ჭკვიანია" და კიდევ, ის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მოლაპარაკე ჟურნალისტად მიიჩნევა - ესეც კიდევ ერთი პარადოქსი - რუს წამყვანებს შორის. ცოტა ხნის წინ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ დაამტკიცა - ახალი ავტოს Audi R8-ის სარეკლამო რგოლში მიიღო მო­ნაწილეობა - 250 კმ/სთ სიჩქარეზე ბროდსკის ლექსს კითხულობდა. ეს ვიდეო დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინტერნეტში.

თინასთან კიდევ ერთი სიახლეა - 11-წლიანი ქორწინების შემდეგ უკვე ოფიციალურად გაეყარა თავის ქმარს, ანდრეი კონდრახინს, თანაც, სკანდალებისა და საჯაროობის გარეშე. ჟურნალისტებს იდეალური განქორწინების საიდუმლოც გაუმხილა: "ყველაზე მთავარია, რომ ბავშვები თქვენი პრობლემების მძევლებად არ აქციოთ, ისინი არაფერში არ არიან დამნაშავენი... და კიდევ, ცოლ-ქმარი მეგობრებად უნდა დარჩნენ", - ასე ფიქრობს თინა.

საერთოდ, ამ ბოლო დროს თინას აზრი ნებისმიერ საკითხზე აინტერესებთ, განსაკუთრებით მას მერე, რაც პოლიტიკაში ჩაება, რუსეთის საზოგადოებრივ პალატაში გაწევრიანდა, მედვედევს დაუმეგობრდა და მიხეილ სააკაშვილი არაერთხელ გაკიცხა. რუსეთში მას ყველაფერზე ესაუბრებიან ჟურნალისტები და ისიც ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე აკეთებს არა მხოლოდ კომენტარებს, ინიციატივებითაც კი გამოდის. მაგალითად, როგორ უნდა მიიზიდონ რუსეთში ტურისტები, როგორი უნდა იყოს პარკირების სისტემა, როგორ უნდა განვითარდნენ ინტელექტუალურად რუსი მოზარდები, როგორი უნდა იყოს რუსული სკოლები და ა.შ. ამას წინათ ერთმა ჟურნალისტმა ასეთი შეკითხვაც კი დაუსვა: "არის თუ არა მოსალოდნელი, რომ თინა კანდელაკი რუსეთის პრეზიდენტი გახდეს?"

თინას სულაც არ გაჰკვირვებია ეს შეკითხვა, თუმცა მაინც უარყოფითი პასუხი გასცა:
- რუსეთის პრეზიდენტობა არ მინდა. მიმაჩნია, რომ რუსეთის პრეზიდენტი მამაკაცი უნდა იყოს. არ არსებობს ისეთი ქალი პოლიტიკოსი, რომელიც შეძლებდა ჩვენი ხმელეთის ერთი მეექვსედი ნაწილის ხელმძღვანელობას. ამ კუთხით დღევანდელ რუსეთში მამაკაცები ქალებზე ეფექტურები არიან.

ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)








კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1374 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რუსული შოუბიზნესის ყველაზე ჭკვიან ქ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar