მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » აბოს წამება (იოანე საბანისძე) - მეხუთე თავი / დასასრული - ქება წმ. მოწამისა აბოსი
9:19 PM
აბოს წამება (იოანე საბანისძე) - მეხუთე თავი / დასასრული - ქება წმ. მოწამისა აბოსი



ქებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი

აწ მოვედით, ქრისტჱ-მორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ ჴსენებასა ახლისა ამის წმიდისა მოწამისასა, რომელი ყოველსა ამას სოფელსა ჩუენსა ქართლისასა მეოხად ჩუენდა ქრისტემან მოგუანიჭა, და სიხარულითა მრავლითა განვახუნეთ საუნჯენი გულთა და გონებათა ჩუენთანი და მხიარულითა პირითა და განმარტებულითა ენითა ვაქებდეთ კეთილად-მოღუაწებასა მისსა და ვიტყოდით:

გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ, უკუანაჲსკნელი ესე მუშაკი მაცხოვრისა ჩუენისაჲ მეათერთმეტისა ჟამისაჲ მდღევრთა მათ თანა აღმსთობილთა მიეწიფე და მათ თანა სასყიდელსა მათსა არა დააკლდი!

გიხაროდენ, მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ მიემსგავსე უკუანაჲსკნელსა მას მოციქულსა პავლეს მამულთა მათ შჯულთა და მოძღურებათა განგდებითა, და ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, აღსარებითა მსგავსადვე მისა თავი მოგეკუეთა.

აწ ვინ-მე ღირსად გაქებდეს შენ, ჭეშმარიტად საქებელსა? მნებავს ქებად შენდა, ყოვლად-ქებულო ქრისტჱს მოწამეო, არამედ ვერ ვიკადრებ, რამეთუ უფროჲს გონებისა ჩემისა აღმაღლდა ქებაჲ სათნოებათა შენთაჲ. და კუალად მეშინის მე დადუმებად, რამეთუ სანატრელითა მით ქრისტჱს-მიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე, ვიდრე იყავღა სოფელსა ამას შინა ჩუენსა. აწ ნუ უკუე დაყენებითა ენისა ჩემისაჲთა ქებასა შენსა დაეყენოს ჩემთჳსცა მოღუაწებაჲ მეოხებისა შენისაჲ ქრისტჱს მიმართ! აწ შენ-მიერვე მოღებითა მადლისა მის ქრისტჱსისაჲთა, მსგავსად ძალისა ჩემისა, გაქებდე შენ, შუენიერებითა შემკულო უფლისა მიერ!

გიხაროდენ, გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ! რამეთუ შენ თუალით მხილველთა მათ და ჴელით მსახურთა წმიდათა მოციქულთა ქრისტჱსთა უხილავად სარწმუნოებითა და სიმჴნითა აღსარებითა ნეტარებაჲ მოიგე!

რამეთუ შენ მამამან ზეცათამან მხოლოდ-შობილისა ძისა თჳსისა მიერ გჳრგჳნოსან გყო და სულისა წმიდისა მადლითა აღგავსო!

შენ ძემან მამისა მიერ შეგიწყნარა და სულმან წმიდამან გადიდა!

შენ სულმან წმიდამან შეგიყუარა და მამისა და ძისა თანა ერთობითა თჳსითა პატივ-გცა და ღუაწლისა მძლედ გამოგაჩინა!

შენ ზედა განუკჳრდა ანგელოზთა წესსა, რამეთუ ვითარცა უჴორცომან დაითმინე სიკუდილი ქრისტჱსთვს!

შენ ზედა მამათ-მთავარნი იხარებენ, რამეთუ ნეტარმან აბრაჰამ თჳსთა ნაშობთაგანი შეგიწყნარა წიაღთა თჳსთა ქრისტჱსთჳს, რომელ-იგი კარავსა თჳსსა შეიწყნარა და მისგან მრავალთა ნათესავთა გამოჩნდა მამად.

შენ ქრისტჱს მოწამეთა მათ ნაყოფ ექმენ და მოციქულთა მოწაფე!

შენ მოწამეთა მათ შორის ზეცისა მეუფისა მას მატიანსა სახელით დაიწერე და მარტჳლთა თან გჳრგჳნოსან იქმენ!

შენ აღმსარებელთა მათ თანა განეწესე და მართალთა თანა დიდებული ხარ!

შენთჳს ფრიად დამიკჳრდების ჩუენ, წმიდაო მოწამეო, რამეთუ ჟამსა ამას ოდენ მეფობისა ისმაიტელთა დიდებისასა შენ ნეფსით სიმდაბლჱ ქრისტჱსთჳს აღირჩიე და მახჳლითა პყრობილი იგი შჯული განაგდე და ჭეშმარიტი იგი აღიარე და ჯუარ-ცუმულსა მას თავყანის-ეც უფლად და ღმრთად!

ვინაჲ ანუ ვისგან ისწავე ქრისტჱსთჳს ესოდენი ცნობაჲ? რომელმან საკჳრველებამან აღგიყვანა შენ დიდებასა მას სასუფევლისასა?

შენ ჭეშმარიტად მარჯუენითსა მას ავაზაკსა ემსგავსე, რამეთუ გაქუნდა შენცა ერთი შენ თანა პყრობილთაგანი, ნაშობი ქრისტეანეთაჲ, რომელი განდრეკილ იყო ქრისტჱსგან და მიდევნებულ სჯულსა უცხოსა, ხოლო კუალად ქრისტჱს აღსარებისათჳს შენ თანა განიკითხვოდა, არამედ საწყალობელსა მას კუალადცა უბრკუმა და დაეცა. რამეთუ შიშისაგან სიკუდილისა საწუთროჲ ესე შეიყუარა და საუკუნოჲ იგი წარწყმიდა, მტერმან ბოროტმან აღიტაცა და ცხოვარი იგი ქრისტჱსი ნამგლევ იქმნა. რამეთუ მწყემსსა მას კეთილსა განეშორა და არგანი იგი ქრისტჱს ძლიერებისაჲ განაგდო ჴელთაგან თჳსთა, ამისთჳსცა იძლია და განვარდა სამწყსოჲსაგან პირმეტყუელთა მათ ცხოვართაჲსა. ხოლო შენ, სანატრელო მოწამეო, კუერთხითა მით, ჯუარითა თჳსითა, დაგიცვა ქრისტემან მსგავსად ძლიერისა მის სარწმუნოებისა შენისა მისა მიმართ.

შენ ავაზაკსა მას ესწორე სარწმუნოებითა და სამოთხესა განეწესე!

შენ კარი იგი სამოთხისაჲ განაღე ჯუარითა ქრისტჱსითა და მცველთა მათ ქერობინთა ცეცხლის მსგავსთა ვერ განგიკითხეს, ვითარმედ ვინ ხარ!

და რაჲ-ღა-მე ვთქუა უფროჲს, რამეთუ "უფალმან ივნო ჩუენთჳს, უბრალომან ბრალეულთათჳს” დასთხია სისხლი თჳსი უბიწოჲ, ხოლო შენ გარდაიჴადე თანანადები, რამეთუ შენცა დასთხიე სისხლი თჳსი სიყუარულისა მისისათჳს. ამისთჳსცა ძლევისა გჳრგჳნითა შეგამკო შენ და სასუფეველსა მას მამისა მისისასა მკჳდრად გამოგაჩინა!

შენ გამო, წმიდაო, მოწამეო, სიყუარული იგი ქრისტჱსი ჩუენდამი და სარწმუნოებაჲ ჩუეუნი მისა მიმართ კუალად განახლდა, რამეთუ აღვერიენით ერსა, უცხოსა შჯულითა, განდგომილსა ქრისტჱსგან, ნათესავსა საწუთროჲსა ამის მოყუარესა, თესლსა ურწმუნოსა ძისა ღმრთისასა, სარწმუნოებისა ჩუენისა მაგინებელთა, რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვებითა მათითა, ვითარცა უსასონი ქრისტჱსგან და დამვიწყებელნი საუკუნოჲსა ცხორებისანი. ხოლო აწ შენ მიერ მოგუეახლა ქრისტე და ჩუენ გულისხმა ვყავთ კუალად შიში მისი და სიყუარული მისი, და მადლსა მისსა ღირს ვიქმნენით და სიყუარულსა მისსა და წყალობასა დღითი-დღედ მრავალთა სასწაულთა და კურნებათა ჩუენ შორის გამოჩინებითა!

შენ უგუნურთა მათ შემწირველთა შენთა მახჳლითა და ცეცხლითა უმეტჱს ალისა განგაბრწყინვეს; ვერ გულისხმა-ყვეს უგულისხმოთა მათ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ "იყოს ყოველმან, რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა”. ჵ უგუნურებაჲ და უმეტჱს უგუნურებაჲ იგი მათი, რამეთუ რომელ იგი პირველ არავინ გიცოდა, ვითარმედ ვინ ხარ, ანუ რომლისა ნათესავისაგან, ანუ რომლისა ერისაგან, ანუ რომლითა შჯულითა სცხომდებოდე, აწ ესერა უნებლებით წარმოგაჩინეს საცნაურად ქრისტჱს აღმსარებელად, და მარტჳლად ყოველთა შეგისწავლეს.

შენ ყოველთა დაბადებულთა პატივ-გცეს, რამეთუ ცაჲ მოწამე არს სიმართლესა შენსა უცხოჲსა ცეცხლისა გარდამოვლინებითა ადგილსა მას ზედა, რომელსა, ვითარცა კრავი უმანკოჲ, შეიწირე, შემწუარი ცეცხლითა.

შენ ქუეყანამან მსხუერპლად წმიდად და სათნოდ მიგიპყრა ღმერთსა, მას ზედა დაწუვითა პატიოსნისა გუამისა შენისაჲთა, რამეთუ გექმნა შენ, ვითარცა საკურთხეველ იგი აბელისი, ენუქისი, აბრაჰამისი და ელიაჲსი, რომელნი-იგი მრგულიად დასაწუველთა მათ ტარიგთა შესწირვიდეს ღმრთისა, და კუალად ადგილი იგი სამსხუერპლოჲსა შენისაჲ ემსგავსა ბერვასა მას აჰრონისსა და ზაქარიაჲსსა, მღდელთასა, რამეთუ ნაკუერცხალსა მას ზედა ცეცხლისასა აღვიდოდა, ვითარცა სულნელებაჲ საკუმეველთაჲ, სულნელებაჲ ჴორცთა მაგათ შენთაჲ წინაშე უფლისა, წმიდასა მას წმიდათასა, ზეცისა საკურთხეველსა!

შენ მდინარეთა მაგათ შეგიწყნარეს, ვითარცა ქრისტჱს მარტჳლი, ხოლო ქრისტემან ღმერთმან სიღრმეთა მათ სიბნელჱ ზეცისა ნათლითა განაბრწყინავა.

შენ ნათესავთა შენთა უცხო და განგდებულ გყვეს, ხოლო ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან, გამოგარჩია და მიგიპყრა თჳსსა მას ეკლესიასა!

შენ, ველური ეგე ზეთის ხილი, მოგიღო ქრისტემან და მტილსა მას შინა თჳსსა სამკჳდრებელსა ნაყოფად კურთხევისად დაგნერგა, და ნაყოფითა მით სარწმუნოებისა შენისაჲთა ახარა ეკლესიასა, რომელსა შინა იშუებენ ქრისტჱს-მორწმუნენი და ჰნატრიან შენსა მას დიდებულებასა, შენსა მას მოღუაწებასა, შენსა მას სიმჴნესა, შენსა მას მარტჳლობასა, შენსა მას გჳრგჳნოსნებასა!

ვითარ-მე გაქებდე შენ, ღუაწლის მძლეო წმიდაო მოწამეო? რამეთუ შენ, ახალი ეგე ქრისტჱს მორწმუნჱ, მოძღუარ ჩუენდა იქმენ, სწავლულნი უფროჲს გულისხმიერ ჰყვენ, შერყეულნი უფროჲს განამტკიცენ, განმტკიცებულნი განამხიარულენ, წარმართნი წადიერ ჰყვენ ქრისტჱს მონებად, საჴსენებლი მარტჳლობისა შენისაჲ ჩუენ დაგჳტევე, სახელისა შენისა მოთხრობად ყოველთა ქადაგ ვიქმნენით!

აწ ვევედრებით ყოველნი შენსა ქრისტჱს-მოყუარებასა, მეოხმცა ხარ წინაშე მაცხოვრისა ყოველთაჲსა ჩუენ ყოველთათჳს, რომელნი შენ მიერ ითხოვენ წყალობასა ქრისტჱს ღმრთისაგან, რომლისა არს დიდებაჲ და პატივი და ძლიერებაჲ თანა მამით და ყოვლად-წმიდით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ!



















































კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 5296 | დაამატა: allfile | ტეგები: abos tsameba, abo tfileli, abos cameba, abo, აბოს წამება, ioane sabanisdze, იოანე საბანისძე | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar