მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » აბოს წამება (იოანე საბანისძე) - მესამე თავი
9:14 PM
აბოს წამება (იოანე საბანისძე) - მესამე თავი



ქართლად შემოსლვაჲ და ნათლის-ღებაჲ წმიდისა

მოწამისა ჰაბოჲსი

რამეთუ იყო ჟამი, ოდეს ერის-მთავარი იგი ქართლისაჲ სახელით ნერსე, ძჱ ადარნესე კურაპალატისა და ერის-მთავარისაჲ, მიწოდებულ იქმნა ქუეყანად ბაბილოვნისა მფლობელისა მისგან მის ჟამისა სარკინოზთაჲსა ამირა მუმნისა აბდილაჲსგან, რომელი იყო ქალაქსა მას დიდსა ბაღდადს, რომელიცა იგი მან აღაშჱნა.

ხოლო შესმენითა ბოროტთა კაცთაჲთა საპყრობილესა შეაგდო მან ნერსე, ერისთავი ქუეყანისა ამის ქართლისაჲ, და პყრობილ იყო იგი მუნ ჟამადმდე სამისა წლისა, ვიდრემდის ბრძანებითა ღმრთისაჲთა მოკუდა აბდილ[ა] ამირა მუმნი და დაჯდა მის წილ ძჱ მისი მაჰდი. ხოლო ქველის-მოქმედმან ღმერთმან არწმუნა გულსა მაჰდი ამირა მუმნისასა განტევებაჲ ნერსჱსი და გამოიყვანა იგი მწარისა მისგან საპყრობილისა და განუტევა იგი კუალად ერის-მთავრობით აქა, ქუეყანადვე თჳსა.

მნებავს აწ, ქრისტჱს-მოყუარენო, ამიერითგან წმიდისა და სანატრელისა მოწამისა ამის ჰაბოჲსთჳს, რაჲთა გაუწყო, ვითარ ანუ რაბამ იყო, ანუ ვინაჲ მოიწია აქა.

ესე ნაშობი იყო აბრამეანი, ძეთაგან ისმაელისთა, ტომისაგან სარკინოზთაჲსა, და არა თუ უცხოჲსაგან თესლისა, არცა ხარჭისაგან შობილი, არამედ ყოვლადვე არაბიელთა თესლი, მამულად და დედულად, რომლისაჲ მამაჲ მისი და დედაჲ მისი და ძმანი და დანი მისნი იყვნეს მუნვე ქალაქსა მას შინა ბაღდადს ბაბილოვნისასა. და ესე იყო ყრმა, ჭაბუკ, ვითარ ათრვამეტის წლის, გინა უკნინჱს - აჩჳდმეტის წლის. ამან ინება წარმოსლვაჲ თჳსი აქა ერის-მთავრისა მის ნერსჱს თანა და შეეყო იგი მსახურად მისა. და იყო იგი ჴელოვან, კეთილად-შემზავებელ სულნელთა მათ საცხებელთა, და სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთაჲთა, ძეთა ისმაელისთა, ძეთა აბრაჰამისთა, ნაშობთა აგარისთა.

ხოლო ამიერ ჩუენდა სოფლად გამოსლვაჲ იგი არა თუ თჳთ თავით თჳსით განიზრახა, არამედ ვითარცა იგი უფალმან ჰრქუა ნეტარსა მას აბრაჰამს მასვე ქუეყანასა შინა ქალდეველთასა, ვითარმედ "გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანასა მას, რომელი მე გიჩუენო შენ”; ეგრჱთვე ესე კუალად ნაშობი აბრაჰამისი არა თუ თჳსით გონებით, არამედ წამის-ყოფითა ღმრთისა მიერითა იწჳა ესეცა და დაუტევა მამა და დედა და ძმანი და ნათესავნი და მონაგებნი და აგარაკები, და, ვითარცა იგი უფალი იტყჳს წმიდასა სახარებასა შინა, წარმოვიდა აქა ნერსჱს თანა მგზავრ ქრისტჱს სიყუარულისათჳს.

და რაჟამს მოვიდა იგი ქართლდ, ცხომდებოდა იგი ნერსე ერისთვისა თანა და თჳსითა სათნოებითა იქმნა იგი საყუარელ ყოვლისა ერისა და შესძინა სწავლად ქართულისა მწიგნობრებისა და ზრახვისა ჴსნილად. მაშინ იწყო ზედა-მიწევნად და სწავლად წმიდათა საღმრთოთა წიგნთა ძუელისა და ახლისა შჯულისათა, რომეთუ უფალი მეცნიერ-ჰყოფდა მას. და მოვიდის იგი წმიდად ეკლესიად და მარადის ისმენნ წმიდათა სახარებათაგან და საკითხავთა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა და მრავალთაგან შჯულის-მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ. ხოლო რომელთამე რეცა-თუ ცილობით წინააღუდგებიან, არამედ მიზეზ სწავლისა ექმნებინ მას, და ესრეჱთ სრულ იქმნა იგი ყოვლითა მოძღურებითა, რომელი აქუს წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა ქრისტჱს მერ.

მაშინ უდებ-ყო შჯული იგი მაჰმედისი და წესი იგი მამულისა მის ლოცვისაჲ დაუტევა და შეიყუარა ქრისტე ყოვლითა გულითა და გამოირჩია იგი სიტყჳვთა ამით, ვითარმედ "მითხრეს მე უშჯულოთა ზრახვაჲ, ხოლო არა ეგრე იყო, ვითარ შჯული შენი”. არამედ ვერ განიცხადებდა თავსა თჳსსა სრულიად ქრისტეანედ, ხოლო ფარულად იმარხავნ და ილოცავნ ქრისტჱს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა, სადამცა მოიღო ნათელი ქრისტჱსი, რამეთუ ეშინოდა სოფლისა მპყრობელთა ამათ ზედამდგომელთა ჩუენთა სარკინოზთაგან.

და იყო დღეთა მათ შინა კუალად განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ ნერსე ერისთავსა ზედა, და ივლტოდა იგი, რამეთუ სასტიკად ჰბრძოდეს მას სარკინოზთა ერი; და უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, და განვლო მან კარი იგი ოვსეთისაჲ, რომელსა დარი-ალან ერქუმის. და რაჟამს განვიდა, იყო მის თანა ერისაგან მისისა ვითარ სამას ოდენ მამაკაც და მათ თანავე იყო სანატრელიცა ესე მონაჲ ქრისტჱსი ჰაბოჲ.

ხოლო ნერსე, ვლტოლვილი ქუეყანით თჳსით, შევიდა ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, სადა-იგი არს სადგური და საბანაკჱ ძეთა მაგოგისთაჲ, რომელ არიან ხაზარნი, კაც ველურ, საშინელ პირითა, მჴეცის ბუნება, სისხლის მჭამელ, რომელთა შჯული არა აქუს, გარნა ღმერთი ხოლო შემოქმედი იციან. და რაჟამს მივიდა ნერსე ერისთავი მეფისა მის ხაზართაჲსა, შეიწყნარა იგი უცხოებისათჳს და ვლტოლვილებისათჳს მტერთა მისთაჲსა და სცა მას და ყოველსა ერსა მისსა საზრდელი და სამოსელი.

მაშინ, ვითარცა იხილა ნტარმან ჰაბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან და მძლავრებისა და სარკინოზთაჲსა, ისწრაფა მან მიახლებად ქრისტჱსა და ნათელ იღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ჴელითა პატიოსანთა მღდელთაჲთა; რამეთუ მადლითა სულისა წმიდისაჲთა მრავალ არს ქალაქები და სოფლები ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, რომელნი სარწმუნოებითა ქრისტჱსითა ცხომდებიან უზრუნველად. მიერითგან უფროჲსღა სავსჱ მადლითა ქრისტჱსითა ნეტარი ჰაბო შეეყო მარხვასა და ლოცვასა დაუბრკოლებელად.

მაშინ, შემდგომად რავდენისამე ჟამისა, ევედრა ნერსე მეფესა მას ჩრდილოჲსასა, რაჲთა განუტეოს იგი მიერ ქუეყანად აფხაზეთისა, რამეთუ პირველადვე წარეგზავნნეს მას დედაჲ და ცოლი და შვილნი და მონაგები და ყოველნი სახლისა მისისანი, რამეთუ კრძალულ იყო ქუეყანაჲ იგი შიშისაგან სარკინოზთაჲსა. ხოლო ღმერთმან მოამშჳდა პირი მეფისა მის ჩრდილოჲსაჲ და განუტევა ნერსე მრავლითა ნიჭითა. და წარემართნეს იგინი სიხარულითა და მადლობითა ღმრთისაჲთა და განვლეს ქუეყანაჲ იგი წარმართთაჲ, რომელთა ყოვლადვე არა იციან ღმერთი, და უშიშად ვიდოდეს დღჱ და ღამჱ სამისა თთჳსა გზასა.

ხოლო ნეტარი ჰაბო ეგოდენთა ამათ დღეთა მგზავრ ილოცვიდა და იმარხვიდა და არა დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა. და ვითარცა მიიწინეს იგინი ქუეყანად აფხაზეთისა, მთავარმან მის ქუეყანისამან შეიწყნარა ნერსე ყოვლით ერით მისითურთ. ვითარცა იხილა ნერსე დედოფალი, დედაჲ თჳსი, და ცოლი და ძენი თჳსნი, სიხარულითა ყოველნივე აკურთხევდეს ღმერთსა ცოცხლებით და მშჳდობით შეკრებისა მათისათჳს.

მაშინ, ვითარცა ეუწყა მთავარსა მას აფხაზეთისასა ნეტარისა ჰაბოჲსთჳს, რამეთუ ახალ ნათელ-ღებულ არს, განიხარა ფრიად ყოვლით ერით მისითურთ; და მოუწოდეს მას მთავარმან მან და ეპისკოპოსმან და მღდელთა და აკურთხევდეს და ნუგეშინის სცემდეს და უთხრობდეს მას სიტყუათა ცხოვრებისათა და ახარებდეს ქრისტჱსთჳს, და საუკუნოჲსა მის ცხოვრებისათჳს. ხოლო იგი თავით თჳსით მიუგებდა მათ მადლობით სიტყუათა მათ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათა, ვიდრემდის უკჳრდაცა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.

და ნეტარი ჰაბო უფროჲსღა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქუეყანაჲ იგი სავსჱ ქრისტჱს სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკჳდრად იპოვების საზღვართა მათთა. რამეთუ საზღვარ მათდა არს ზღუაჲ იგი პონტოჲსაჲ, სამკჳდრებელი ყოვლადვე ქრისტეანეთაჲ, მისაზღვრადმდე ქალდიაჲსა, ტრაპეზუნტიაჲ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეაჲსაჲ და ნაფსაჲს ნავთ-სადგური. და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტჱს-მსახურისა იონთა მეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კონსტანტინეპოვლისასა.

ხოლო წმიდამან და ნეტარმან ჰაბო, ვითარცა იხილა კაცთა მის ადგილისათა გარდამეტებული ღმრთის-მოყუარებაჲ და ლოცვაჲ ყოვლისა მის ერისაჲ დაუცადებელი, შური საღმრთოჲ აღიღო, რამეთუ მოიჴსენა მან სიტყუაჲ იგი წმიდისა მოციქულისაჲ, ვითარმედ "კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის”. იწყო მანცა დღეთა მათ ზამთრისათა, თთჳსა მის იანვარისასა, აჩჳდმეტსა მის თთჳსასა, ჴსენებესა წმიდისა მამისა ანტონისსა, აღიღო მანცა ფიცხელი იგი შრომაჲ და შორის ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა ზედა, ეწყვებოდა მტერსა მას ეშმაკსა; და დუმილითა და მარხვითა მოაუძლურებდა იგი ჴორცთა მათ სიჭაბუკისა თჳსისათა, "რაჲთა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განჴურვებულთა დაშრეტად”. მოიჴსენა მან მაცხოვრისა ჩუენისაჲ, ვითარ-იგი შემდგომად წმიდისა მის ნათლისღებისა უდაბნოდ განსრულმან, მზაკუვარსა მას განმცდელსა სძლო, ეშმაკსა, ლოცვითა მით და მარხვითა წმიდითა ორმეოც დღე.

ეგრეჱთვე ნეტარი ესე ჰაბო არცაღა ერთსა რას სიტყუასა იტყოდა კაცთა შორის, გარნა ღმერთსა ხოლო ჰზრახავნ წმიდასა შინა ლოცვასა თჳსსა. ეგრჱთ განვლო სამ თთუე და დაადგრა მარხვით და დუმილით. ხოლო წმიდათა მათ დღეთა დიდისა მის მარხვისათა, შჳდთა მათ შჳდეულთა კჳრიაკესა და დღესა შაბათსა ხოლო მი-რაჲ-იღის წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი, მაშინღა ნაკლულევანად მიიღის საზრდელი, ვიდრემდის მიიწია იგი წმიდასა მას დღესა, დიდსა დღესასწაულსა აღვსებასა, აღდგომასა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა; მაშინღა დააცადა ფიცხელი იგი მარხვაჲ და განჴსნა ენაჲცა თჳსი უტყუებისაგან და ადიდებდა ღმერთსა.

ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსჱსისა ქართლით, წარმოავლინა მაჰდი ამირა მუმნმან ბრძანებითა ღმრთისაჲთა სტეფანოზ, ძჱ გურგენ ერისთვისაჲ, დისწული ნერსჱსი, ნაცვალად დედის-ძმისა თჳსისა ნერსჱსა, ერის-მთავრად ქუეყანასა ამას ქართლისასა. მაშინ მხიარულ იქმნა ნერსე, რამეთუ უფლებაჲ იგი სახლისა მისისაგან არა განაშორა უფალმან. ესეცა წადიერ იქმნა უფროჲსღა გულს-მოდგინედ და წარმოავლინნა მოციქულნი და ითხოვა ჴელმწიფეთაგან ამირათა ამის ქუეყანისათა, რაჲთა უშიშ-ყონ იგი ბოროტისაგან და გამოვიდეს ჴსნილად ყოვლით ერით მისითურთ.

და ვითარცა წარმოემართნეს იგინი ქუეყანით აფხაზეთით, მაშინ ნეტარსა ჰაბოს მიუწოდა მთავარმან მან აფხაზეთისამან და ჰრქუა: "ნუ განხუალ შენ ამიერ ქუეყანით, რამეთუ ქუეყანაჲ იგი ქართლისაჲ სარკინოზთა უპყრიეს და შენ ხარ ბუნებით სარკინოზ, და არა გიტეონ შენ ქრისტეანობით მათ შორის; და მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად განგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნეფსით, გინა უნებლებით, და ესოდენი შრომაჲ შენი წარსწყმიდო”. ხოლო ნეტარმან ჰაბო ჰრქუა: "სადაღა შემიწყნარა მე ქრისტემან და განმაშორა ჩემგან ბნელი იგი პირველისა მის უმეცრებისა ჩემისაჲ და ღირს მყო მე ნათელსა მას მისსა, არასადა უვარ-ვყო მე სახელი მისი, დაღათუ ბევრეული ოქროჲსაჲ და ვერცხლისაჲ მომცენ მე, გინა თუ ტანჯვითა და გუემითა განმიკითხონ მე, ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა. და აწ შენ ნუ დამაყენებ მე, ღმრთისმსახურო, რამეთუ რაჲ მადლ არს ყოფაჲ ჩემი აქა, სადა არა არს შიში, არცა სიკუდილი ქრისტჱსთჳს? აწ გევედრები, განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტეანობაჲ ჩემი ქრისტჱს-მოძულეთა მათ, რამეთუ მესმა მე წმიდისა სახარებისაგან თქუმული იგი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ, ვითარმედ "არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე ჴჳმირსა, არამედ ზედა სასანთლესა გადგიან, რაჲთა ენთებოდის ყოველთა; ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა”. და აწ მე რაჲსათჳს დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი, რომლითა განმანათლა მე ქრისტემან? არასადა დავემალო მე შიშისაგან სიკუდილისა, რამეთუ ვისწავე მე წმიდისა მისგან მოციქულისა, ვითარმედ "არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ”; ამისთჳს არა მეშნის მე სიკუდილისაგან, რამეთუ მე სასუფეველსა ვეძიებ ქრისტჱსგან”. და ესრჱთ არწმუნა მთავარსა მას და განუტევა.

და გამოვიდა იგი ნერსჱს თანა ქუეყანად ქართლდ და შემოვიდა ქალაქსა ტფილისს, და იქცეოდა იგი განცხადებულად ქრისტეანედ. და ვითარცა იხილეს იგი ქრისტეანედ მუნ მყოფთა მათ სარკინოზთა, რომელთა იცოდეს იგი პირველად, რომელნიმე ჰყუედრიდეს, რომელნიმე აგინებდეს, რომელნიმე აშინებდეს, რომელნიმე სდევნიდეს, რომელნიმე მშჳდობისა სიტყჳთა შეაჯერებდეს.

ხოლო იგი განმტკიცებულ იყო ქრისტჱს მიმართ და არავისგან შეძრწუნდებოდა. არამედ სამისა წლისა ჟამთა იქცეოდა ქალაქსა მას შინა და გარემოჲს ყოველსა სოფლებსა განცხადებულად ქრისტეანედ, არამედ "ვერვინ მიყვნა ჴელნი მას ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი”. ხოლო კაცნი ქრისტჱს-მოყუარენი, რომელთა იცოდეს ღმრთისა მიმართ სათნოებაჲ მისი, იღუწიდეს მას საზრდელითა და სამოსლითა.

მესამჱ თავი





















კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 2346 | დაამატა: allfile | ტეგები: abos tsameba, abo tfileli, abos cameba, abo, აბოს წამება, ioane sabanisdze, იოანე საბანისძე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar