მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » აბოს წამება (იოანე საბანისძე) - მეორე თავი
9:10 PM
აბოს წამება (იოანე საბანისძე) - მეორე თავი



ღმრთის-მსახურებისათჳს შეკრებულთა მათ უწყებაჲ და

მარტჳლთ-მოყუარეთა მათ სწავლაჲ და ახლისა

ამის მოწამისა მოჴსენებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი

საყუარელნო მამისანო და მეგობარნო და მონანო ქრისტჱს, ძისა ღმრთისანო, და სამკჳდრებელნო სულისა წმიდისანო! გხედავ თქუენ, ვითარცა ღმრთივ-ცნობილთა და ღმრთისა მცნობელთა, ამისთჳსცა გარქუ თქუენ მონად და მეგობრად ქრისტჱსა. მონად ამის გამო, რამეთუ "პატიოსნითა სისხლითა მისითა სყიდულ ხართ” თქუენ, ხოლო მეგობრად ამისთჳს, რამეთუ მისნი შექმნულნი ვართ და დაბადებულნი და სიყუარულითა მისითა ნათელ გჳღებიეს.

აწ გლოცავ თქუენ ქრისტჱს მიმართ სურვიელითა გულითა: მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროჲსღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქუენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყუათა ამათ ჩემთა, - რამეთუ ქრისტჱსთჳს არიან და სანატრელთა მისთა მოწამეთათჳს, - შეიწყნარეთ კარავსა გუამისა თქუენისასა და სავანჱ განუმზადეთ. რამეთუ უფალსა ჰნებავს დამკჳდრებად ასოთა შინა თქუენთა, ვითარცა თქუა წმიდამან მოციქულმან პავლე, მოძღუარმან ეკლესიათამან, ვითარმედ "ტაძარნი ხართ ღმრთისანი და სული წმიდაჲ დამკჳდრებულ არს თქუენ შორის”; და უფალი იტყჳს წინაჲსწარმეტყუელისა მირ: "მე მოვიდე და დავიმკჳდრო თქუენ შორის”, და წმიდასა შინა სახარებასა იტყჳს, ვითარმედ "სასუფეველი ღმრთისაჲ გულთა შინა თქუენთა არს”.

ამისთჳს, საყუარელნო, ნუ გეწყინებინ სმენად სიტყუათა ამათ, რაჲთა არა ცუდად დავშურეთ: მე სიტყჳთა და თქუენ სმენითა, - რაჲთა ერთობით მოგუცეს ჩუენ უფალმან სასყიდელი შრომათა ჩუენთაჲ.

და არა თუ ხოლო ჩემდა მარტოჲსა საძიებელ არს სმენად საწადელი ესე მარტჳლობაჲ წმიდისა ამის მოწამისაჲ, არამედ ყოველთაჲ ჯერ-არს თქუენდაცა დაკჳრვებად ჩემ თან, რომელნი ესე შემოკრებულსა ამას ჟამსა მეშჳდესა დარსა ზედა ვდგათ, რომლისა ჟამისათჳსცა უფალი იტყჳს, ვითარმედ "მრავალნი სცთებოდიან და მრავალთა აცთუნებდენ”; და მოციქული პავლე მისწერს ტიმოთესა, ვითარმედ "მოვალს ჟამი, ოდეს სიცოცხლისა ამის მოძღურებასა არა თავს-იდებდენ, არამედ გულის-თქუმისაებრ თჳსისა თავით თჳსით შეიკრებდენ მოძღურებასა ქავილითა ყურთაჲთა და ჭეშმარიტებისაგან სასმენელნი გარე-მიიქცინენ და ზღაპრებსა მიექცენ”, რომელიცა ესე აწ ჟამსა ამას აღესრულების ჩუენ შორის.

რამეთუ რომელნი ესე ვართ ყურესა ამას ქუეყანისასა, სასტიკებისაგან და სივერაგისა, მანქანებითა მით საცთურებისაჲთა, ზედამდგომელთა ამათ ჩუენთა, მფლობელთა ამის ჟამისათა, ზაკულებითა მოძღურებისაჲთა, თჳთ თავით თჳსით შჯულის-დებისაჲთა, განდგომილთა ქრისტჱსგან, მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სიმართლისა და ჭეშმარიტებასა ქრისტჱს სახარებისასა შეეცოდნეს რომელნი ხუთასის წლისა ჟამთა და უწინარჱსღა შჯულ-დებულ ყოფილ [არიან] წმიდითა მადლითა ნათლის-ღებისაჲთა.

მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს: რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით. და სხუანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქუეშე დამონებულ[ნი] და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქუეშე მათსა გუემულნი და ქენჯნილნი, ძჳრ-ძჳრად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა, არამედ ქრისტჱს სიყუარულითა და შიშითა, ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა, ჭირთა მოთმინებითა. არა განეშორებიან მხოლოდ-შობილსა ძესა ღმრთისასა.

ესევითარსა ჟამსა შინა გამოჩნდა ახოვნად წმიდაჲ ესე მოწამჱ; არა თუ პირველითგანვე ჩუენგანი იყო, არამედ უმეცარი, სარწმუნოებისაგან ჩუენისა უცხოჲ, უცხოჲთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, შეემეცნა, რომლისათჳსცა დღეს კუალად ახალმან ამან დღესასწაულმან და კრებამან წმიდისა და ახლისა მოწამისამან გჳრგჳნოსან-ყო ეკლესიაჲ, და ყოველი კრებული ქრისტეანეთაჲ ერთბამად განანათლა, და ყოველინივე პირნი ღირს იქმნნეს ამას დღესა გარდამეტებულისა მადლისა შეწირვად ქრისტჱს მიმართ, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა.

რამეთუ მრჩობლ იქმნა დღესასწაული ესე ღმრთის-გამოცხადებისაჲ და მადლმან ღმრთისა მამისამან, გამოჩინებითა მით ჩუენდა საყუარელისა ძისა თჳსისაჲთა და გარდამოსლვითა სულისა წმიდისა მისისაჲთა, სარწმუნოებითა შეთხზული იგი გჳრგჳნი მარტჳლთა თჳსთაჲ დაადგა თავსა ზედა ეკლესიასა, რომლისაგანცა სიმრავლჱ იგი დღესასწაულთაჲ, ვითარცა გჳრგჳნი, გარემოადგეს და ღმრთისმოყუარეთა მათ ჩვეულებაჲ აქუს მარადის შემოკრებად მას შინა საღმრთოჲსთჳს დიდებისა.

რამეთუ ერთად შეკრებითა მით მათითა მრავალი ღმრთის-მსახურებაჲ აჩუენიან, არა თუ ცუდთა განცხრომათა და ჭამადთა ნაყროვნებისა უძღებებაჲ შორის მათსა იპოვის, არამედ ყლველთა წილ საჭმელთა გემოვანთა ძალი იგი საღმრთოთა სიტყუათა ტკბილადი გამოვალნ პირსა მათსა, რამეთუ სიტყუაჲ იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ ოხრინ შორის მათსა, ვითარმედ: "ტკბილ არიან სასასა ჩემსა სიტყუანი შენნი, უფალო, უფროჲს თაფლისა პირსა ჩემსა”. რამთუ შეკრებასა მას ჭამადთასა განძღებაჲცა აქუს, ხოლო ღმრთისა სიტყუათა მოჴსენებასა არა არს განძღებაჲ ღმრთის-მოყუარეთა სულთაჲ.

და კულად: "წმიდათა მათ მარტჳლთა ჴსენებითა ვინმემცა განძღა მარტჳლთ-მოყუარჱ?” და ერთგულებაჲცა აქსუ უფლისა მიმართ, რამეთუ ეტყჳს უფალი წმიდათა მისთა: "რომელმან თქუენ შეგიწყნარნეს, მე შემიწყნარა”; ამისთჳს უფროჲსღა გულს-მოდგინედ საღმრთოთა მათთჳს არნ შეკრებაჲ იგი მათ; მუნ შუვა წარმოიხუნიან სიტყუანი იგი ცხორებისანი, მუნ სამებისა წმიდისა იგი სარწმუნოებაჲ აღორძნდებინ, მუნ სწავლანი იგი სიტკბოებისანი, მუნ მოძღურებანი იგი მადლისანი, მამათ-მთავართა იგი შუენიერებაჲ, წინაჲსწარმეტყუელთა იგი დიდებანი, მოციქულთა ქადაგებანი, მოწამეთა მათ მოღუაწებაჲ, ქრისტჱსი იგი თავს-დებაჲ, ჩუენთჳს ვნებაჲ.

რამეთუ სიმტკიცე და სიხარულ ექმნის ჭაბუკთა მოთხრობითა მით სიმჴნჱ იგი ქრისტჱს-მოღუაწეთაჲ და სიქადულ და მხიარულება მოხუცებულთა ჴსენებაჲ იგი ღუაწლისა მის მარტჳლთაჲსაჲ. და საწადელ და სასურველ მღდელთა და ყრმათა მათ მოწაფეთა და შვილთა ეკლესიისათა კრებაჲ იგი დღესასწაულისა მის წმიდათაჲსაჲ.

და ემსგავსნიან შორის ეკლესიასა ჴმანი იგი მათნი ანგელოზთა მათ გალობის შემსხმელთა და სული წმიდაჲ იხარებნ შორის მათსა თავყუანის-ცემული, და მამაჲ იდიდებინ და კაც-მოყუარებაჲ იგი და ქველის-მოქმედებჲ ძისაჲ იქადაგებინ. რამეთუ ყოვლისა მპყრობელმან ღმერთმან და დიდად უხუმან უფალმან, რომელმან არა უგულებელს-ყო ურვაჲ კაცთაჲ და სიყუარულისათჳს კაცთაჲსა ქალწულისაგან წმიდისა ჴორცნი შეიმოსნა, წმიდითა მით ჴორცითა მისითა სამოთხით გამოვრდომილსა მას კაცსა დაცემულსა ზეცად აღუწოდა და მოუწდომელსა მას საიდუმლოსა ღირს-ყო, რომელ-იგი არა იყო, და დაადგრა, რომელ-იგი იყო, დიდებაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტჱსსა მას დამდაბლებასა ჩუენთჳს.

რამეთუ დამდაბლდა და მიჴსნნა ჩუენ, აღმაღლდა ზეცად, ვინაჲცა გარდამოჴდა, და მიწისაგანი ესე კაცებაჲ თანა-აღიყვანა და მარჯუენით მამისა მჯდომარე არს, რომელი იგი საკჳრველად განგებულებით შეიერთა ღმრთეებამან, რომელიცა-იგი ორითავე მით სახელითა, - ერთი ძჱ ღმერთად და კაცად, თჳნიერ განყოფისა, - იქადაგების, იგივე "სახელით ენმანუელ - ჩუენ თანა ღმერთი” და კაცი, "რაჲთა, სახელისა მიმართ მისისა ყოველი მუჴლი მოდრკეს, ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აღუაროს” სახელსა მისსა.

რამეთუ საშინელ და წმიდა არს და ყოვლად ძლიერ და საკჳრველ და უფალ და ყოვლისა-მპყრობელ არს სახელი მისი; ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ მიწდომად სიმდიდრესა მას სახელისა მისისასა, არამედ უძლურებისაებრ ჩემისა და გულს-მოდგინებისა თქუენისა ვიწყო თხრობად თქუენდა, საყუარელნო: კარ, გზა, ტარიგ, მწყემს, ლოდ, მარგალიტ, ყუავილ, ანგელოზ, კაც, ღმერთ, ნათელ, ქუეყანა, მარილ, მატლ, მარცუალ მდოგჳს, მზე სიმართლის, ძე მამის უკუდავის და ერთ ღმერთ გარდაუქცეველ და განუქარვებელ და უცვალებელ.

რამეთუ უქცეველ და განუქარვებელ არს შემდგომად ჴორცთა შესხმისა და შეერთებისა ღმრთეებისა იგი ბუნებაჲ, რომლისათჳვს, უკუეთუ შემძლებელ ვიქმნეთ, თითოეულის ამის სახელისათჳს, ჭეშმარიტად უწყებად თქუენდა. გარნა მადლითავე მისითა გაუწყო თქუენ, ქრისტჱს-მოყუარეთა.

კარ ეწოდა, რამეთუ თქუა: "მე ვარ კარი ცხოვართაჲ”, რამეთუ ჭეშმარიტად მორწმუნენი მისნი მის გამო, ვითარცა კარსა მას სასუფევლისასა შევალთ.

გზა ეწოდა, რამეთუ თქუა: "მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ”, რამეთუ ზეცად აღმავალთა გუექმნების ჩუენ გზა.

ტარიგ ეწოდა, "რამეთუ ჩუენთჳს დაიკლა” და მარადის ცხოველ არს და ჴორცთა და სისხლთა მისთა ჩუენდა განყოფითა ცხორებასა საუკუნესა მოგუანიჭებს.

მწყემს ეწოდა, რამეთუ თქუა: "მე ვარ მწყემსი კეთილი”, ჭეშმარიტად ცხოვარნი შეცთომილნი მოგუაქცინა და მტერი იგი ჩუენი ლომი არგნითა ჯუარისაჲთა მოკლა და მისგან დაჴსნილი იგი გუამი პირველ-შექმნულისაჲ მის ძალითა ღმრთეებისაჲთა კუალად განაცოცხლა და ნაკბენი იგი გესლიანისა მის მგელისაჲ წყლულებითა თჳსითა განკურნა და გესლი იგი მომაკუდინებელი წამლითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა განაქარვა და აღასრულა სიტყუაჲ იგი, წინაჲსწარმეტყუელისა მიერ თქუმული, ვითარმედ: "იწყლა იგი, ცოდვათა ჩუენთათჳს და წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით”.

ლოდ საკიდურ ეწოდა წინაჲსწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ ესე არს, რომელი-იგი შეურაცხ და განგდებულ იქმნა მღდელთ-მოძღუართა მათგან და მწიგნობართა ნათესავისა ჰურიათაჲსა იერუსალჱმს, არამედ ესე თავ ყოველთა ცის-კიდეთა იქმნა.

მარგალიტ ეწოდა, რამეთუ იგი, ვითარცა მარგალიტი, შორის ორთა მათ ფიცართა, სულისა და ჴორცთაჲსა, ღმრთეებით გამობრწყინდების, რომელსა ღმრთისმოყუარენი იგი ვაჭარნი სასუფეველისანი, ვითარცა ღმერთსა არა შიშუელსა და კაცსა არა ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა და კაცსა, სარწმუნოებით ეძიებენ და მოიყიდიან მხოლოსა მას მრავალ-სასყიდელსა ყოვლისა სოფლისა წარგებითა და სისხლთა თჳსთაცა დათხევითა.

მარილ ეწოდა, რამეთუ ცოდვითა განრყუნილთა ამათ ჴორცთა ჩუენთა მოგუეახლა და სიმყრალჱ იგი კერპთ-მსახურებისაჲ განგუაშორა და სულნი ჩუენნი სარწმუნოებითა ღმრთის-მსახურებისაჲთა სულნელად შეზავნა.

ყუავილ ეწოდა, რამეთუ ძირისაგან იესჱსისა ყუავილად აღმოსცენდა ეკლესიასა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან ჴორციელად, ხოლო სულნელებითა მით ღმრთეებისაჲთა სული იგი მადლისაჲ მოჰფინა ჩუენ ზედა.

ანგელოზ ეწოდა, რამეთუ ერქუმის მას წინაჲსწარმეტყუელისა მიერ "დიდისა ზრახვისა ანგელოზი, საკჳრველი”, რომელი მამისა მიერ ჩუენდა მჴსნელად მოვიდა.

კაც ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: "კაცი არს და ვინ იცნას იგი”; ჭეშმარიტად სრული კაცებაჲ შეიმოსა, თჳნიერ ცოდვისა, და ღმრთეებაჲ თჳსი ჩუენ გამოგჳცხადა.

ღმერთ ეწოდა, ვითარცა თქუა ნეტარმან იოვანე მახარებელმან, ვითარმედ "ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი და ყოველივე მის მიერ შეიქმნა, რაჲოდენი რაჲ იქმნა”.

ნათელ ეწოდა მის მიერვე, რამეთუ თქუა: "იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად”.

ქუეყანა ეწოდა, ვითარცა თქუა დავით: "ქუეყანამან გამოსცა ნაყოფი თჳისი, მაკურთხენინ ჩუენ ღმერთო, ღმერთო ჩუენო!” ჭეშმარიტად ქუეყანისა დამბადებელი იგი ქუეყანად მოვიდა და ქუეყანით მიწისაგან შექმნულთა მათგან მიწისა ბუნებისა იგი ჴორცნი, ვითარცა შუენიერი ჯეჯლი, აღმოსცენდა ქუეყანით და ნაყოფად გამოიხუნა წმიდანი თჳსნი მოციქულნი და მოწამენი და მართალნი და დაწყეული იგი ქუეყანაჲ ნაყოფითა კურთხევისაჲთა აღავსო.

მარცუალ მდოგჳს ეწოდა, რამეთუ დაიკნინებს თავსა თჳსსა და მოგუემსგავსების ჰასაკსა ჩუენსა, რაჲთა ურნატსა სულისა ჩუენისასა, დაენერგოს და ღრმად ძირნი დაიბნეს და რტოთა მათ ზედა ჯუარისა მისისათა შეგუკრიბნეს და აღამაღლდეს და ჩუენ აღგუამაღლნეს მის თანა.

მატლ ეწოდა, რამეთუ თქუა: "მატლ ვარ და არა კაცი”, გამობრწყინვებითა ღმრთეებისაჲთა, ვითარცა სამჭედური მატლსა შინა, ეგრჱთ ჴორცთა შინა თჳსთა დაფარა და ღმრთეებაჲ იგი თჳსი და უფსკრულთა ამის სოფლისათა შთააგდო და აღმოიქუა, ვითარცა კეთილმან მეთევზურმან, რომლისთჳსცა იტყჳს: "შეიპყრა ვეშაპი იგი სამჭედურითა და განუღო დანდალი ყბასა მისსა და ხარტუკი ცხჳრსა მისსა”, ესე იგი არს ეშმაკი, რომელი შეიპყრა, და შემუსრნა მანქანებანი მისნი, რომლისათჳს წამებს მეფსალმუნჱ დავით: "შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპისაჲ მის”.

მზე სიმართლის ეწოდა, რამეთუ თქუა წინაჲსწარმეტყუელმან: "და გამოგიბრწყინდეს თქუენ, მოშიშთა სახელისა მისისათა, მზჱ იგი სიმართლისაჲ, რომელსა აქუს კურნებაჲ ქუეშე ფრთეთა მისთა”; რამეთუ იგი არს, რომელი ჰფარავს და განატფობს და არარაჲ არს, რომელი დაეფაროს სიცხესა მისსა.

ხოლო ესე არათუ რაჲმე თვით თჳსით განგიმარტე თქუენ, საყუარელნო და ქრისტჱს-მოყუარენო და სწავლის-მოღუაწენო, არამედ წამებითა წიგნთაგან საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა ქადაგებისაებრ, - წმიდათა სახაერებათა წერილნი და ნეტართა მამათა მოძღუართა მიერ განსაზღვრებული სარწმუნოებაჲ. რამეთუ უეჭუელი სარწმუნოებაჲ საუნჯე დიდ არს მორწმუნეთათჳს, მამაო ზეცათაო, ღმერთო და უფალო ცხოვრების მომცემელო, შენ მიერ მიღებითა მადლისაჲთა, რამეთუ ქრისტეანეთა სარწმუნოებაჲ დიდ მოძღურება არს! ამით მადლითა თავყუანის-გცემენ შენ მართალნი, გაკურთხევნ შენ წმიდანი, აღგიარებენ შენ მარტჳლნი და შენთჳს დევნულებად ღირს იქმნებიან, რომელმან ივნე ჩუენთჳს ქრისტე ღმერთო, მოწამე არიან შენდა და შენ შეგევედრებიან, და ცთომასა მას ეშმაკისასა და მსახურთა მისთა მძლავრებასა შეურაცხ-ჰყოფენ!

რამეთუ არა ხოლო თუ ბრძენთა სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისა მიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკჳდრთა, ვითარცა წამებს უფალი და იტყჳს: "მოვიდოდიან აღმოსავალით და დასავალით და ინაჴ-იდგმიდენ წიაღთა აბრაჰამისთა, ისაკისათა და იაკობისთა”.

აჰა ესერა ქართლისაცა მკჳდრთა აქუს სარწმუნოებაჲ და წოდებულ არს დედად წმიდათა, რომელთამე თჳთ აქა მკჳდრთა და რომელთამე უცხოთა და სხჳთ მოსრულთა ჩუენ შორის ჟამად-ჟამად, მოწამედ გამოჩინებითა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამჱნ.

მეორჱ თავი














კატეგორია: პოეზია და ლიტერატურა | ნანახია: 2170 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar