მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » ნატო გელაშვილის "ედემის ბაღი" და მისი პრანჭია გოგოები
7:24 PM
ნატო გელაშვილის "ედემის ბაღი" და მისი პრანჭია გოგოები



კომპოზიტორსა და მომღერალ ნატო გელაშვილს შინ ნამდვილი "ედემის ბაღი" აქვს; მისი სახლი სავსეა ოთახის უამრავი მცენარით. ქალბატონი ნატოს დილა ყვავილების ალერსითა და მოვლით იწყება. იცის, მისი ოჯახის ულამაზეს ბინადართ რა უყვართ და რა - არა.

- მიმაჩნია, რომ ოთახის მცენარეები ადამიანებივით არიან: ესმით, მოქმედებენ, სტკივათ... ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი განწყობილება გადასდებიათ. ყვავილებს გულით ვუვლი. როდესაც მინდა, რომ მცენარე გავახარო, ის აუცილებლად ხარობს. დილით, ბავშვების სკოლაში გაცილების შემდეგ, ყვავილებზე ზრუნვას ვიწყებ, რაც საკმაოდ დიდ დროს მართმევს. ზაფხულში კი პრობლემა ჩნდება ხოლმე: თუ სახლში ვინმე არ დარჩა, მცენარეები გამიხმება. ამიტომ ყვავილების მოვლა ჩემს მეუღლეს აქვს "მისჯილი" და მცენარეებს ვახოს იმედად ვტობებ. თან, ვუწერ - თითოეულ მათგანს როგორ უნდა მოუაროს. თუ რომელიმე მცენარემ "მოიწყინა", დაუყოვნებლივ მირეკავს! მოკლედ, ყვავილების მოვლაში მთელი ოჯახით ვარ ჩაბმული. უამრავი მცენარე მაქვს. მთელი აივანი უკავიათ - დასაჯდომი ადგილიც კი არაა. ასევეა, ოთახებშიც. ყვავილებში ვცხოვრობ.

- ყოფილა შემთხვევა, რომ თქვენი ყვავილი გამხმარა?
- კი, ყოფილა. აგერ იმ ქოთანში ნაზი, "პრანჭია" ყვავილები მაქვს. არ ვიცი რა ჰქვიათ და ამიტომ "გოგოებს" ვეძახი. მათი გახარება რთული აღმოჩნდა - რამდენიმე "მომიკვდა". ბოლოს გადავწყვიტე, კიდევ ერთხელ მეცადა "გოგოების" გახარება და მაინც არაფერი გამომივიდა. ავდექი, ქოთანი აივანზე გავდგი და ვთქვი: ამ ყვავილს ჩემს ცხოვრებაში აღარ მივეკარები-მეთქი. ზაფხულის მერე, სახლში რომ დავბრუნდი, სასწაულის მომსწრე გავხდი: მცენარე გახარებული დამხვდა (იცინის).

მივხვდი, რომ სიცხე ძალიან უყვარს, წყალი კი მაშინ უნდა დაუსხა, როცა "მოიწყენს". მერე "გოგოები" "გაგიჟდნენ"... ახლა მათ ვამრავლებ კიდეც და სხვებსაც ვჩუქნი. ერთხელ დიდი, ჩინური ხე გამიხმა - ხელი მოვკიდე და ფოთლები მთლიანად ჩამოსცვივდა.M ვიფიქრე, ნეტავ, მისთვის ბევრი სასუქი ხომ არ მომივიდა-მეთქი: რადგან დიდი მცენარე იყო, მეგონა, ბევრი სასუქი სჭირდებოდა და დავწვი. ეს ამბავი მტკივნეულად განვიცადე.

- "გოგოების" გარდა, კიდევ რომელ მცენარეს გამოარჩევთ?
- ჩინურ ვარდს, რომელიც უზომოდ მიყვარს. მას დიდი, წითელი, ულამაზესი გაშლილი ყვავილი აქვს. მთელი ზაფხულის განმავლობაში ყვავის, ოღონდ ძალიან "ძუნწია": მისი ყვავილი ერთი დღე ცოცხლობს. მახსოვს, ზაფხულში სახლში რომ დავბრუნდი, ერთდროულად, სამივე გაშლილი დამხვდა. აივანზე საოცარი სილამაზე იყო! ახლახან 2 ძვირფასი მცენარე მაჩუქეს და ზედ დავკანკალებ. მეზობლები ჩასაფრებულები არიან, რომ ტოტი მოსტეხონ: თურმე თუ რომელიმე მცენარის გახარება გინდა, მისი ტოტი აუცილებლად უნდა მოიპარო. მეზობელი რომ მსტუმრობს, ვერ წარმოიდგენ, უკან როგორ დავყვები, ყვავილს რამე არ მოსტეხოს (იცინის).

- მცენარე თქვენ თუ მოგიპარავთ?
- არა, არა (იცინის)...

- როგორც თქვით, მცენარეები ცოცხალი ადამიანებივით არიან. მაგალითად, მორწყვისას თუ ეალერსებით?
- კი, რა თქმა უნდა! ვესაუბრები, ვეალერსები და ვეჭორავები. თუ რომელიმე ხმობის პირასაა, "ვემუქრები": დამღალე უკვე, გადაგაგდებ-მეთქი!A ამის გამო, ოჯახის წევრები დამცინიან (იღიმის).

- ე.ი. ოჯახის წევრები შინ უამრავ მცენარეს ეგუებიან, არა?
- მცენარეები ამ სახლში პრობლემას არავის უქმნის. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ 8 წლის განმავლობაში 1-ოთახიან "ხრუშჩოვკაში" ვცხოვრობდით. დილას რომ გავიღვიძებდი, თავთან ჩინური ვარდი მედგა. თან, მცენარეები დიდ ქოთნებში მქონდა ჩარგული - სახლში გასავლელი ადგილიც არ იყო! სულ ჩემი წივილ-კივილი ისმოდა: ნელა! ფრთხილად! ყვავილი, ყვავილი-მეთქი!.. - დე, სად გავიაროთო? - ბავშვები მეკითხებოდნენ (იცინის).

- ყვავილები რომ გავახაროთ, აუცილებელია, მათი მოვლის პრაქტიკა გვქონდეს?
- რა თქმა უნდა. ყველა მცენარეს უნდა გაუგო. მაგალითად, ერთი ყვავილი იმის გამო გამიფუჭდა, რომ ძალიან ბევრ წყალს ვუსხამდი. არ ვიცოდი, რომ წყალი არ უყვარდა...

- მეყვავილეებთან კონსულტაციას არ გადიხართ - მცენარეებს როგორ მოუაროთ?
- არა. ძირითადად, ვინც ყვავილს მაძლევს თუ მჩუქნის, მის მოვლასთან დაკავშირებულ რჩევებსაც მისგან ვიღებ. ეტყობა, კარგი "მოსწავლე" ვარ - რჩევებს ვითვალისწინებ.

- თქვენს ყვავილებში ყველაზე "ასაკოვანი" მცენარე რომელია?
- ყველაზე ხნიერი ჩინური ვარდია, რომელიც დღესაც ხარობს, თავისთვის "იპრანჭება" - "ჭკუაზე" არ არის! მყავს მისი "შვილი", რომელმაც უკვე იყვავილა... მოკლედ, ჩემს სახლში "ედემის ბაღია", მით უფრო - ზამთარში, როცა მცენარეები აივნიდან შინ შემომაქვს... როცა ვინმესთან სახლში შევდივარ და იქ ბევრი ყვავილი მხვდება, რატომღაც მგონია, რომ დიასახლისი მშვიდი და კაცთმოყვარეა. არ მესმის, როცა ამბობენ, - ქოთნის ყვავილებს ვერ ვიტანო! ალბათ, მოვლა ეზარებათ. მართალია, მცენარეების მოვლა შრომატევადი საქმეა, მაგრამ როცა შინ მცენარეები ყვავის, თითქოს შენს ცხოვრებაშიც რაღაც "ყვავილობს"... მინდა, ეს ყველამ შეიგრძნოს!..


ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)






კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1959 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ნატო გელაშვილის ედემის ბაღი და მისი | რეიტინგი: 3.3/3
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar