მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » ანა კოვაჩი: "ტანსაცმლის გიჟი არ ვარ"
7:12 PM ანა კოვაჩი: "ტანსაცმლის გიჟი არ ვარ" | |
19 წლის მოდელი ანა კოვაჩი ამჟამად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მუშაობს. ის სამოდელო სააგენტო "ენგელის" მოდელია. ახალგაზრდა მოდელმა კარიერა საქართველოში "ელიტ მოდელ ლუქის" კონკურსზე გამარჯვებით დაიწყო. ინტერვიუსთვის ქართველ მოდელს პარიზში დავუკავშირდით: - ჩემი ჩაცმის ყოველდღიური სტილი სიტუაციის შესაბამისად იცვლება. კასტინგზე ქუსლებიან ფეხსაცმელს ვიცვამ და ვიპრანჭები, როცა მეგობრებთან ერთად სასეირნოდ მივდივარ - კედებს ან უფრო კომფორტულს. - იზიარებ თვალსაზრისს, რომ თუ გიჭირავს კარგი ჩანთა და კარგი ფეხსაცმელი გაცვია, უკვე კარგად გამოიყურები? - მეც, როგორც, ალბათ, ყველა ქალი, ვაღიარებ, რომ ჩანთისა და ფეხსაცმლის შეხამება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფეხსაცმელს და ჩანთას აუცილებლად უნდა ეხამებოდეს სამოსიც. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც განწყობაა. თუ კარგ განწყობაზე ხარ, გარეგნობაზეც აისახება. - მართალია, საკმაოდ მაღალი ხარ, მაგრამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, ალბათ, მაინც გიწევს, და არა მარტო კასტინგზე... - რა თქმა უნდა. მაღალი ქუსლები ქალებს გვშვენის. უმეტესად, სწორედ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია, რადგან მაღალი ქუსლები სიარულის მანერას უფრო მოხდენილსა და დახვეწილს ხდის. - ჩანთას რის მიხედვით ირჩევ? - ყოველთვის იმას ვყიდულობ, რაც იმწუთას მომეწონება, მერე კი ვფიქრობ, რას შევუხამო. ჩემი ყველა ჩანთა დიდია, შიგ ბლოკნოტი, ფეხსაცმელი, რუკა და ათასი სხვა რამ უნდა ჩამეტიოს (იცინის). - რომელ სუნამოს იპკურებ? - მიყვარს სტელა მაკარტნის და პაკო რაბანის სუნამოები. უკვე დიდი ხანია, ამ სურნელის ერთგული ვარ. საერთოდ, არომატების მიმართ მგრძნობიარე ვარ, მძაფრი სუნამოები არ მიყვარს. - მოდის თანამედროვე ტენდენციებს ითვალისწინებ? - მოდის ტენდენციები კარგად ვიცი, რადგან ამ სფეროში ვმუშაობ, მაგრამ ვცდილობ, ყველას მსგავსად არ მეცვას. მთავარია, რაც მაცვია, მომწონდეს, მიხდებოდეს, მასში თავს კომფორტულად ვგრძნობდე... სამოსი ხომ ჩვენ უნდა მოვირგოთ და არა სამოსმა - ჩვენ. - ქართველ დიზაინერებზე რას იტყვი? - ბოლო ხანს საქართველოში მოდა ძალიან განვითარდა. მოდის კვირეულში ვმონაწილეობდი და გავოგნდი, რამდენი ტალანტი გვყავს და რა არაჩვეულებრივ კოლექციებს ქმნიან. - რომელი უცხოური ბრენდი მოგწონს ყველაზე მეტად და საერთოდ, დიდ ყურადღებას აქცევ სამოსის მარკას? - სამოსის მარკას ყურადღებას არ ვაქცევ. ჩემი საყვარელი უცხოელი დიზაინერი კი უნგაროა. ამ ბრენდისთვის მიმუშავია კიდეც, მისი კოლექციები ყველაზე მეტად ეხამება ჩემს გემოვნებას და შინაგან სამყაროს. - რომელია შენი საყვარელი ფერი? - წითელი. - როგორ ზედატანს ამჯობინებ - ხომ არ ერიდები ზედმეტად დეკოლტირებულს ან პირიქით? - დეკოლტე ძალიან მიყვარს. სამაგიეროდ - არ მომწონს გადატვირთული ზედატანი. რაც უფრო სადაა, მით უკეთესი. - რას ფიქრობ პლასტიკურ ქირურგიაზე? - პლასტიკური ქირურგიაც საჭიროა ხანდახან... თუმცა მე არასდროს გამჩენია რამის შეცვლის სურვილი, ჩემი გარეგნობა სრულიად მაკმაყოფილებს. - სხეულზე სვირინგი მოგწონს? - არ მომწონს და არც არავის ვურჩევ ტატუს გაკეთებას. ჯერ ერთი, მტკივნეულია, მეორე - სამუდამოდ დაგრჩება. შესაძლოა, ერთ დღეს აღარ მოგინდეს დახატული სხეული, მაგრამ უკვე ვეღარაფერს შეცვლი. - რომელი აქსესუარი გიყვარს ყველაზე მეტად? - ბიჟუტერიას არ ვხმარობ. ვერცხლი მიყვარს და ვერცხლის ისეთი აქსესუარები მაქვს, რომელთა გარეშე შინიდან არ გავდივარ: ორი ყელსაბამი, სამაჯური, საყურე, სამი ვერცხლის ბეჭედი მარჯვენა ხელზე და ორი ოქროსი - მარცხენაზე. ეს ყველაფერი მეგობრებისა და მშობლების ნაჩუქარია და თილისმებად მიმაჩნია. - სათვალე შენთვის აქსესუარია თუ აუცილებელი ნივთი? - აუცილებელი ნივთი. მხედველობის პრობლემები მაქვს და სათვალეს ვატარებ. რაც შეეხება მზის სათვალეს, შავი მინები არ მიყვარს; მომწონს მწვანე, ვარდისფერ და ყავისფერმინიანი სათვალეები, თანაც რაც შეიძლება დიდი. - სამოსში ბლო თანხა, რომელიც იმ მომენტში გქონია, თუ გადაგიხდია? - ასე არასოდეს მოვქცეულვარ, ტანსაცმლის გიჟი არ ვარ! - დაასახელე, შენი აზრით, ყველაზე ელეგანტური ქართველი ქალი და მამაკაცი. - ჩემი აზრით, ია კიწმარიშვილი ნამდვილი ლედია, მამაკაცებიდან კი ყველაზე ელეგანტური ავთანდილ ცქვიტინიძეა. ნათია მალიშავა ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” | |
კატეგორია: შოუბიზნესი |
ნანახია: 1142 |
დაამატა: Nikolozi
| ტეგები: |
სულ კომენტარები: 0 | |