მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » "იქნებ ილია და აკაკიც საბჭოთა გადმონაშთები არიან?"
7:11 PM
"იქნებ ილია და აკაკიც საბჭოთა გადმონაშთები არიან?"



გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს სახალხო არტისტ გოგი ქავთარაძესთან, რომელიც ახლახან თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარედ აირჩიეს.


- ბატონო გოგი, ფრიდრიხ შილერი ამბობდა: თეატრალური სცენა ადამიანებს ხშირად სასამართლოზე მკაცრად სჯისო. დღევანდელი ქართული თეატრი თუ ასრულებს ამ მისიას?
- პრობლემების გადაწყვეტა მხოლოდ მაშინ მოხერხდება, როცა კარგად გავისიგრძეგანებთ, რა პროცესები მიმდინარეობს თეატრალურ ცხოვრებაში. სამწუხაროდ, სურათი საკმაოდ რთულია. როგორც თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის ახალარჩეულ თავმჯდომარეს, მიმაჩნია, რომ თეატრებში ახალი სპექტაკლის ჩაბარებას თეატრმცოდნეები უნდა ესწრებოდნენ. ყველა პრემიერა პროფესიონალთა განსჯის საგანი უნდა გახდეს. მაგალითად, ედინბურგის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე კრიტიკოსები სპექტაკლებს შეფასებისას ვარსკვლავებს ანიჭებენ.

- კულტურის, განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილმა ხელოვანთა შემოქმედებითი კავშირები, მათ შორის თეატრალური, ასე შეაფასა: "საბჭოთა ეპოქის გადმონაშთი".

- ეს სასაცილოა! ზოგმა ისიც არ იცის, 2011 წელს 130 წელი რომ სრულდება ქართული თეატრალური საზოგადოების დაარსებიდან, რომლის პირველი თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე იყო, მისი მოადგილე კი - აკაკი წერეთელი. იქნებ ილია და აკაკიც საბჭოთა გადმონაშთები არიან? ბრწყინვალედ ახსნა გენიალურმა ნიკო ფიროსმანმა შემოქმედებითი ადამიანების თავშეყრის აუცილებლობა: ავაშენოთ სახლი, დავდგათ სამოვარი, ვსვათ ჩაი და ხელოვნებაზე ვილაპარაკოთო.

- რადგან თავმჯდომარედ აგირჩიეს, ტელესიუჟეტებში კრიტიკული ნოტები გაისმა: მსახიობმა ზურაბ ყიფშიძემ კითხვაზე: დედის (ელენე ყიფშიძის) გარდაცვალებისას კავშირი თუ დაგეხმარათო? უპასუხა: არაფერში დამხმარებიაო. გასწვდება კი თეატრალური კავშირი თავის ყველა წევრს?
- ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა აღდგეს მსახიობების ბენეფისი, რომელსაც თავისი კანონი აქვს და ბენეფიციანტი იღებს შემოსავალს. ფინანსური სირთულეების გადასალახავად აუცილებელია პრემიერის პირველ ორშაბათს ყველა თეატრში სპექტაკლი უსასყიდლოდ ვითამაშოთ და თანხა თეატრალურ კავშირს გადავურიცხოთ (ამ წინადადებას დარბაზი ტაშის გრიალით შეხვდა). თეატრალური კავშირი მარტო მსახიობებსა და რეჟისორებს კი არა, გრიმიორსაც ეკუთვნის და სცენის მუშასაც. ყველა მათგანის შელახულ უფლებას დავიცავთ.

- ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეკონომიკური კრიზისის გამო კულტურის სფეროს, მათ შორის თეატრებს, დაფინანსება შეუმცირდა. იგეგმება მსახიობების დათხოვნაც...

- უნდა ვეცადოთ, ნგრევაში არ მოვყვეთ. თეატრი მუშაობას ხომ ვერ შეწყვეტს?  მეტი გააქტიურება გვმართებს. არ მიკვირს ის, რაც დღეს თეატრალურ დასებში ხდება. რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი ანგარიშით გამოდის პარლამენტის სხდომაზე და კულტურაზე ერთ სიტყვასაც არ ამბობს? ბევრმა არ იცის, რომ საბჭოეთის დროს თეატრალურ კავშირს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საწარმოო კომბინატები ჰქონდა და შეეძლო, პენსიაზე გასული მსახიობისთვის ხელფასის რაოდენობის ანაზღაურება დაენიშნა. ერთ-ერთი ასეთი შენობა ჩვენს კავშირს დღესაც აქვს აეროპორტის გზაზე, სადაც დევნილები არიან. თუ მერია ამ შენობას შეიძენს, შესაძლებლობა ექნება, ფართობი დევნილებს დაუკანონოს.

- თქვენ არ მიეკუთვნებით ხელისუფლებასთან დაახლოებულ ხელოვანთა რიცხვს. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გაქვთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის იმედი?
- ამ შეკითხვას ველოდი. ჩვენს თეატრალურ ოჯახში არიან ოპოზიციონერებიც და ხელისუფლების მომხრეებიც. მე, გოგი ქავთარაძეს, პიროვნებას, და არა თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარეს, მაქვს ჩემი პოლიტიკური თვალსაზრისი, რომელიც საყოველთაოდ ცნობილია. თეატრალურ კავშირს არასოდეს გამოვიყენებ ჩემი თვალსაზრისის გასავრცელებელ ტრიბუნად, მე ამ შემოქმედებითი კავშირის ყველა წევრის, მიუხედავად მათი პოლიტიკური მრწამსისა, თავმჯდომარე ვარ, და მიმაჩნია, რომ ხელისუფლების პოზიციაც ასეთი უნდა იყოს.

ქართული კულტურის საკეთილდღეოდ, ორივე მხარე მზად უნდა იყოს სათანამშრომლოდ. ხელისუფლება ვალდებულიც არის, დაგვეხმაროს. არც ჩემი თავმოყვარეობა შეილახება, თუ თელავის ან გორის თეატრების პრობლემების გადასაჭრელად ადგილზე ჩავალ და იქაურ ხელმძღვანელობას დაველაპარაკები.

- თეატრალური დასების დაფინანსების პრობლემაზე საუბრისას ეკონომიკური რეფორმის ერთ-ერთმა ავტორმა კახა ბენდუქიძემ თქვა: ევროპაში მუდმივი დასები თითქმის არ არის და თეატრები ანტრეპრიზის პრინციპით მუშაობენო...

- ეს სიცრუეა. დასავლეთში ყველანაირი დასი არსებობს: მუნიციპალური, საუნჯე თეატრები, რომლებსაც დიდწილად სახელმწიფო აფინანსებს, ისევე, როგორც თვითდაფინანსებაზე მყოფი თეატრალური დასები. არა მგონია, ბენდუქიძე ეკონომიკაში ვერ ერკვეოდეს, თუმცა ასეთი გამონათქვამებით საზოგადოებას აღიზიანებს. დიდ ბრიტანეთში სამეფო თეატრის მსახიობებს ისეთი ხელფასი აქვთ, რომ ხელშეკრულების მიხედვით, 5 წლის განმავლობაში კინო და ტელეეკრანზე გამოჩენის უფლება არა აქვთ... ასევე აუცილებელია ტრადიციული ურთიერთობების აღდგენა რუსულ თეატრთან.

მხოლოდ ის რად ღირს, რომ დღეს პეტერბურგის დიდ დრამატულ თეატრს ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე ხელმძღვანელობს. ახლახან შედგა მოსკოვის თეატრში "ეტ სეტერაში" რობერტ სტურუას სპექტაკლის, "ქარიშხლის" პრემიერა. ვთანამშრომლობ როსტოვის გორკის სახელობის აკადემიურ თეატრთან, ასევე ტაგანროგის ჩეხოვის მემორიალურ თეატრთან, სადაც 9 სპექტაკლი დავდგი.

მისასალმებელია, რომ ოქტომბერში თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე ჩამოდის პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრი და თემურ ჩხეიძის "კოპენჰაგენს" წარმოადგენს ალისა ფრეინდლიხის მონაწილეობით. თუმცა, როგორ შეიძლება თეატრალური ფესტივალი თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის მონაწილეობის გარეშე ტარდებოდეს?!

- თქვენი აზრით, მიაღწია თუ არა მიზანს სახალხო წარმომადგენლობითი კრების მოსამზადებელმა შეკრებამ, რომელიც ფილარმონიაში გაიმართა?

- მნიშვნელოვანია, რომ ამ შეკრებას ყველა რეგიონის, რაიონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დარბაზი იყო ერთსულოვანი, გამოსვლები - კონკრეტული და საქმიანი. მინდია უგრეხელიძემ შესანიშნავად ჩამოაყალიბა პრეტენზია ხელისუფლებისადმი, პრეზიდენტისადმი. კარგი იქნებოდა, შეკრებას დასწრებოდნენ ის პოლიტიკოსები, რომლებიც ფილარმონიაში რატომღაც არ მოვიდნენ. დარბაზმა, სადაც შეკრების 4000-მდე მონაწილე იჯდა, ყველა მსურველი ვერ დაიტია.
თუმცა ყველას დიდი იმედი აქვს იმ სახალხო კრების, რომელიც 25 ნოემბერს ჩატარდება და მთავარი სათქმელიც იქ ითქმება.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)






კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1305 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: იქნებ ილია და აკაკიც საბჭოთა გადმონ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar