მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 11 » ჯაზური მუსიკით გატაცებული მოსკოველის ქართული ფესვები
7:09 PM
ჯაზური მუსიკით გატაცებული მოსკოველის ქართული ფესვები



ახალგაზრდა მომღერალი - დიანა ლაბაძე რუსეთში დაბადებულ-გაზრდილია. ამჟამადაც იქ ცხოვრობს, მაგრამ როგორც აღნიშნავს, მისი ფესვები საქართველოშია და ჩვენს ქვეყანას წელიწადში ორ-სამჯერ სტუმრობს. ამ ცოტა ხნის წინ დიანა სამშობლოში ჩამოვიდა და ბათუმში სოლოკონცერტიც გამართა.

- დიანა, არც ისე დიდი ხნის წინ ბათუმში შენი პირველი სოლოკონცერტი გაიმართა. გვიამბე - ეს საღამო როგორ დაიგეგმა?
- ჩემს საყვარელ ქალაქ ბათუმში სოლოკონცერტის გამართვის სურვილი ყოველთვის მქონდა. გადაწყვეტილების მიღებაში ჩემი პედაგოგი - ვახტანგ გორდაძე დამეხმარა, რისთვისაც მას მადლობას კიდევ ერთხელ ვუხდი. რაც შეეხება კონცერტის ორგანიზებას, ამაში მთავარი წვლილი ჩემი ოჯახის დიდ მეგობარს - ბატონ თამაზ ნიკოლაიშვილს მიუძღვის. კონცერტზე სხვადასხვა ჟანრის სიმღერები, მათ შორის - მაცაცო სებისკვერაძის რომანსიც შევასრულე;

ასევე, დუეტში ვიმღერე ბატონ მერაბ სეფაშვილთან (სიმღერა ქალბატონმა რუსა მორჩილაძემ დაგვიწერა) და ზურა ხაჩიძესთან (სიმღერის ავტორი - ზაზა ხუბუკელაშვილია). სხვათა შორის, ორივე დუეტის ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის; ასევე, ჯაზის სტილის სიმღერები საუკეთესო ბენდთან - პაატა ადრიაძე, ნოდარ ექვთიმიშვილი, ირაკლი მენთეშაშვილი, დავით მასტერანოვი, გია სალაღიშვილი - ერთად შევასრულე. და კიდევ, გვერდს მოსკოველი მეგობრებიც - Fusion Ballet - მიმშვენებდნენ.

- ბატონი მერაბ სეფაშვილი დებიუტანტ მომღერალთან დუეტის ჩაწერას იოლად დათანხმდა? იგივეს გკითხავ ზურა ხაჩიძეზეც - თქვენი თანამშრომლობა როგორ დაიწყო?
- არცთუ ისე ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ, ბატონ მერაბს დუეტის ჩაწერა შევთავაზე და თანხმობა მივიღე, რის გამოც ძალიან კმაყოფილი ვარ. ამავეს თქმა შემიძლია ზურა ხაჩიძეზეც...

- დიანა, რა მუსიკალური განათლება გაქვს?
- რუსეთში, კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში, საესტრადო-ჯაზურ განყოფილებაში ვსწავლობ. უკვე მეხუთე ანუ დამამთავრებელ კურსზე ვარ. სხვათა შორის, ხუთოსანი გახლავართ, ოღონდ ”რუსული” ქულებით (იცინის).

- მუსიკალური ნიჭი პირველად როდის გამოავლინე და საერთოდაც, რატომ დაინტერესდი ისეთი რთული მუსიკალური ჟანრით, როგორიც ჯაზია?
- შეიძლება ითქვას, რომ მუსიკალური ნიჭი გენში მაქვს - მამაჩემის ოჯახში ყველა მღეროდა. როგორც მიყვებიან, პატარაობიდანვე ვმღერი. 6 წლის ვიყავი, როცა დედამ მუსიკალურ სკოლაში შემიყვანა, 8-9 წლის ასაკში კი ვოკალურ სტუდია ”გლობუსში” დავიწყე სიარული. დისკიც გამოვიდა, რომელშიც ჩემი სიმღერა შევიდა და შემდეგ რადიოშიც აჟღერდა. მოგვიანებით მოზარდთა სტუდიაში გადავედი, რომელსაც ცნობილი კომპოზიტორი - ვიაჩესლავ ცვეტკოვი ხელმძღვანელობდა. მეცადინეობისას ვცდილობდი, ნებისმიერი ჟანრის სიმღერა შემესრულებინა, მაგრამ როგორც პედაგოგმა შენიშნა, ყველა მუსიკალური მიმართულებისგან ჯაზს გამოვარჩევდი.

- მუსიკალური კარიერის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობ?
- რა თქმა უნდა! გამიმართლა, რომ მშობლები მხარში მიდგანან.

- მოდი, შენი ოჯახის წევრები გაგვაცანი.
- მყავს დედ-მამა და ძმა, რომელიც იურისტია.M მამა ბიზნესმენია. რუსეთში ჩემი ხმის ჩამწერი სტუდია მაქვს, რომელსაც მე და დედა ვუდგავართ სათავეში. ძირითადად, ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩემს სიმღერებს ვწერ.





კატეგორია: შოუბიზნესი | ნანახია: 1221 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ჯაზური მუსიკით გატაცებული მოსკოველი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar