მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 8 » სტრიპტიზკლუბი სკოლის შენობაში
2:40 PM სტრიპტიზკლუბი სკოლის შენობაში | |
თბილისის
ცენტრში (კოსტავას ქ. 34ა) მდებარე პრესტიჟული კერძო სკოლა "NK"-ს
შენობაში სტრიპტიზკლუბი "დივა" განთავსდა. როგორც ამ სასწავლებლის
ვებგვერდზეა მითითებული, საერო მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი (National
Knowledge) ვერის პარკში მდებარეობს, იდეალურ გარემოში, როგორც ეკოლოგიური,
ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი თვალსაზრისით. ერთ "მშვენიერ დღეს" სკოლის დირექციამ აღმოაჩინა, რომ ამავე სკოლის შენობაში სტრიპტიზკლუბი (მას შესასვლელი მეორე მხრიდან აქვს) შესახლებულა და ღამით, როცა სკოლაში მუშაობა მთავრდება, სტრიპტიზკლუბი ამოქმედდება ხოლმე. პიროვნებამ, რომელმაც თავი სკოლის დირექციის წარმომადგენლად წარმოგვიდგინა და ვინაობის გამხელა არ ისურვა, გაღიზიანებულმა განგვიცხადა, ამ საკითხზე სკოლის ადმინისტრაცია კომენტარს არ გააკეთებს, განათლების სამინისტროს პრესცენტრი გაგცემთ ზუსტ პასუხსო. - როგორ მოხვდა სტრიპტიზკლუბი სკოლის შენობაში? - რა ვიცი, როგორ მოხვდა, მერიაში უნდა იკითხოთ, ვინ გასცა ლიცენზია მის გახსნაზე, გავიგე, რომ იქ იწყება მუშაობა, ღამის 11 საათზე, ჩვენ კი მუშაობას ვამთავრებთ დღის 5 საათზე. - სკოლის დახურვის საკითხი ხომ არ დგას? - სკოლა უნდა გაუქმდეს და სტრიპტიზკლუბი დარჩეს? ვერაფერს გეტყვით, რადგან ამის შესახებ არაფერი ვიცი. ვფიქრობ, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ქუჩაში დარჩეს 310 მოსწავლე. თამარ დვალი, მერიის პრესსამსახურის უფროსი: - მერია არ გასცემს ნებართვას ამა თუ იმ შენობაში რაიმე დაწესებულების გახსნის თაობაზე, იქნება ეს სტრიპტიზკლუბი, ბარი თუ ა.შ. თბილისის არქიტექტურის სამსახურთან არქიტექტურული თვალსაზრისით შეთანხმების შემდეგ იქ რა გაიხსნება, მერია არ ერევა. ქვემოთ ჩამოთვლილი კითხვებით "ყველა სიახლემ" განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ნინო პოსტრჟებსკაიას მიმართა: 1. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კერძო სკოლა "ენკას" შენობაში განთავსებულია სტრიპტიზკლუბი და საკითხს, არის თუ არა შესაძლებელი სკოლისა და ამ ტიპის კლუბის ერთ შენობაში არსებობა, განათლების სამინისტრო სწავლობს. რა ეტაპზეა აღნიშნული საკითხის მოკვლევა? 2. გამოარკვია თუ არა განათლების სამინისტრომ, თუ არის კავშირი სკოლის ხელმძღვანელობასა და სტრიპტიზკლუბის ხელმძღვანელობას შორის? 3. სკოლის დირექციამ თუ იცოდა სკოლის შენობაში ამ დაწესებულების არსებობის შესახებ? 4. როგორ შეიტყო განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მომხდარის შესახებ? 5. ვინ გასცა ნებართვა ამ შენობაში სტრიპტიზკლუბის განთავსებაზე? 6. არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა სკოლას ლიცენზია ჩამოერთვას და დაიხუროს, რა სანქციების დაწესებას აპირებს სკოლისთვის განათლების სამინისტრო? უცვლელად გთავაზობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხს: "მიუხედავად იმისა, რომ კერძო სკოლა "ენკა" და კლუბი ერთ შენობაშია განთავსებული, მათ ერთმანეთთან არანაირი შემხებლობა არა აქვთ. გარდა იმისა, რომ მათ შენობაში ცალ-ცალკე შესასვლელი აქვთ, სკოლა ფუნქციონირებს - დღის, ხოლო კლუბი საღამოს საათებში..." სოფო ჭიპაშვილი ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე” | |
კატეგორია: საინტერესო სტატიები |
ნანახია: 1476 |
დაამატა: allfile
| ტეგები: |
სულ კომენტარები: 0 | |