მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 8 » "გამსახურდიებმა და არჩვაძეებმა დიდი შავი ხაზი გადამისვეს"
2:26 PM
"გამსახურდიებმა და არჩვაძეებმა დიდი შავი ხაზი გადამისვეს"



საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ცოტნე გამსახურდიას ყოფილი მეუღლე სოფო ჩიკვილაძე მეორედ გავიდა "სიმართლის დეტექტორზე", ოღონდ ამჯერად გაზეთ "ყველა სიახლის" ფურცლებზე... 6 თვის წინ სოფოს მეორე შვილი, ცოტნე, შეეძინა. როგორ მიდის სოფოს ცხოვრება ინტერვიუდან შეიტყობთ:

- თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ამჟამად არაფერს ვაკეთებ, ყველაფრისგან ვისვენებ. ცოტნეს მოვლაში დედა მეხმარება. პატარა ძალიან საყვარელი, მშვიდი, ბუნჩულა ბავშვია - ადვილი გასაზრდელი.

- მახსოვს, ორსულად რომ იყავი, თქვი, ანდრეა უნდა დავარქვაო...
- დიახ, ძალიან მინდოდა ანდრეას ან ალექსანდრეს დარქმევა, მაგრამ ცოტნეს ერთ-ერთმა მეგობარმა მთხოვა, ცოტნე დამერქმია. მეც ჭკუაში დამიჯდა ეს სახელი და ჩემი ექსმეუღლის პატივსაცემად დავარქვი.

- ორი მშობიარობის მიუხედავად არაჩვეულებრივად გამოიყურები...

- დიდი მადლობა. მშობიარობიდან სამ თვეში ძველი ფორმა აღვიდგინე და ორჯერ ფოტოსესიაშიც მივიღე მონაწილეობა. მაქვს ახალი წინადადებები, მალე ჩამოვა სომეხი ფოტოგრაფი, რომელიც ჩემი გარეგნობით დაინტერესდა და სერიოზულ ფოტოსესიას მთავაზობს. შარშან, სექტემბერში, ძალიან საინტერესო მიწვევა მივიღე ამერიკიდან, ფლორიდის შტატის ერთ-ერთი პრესტიჟული სამოდელო სააგენტოდან, მაგრამ ორსულად ვიყავი და ვერ წავედი. წელს კი ვაპირებ, საქართველოს საზღვრებს გავცდე.

- ჟურნალისტობას აღარ აპირებ?

- არა.

- ბავშვის გაზრდა არ გიჭირს? ფინანსურ მხარეს ვგულისხმობ...
- ჩემს ოჯახში ყველა მუშაობს, ასე რომ, ეს პრობლემა არ მაქვს.

- შენი ოჯახის წევრებმა შენი ორსულობის ამბავი ტელეგადაცემა "სიმართლის დროდან" შეიტყვეს. როგორი რეაქცია ჰქონდათ ამაზე?

- მიზეზთა გამო ორსულობას ვმალავდი, არ მინდოდა ვინმეს ეთქვა, აბორტი გაიკეთეო, მაგრამ ჩემი ორსულობის ამბავი ყველას გაუხარდა, თუმცა შოკიც მოჰგვარათ - წარმოიდგინეთ, 8 თვის ორსული ვიყავი და ვერ ხვდებოდნენ.

- შენი უფროსი შვილი, თამარი როგორ შეხვდა ცოტნეს დაბადებას?
- ჭკუაზე არ არის. ცოტნეს შემხედვარე თავი დიდი გოგო ჰგონია და ქალობს. ცოტნეს გაზრდაში მეხმარება და განკარგულებებს მაძლევს: "ჩემს ძამიკოს შია, აჭამეთ, პამპერსი გამოუცვალეთ"...

- შენი ყოფილი მეუღლე, ცოტნე, შეიტყობდა შვილის შეძენის ამბავს...
- შეიტყო, თუმცა მისი რეაქცია არ ვიცი. ერთმანეთთან მიწერ-მოწერა არ გვაქვს. იცოდა, ორსულად რომ ვიყავი და ბავშვის დაბადებას ელოდებოდა. პრინციპში, გაუხარდებოდა, აბა ხომ არ ეწყინებოდა?! არც მის ადვოკატთან მაქვს ურთიერთობა... ცოტნეს ყოველმხრივ ჩამოვშორდი.

- ამბობ, რომ ჩამოშორდი, თუმცა ციხესთან მისი მხარდასაჭერი აქციები გამართე...
- იმხანად ცოტნემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და მას, როგორც ადამიანს, მხარში ამოვუდექი. მართლა ძალიან მეცოდებოდა. ამ აქციაზე ყველა ტელეკომპანია მოვიწვიე, მაგრამ, ალბათ, მანანა გამსახურდიასი შეეშინდათ და ერთ-ორი ტელევიზიის გარდა არავინ მოვიდა.

- გადაცემა "სიმართლის დროში" ცოტნეზე  საშინელებები თქვი...
- როდესაც ადამიანზე იმას ამბობ, რასაც ფიქრობ, ერთია, და როდესაც გეცოდება - მეორე. როდესაც ცოტნეს შიმშილობისგან ჯანმრთელობა შეერყა, ისე შემეცოდა, რომ მასთან ციხეში მივდიოდი და ბადრაგს მის ამბავს ვეკითხებოდი. შეიძლება, ცოტნეს ეუბნებოდნენ კიდეც, ცოლი ციხეში გაკითხავსო, მაგრამ იმისთვის არ მივდიოდი იქ, რომ პატიება ან შერიგება მეთხოვა. უბრალოდ, გული შემტკიოდა მასზე.

- ამბობენ, რომ გადაცემა "სიმართლის დროში" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით მიხვედი...
- (იცინის) დღემდე ბევრს ჰგონია, რომ ვანო მერაბიშვილმა 80 ათასი დოლარი გადამიხადა, მანქანა და სახლი მიყიდა. მანანასაც დღემდე ჰგონია, რომ ფულის გამო მივედი ამ გადაცემაში. ფულის კი არა, შურისძიების გამო მივედი.

Ambebi.Ge- ქალბატონმა მანანა გამსახურდიამაც ამ გადაცემის წყალობით შეიტყო, რომ ორსულად იყავი?
- მანანას კარგა ხნით ადრე ვესტუმრე და განვუცხადე, რომ ბავშვს ველოდებოდი. სიხარული ვერ დამალა და მითხრა, რა კარგია, პატარა შვილიშვილი მეყოლებაო, მერე მუცელზე დამაკვირდა და დაასკვნა, მეორეც გოგო გეყოლებაო... ახლა კი გაჰყვირის, ეს ბავშვი ცოტნეს შვილი არ არისო. ეს ადამიანი ყოველთვის იმას ამბობს, რაც ხელს აძლევს. მესმის მანანასი, ვერც ერთი დედა ვერ აიტანს ადამიანს, რომელიც მის შვილზე ცუდს ამბობს.

იქნებ იცის კიდეც, რა დანაშაული მიუძღვის მის შვილს საზოგადოების და თუნდაც ყოფილი ცოლის წინაშე, მაგრამ სიმართლე გულზე ხვდება და მწარდება. ყველაზე მეტად იცი, რამ გააბრაზა? როდესაც ვთქვი, მინდა, ცოტნე ციხეში იჯდეს-მეთქი. ეს ავხსენი კიდეც - ციხეში უფრო დაცული იქნება-მეთქი, მაგრამ მანანამ და მისმა ახლობლებმა ეს ცუდად გაიგეს. იმხანად რეალურად არსებობდა შანსი, რომ გათავისუფლებული ცოტნე მოეკლათ ან ცოლ-შვილით გაემწარებინათ. ჩვენ მართლაც გვაშანტაჟებდნენ. ერთხელ ბავშვის გატაცებაც სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ.

- ეს როგორ გავიგოთ?
- ცოტნეზე ორსულობის პერიოდში მომდიოდა ხმები, ვიღაცები რაღაცას გიპირებენო. ერთ საღამოს ბავშვთან ერთად კუს ტბაზე ვსეირნობდი. უცებ შუქი გაითიშა და ისეთი ჩოჩქოლი ატყდა, რომ კინაღამ გავგიჟდი. ახლაც არ მახსოვს, როგორ ჩავიხუტე ბავშვი და როგორ ჩამოვიყვანე ქვემოთ.

- ვის სურდა ბავშვის გატაცება?
- არ ვიცი. მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ამის მცდელობა იყო. ჩემს ტელეფონზე გამუდმებით რეკავდნენ დაფარული ნომრიდან და აკონტროლებდნენ - სად ვიმყოფებოდი. მთავარია, რომ თათოს გატაცება არ გამოუვიდათ და არც გამოუვათ.

- ცოტნესთან შერიგებაზე არ გიფიქრია?
- ცოტნე, როგორც მამაკაცი, აღარ მიყვარს. თავდაპირველად მართლა ძალიან მიყვარდა, მაგრამ ისეთი რაღაცები გააკეთა და იმდენჯერ შეეშალა ჩემთან, რომ...

- თბილისი პატარაა და იმასაც ამბობდნენ, რომ ცოტნე ფიზიკურადაც შეურაცხგყოფდა...
- არა, ჩემთვის ხელი არასოდეს დაურტყამს, თუმცა ჩემამდე ცოლი ჰყავდა და იმასთან თუ იქცეოდა ამგვარად, არ ვიცი.

- ქალბატონ მანანას შვილიშვილი არ უნახავს?
- არა. როგორც მითხრეს, ცოტნეს სასამართლოზე მანანასთვის პატარა ცოტნეს სურათები უჩვენებიათ და უთქვამს, რა კარგი ბავშვიაო, მაგრამ ეს რომ ახლა ვუთხრა, მიპასუხებს, რა სურათები, ეს ბავშვი ჩემი შვილიშვილი არ არისო. გამსახურდიებმა და არჩვაძეებმა დიდი შავი ხაზი გადამისვეს, მაგრამ არა უშავს, ამასაც ავიტან.

- მოდელობის გარდა სხვა სფეროშიც თუ აპირებ ძალების მოსინჯვას?

- როგორ გითხრათ... პოლიტიკაში მივდივარ, ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიაში. გადავწყვიტე, საზოგადოებაში ჩემი ნიშა შევიქმნა.

- ამას პოლიტიკაში წასვლით აპირებ?
- დიახ. შესაძლოა, ჩემი ეს ნაბიჯი ამბიციური და პრეტენზიული იყოს, მაგრამ მაინც შევეცდები.

- პირად ცხოვრებაში სიახლე ხომ არ გაქვს?
- შეყვარებული ვარ. ორი შვილის დედა ვარ, მაგრამ პირად ცხოვრებას არ ვივიწყებ. ჯერ  23 წლის ვარ და შინ რომ ჩავიკეტო, ყველა იფიქრებს, გააფრინაო.

- ვინ არის შენი ახალი რჩეული?
- ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელთანაც მომავალს ვხედავ.

- შენი ოჯახის წევრებს ცოტნე სიძედ მოსწონდათ?
- არა. ეს ამბავი ცოტნეს ნათესავებმაც იცოდნენ და სწყინდათ, რა სჭირს დასაწუნიო. დღემდე ვამბობ, რომ მამა ამ ქვეყნიდან ჩემზე ნაწყენი წავიდა, რადგან ცოტნეს ცოლი ვიყავი.

- რატომ არ მოსწონდათ ცოტნე?
- იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცოდა ცოტნეს მავნე ჩვევების შესახებ. სწორედ ამ ჩვევებმა გადამიყოლეს. ადრე ყველაფერს ვუგებდი და მივუტევებდი, რადგან ძალიან მიყვარდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასეთი რამ არავის ეპატიება. სხვათა შორის, ახლაც ასე ვარ. თუ ადამიანი მიყვარს, ყველაფერს მივუტევებ. შეიძლება, ბავშვური საქციელია, მაგრამ ასეა. რაც შეეხება მამაკაცის გარეგნობას, ისევ ცოტნესნაირი ბიჭები მომწონს. თუ მამაკაცს სათვალე არ უკეთია, სერიოზულად ვერ აღვიქვამ.

- ანუ, სათვალიანი ბიჭები გამოგეხმაურონ?
- (იცინის) ნურავინ გამომეხმაურება, უკვე დაკავებული ვარ. სხვათა შორის, ჩემი ახალი შეყვარებულიც სათვალეს ატარებს. ბევრს ჰგონია, რომ რაკი გამსახურდიების რძალი ვიყავი, ამით საზოგადოების თვალში მარკა მაქვს აწეული. არადა, პირიქით არის - ვინც შეიტყობს, რომ ცოტნეს ცოლი ვიყავი, ყველას თვალები უფართოვდება და მეკითხება: ”რამ გაგაგიჟა, ცოტნეს რამ გაგაყოლა?! მანანა როგორი დედამთილი იყო?” და ასე შემდეგ.

არადა, მე და მანანას თავის დროზე უთანხმოება არ გვქონია. მანანა ფანტასტიკური დედამთილი იყო. მე და ცოტნესაც ასე თუ ისე კარგი ურთიერთობა გვქონდა, მიყვარდა და იმიტომ, მაგრამ ახლა რომ მომისაჯო, მის გვერდით ერთ საათსაც ვეღარ ვიცხოვრებ.

- ბევრი წყვილი შორდება ერთმანეთს, მაგრამ ყოფილ მეუღლეზე ასეთ რამეებს არ ამბობენ...
- ადამიანს ყველაფერს ვაპატიებ, გარდა ღალატისა და ტყუილისა. მერჩივნა, ცოტნეს პირდაპირ ეთქვა, არ მჭირდები, თავი დამანებეო, ვიდრე წრეები ერტყა და გაურკვევლობაში ჩავეგდე. სხვათა შორის, ვიდრე საქართველოში ცხოვრობდა, ჩემთვის არ უღალატია, მაგრამ როგორც კი მოსკოვში წავიდა, ისე აგულავდა, რომ შვილიც გაუჩინეს. იქ 3 წლის დანიელი ჰყავს. რას ერჩით, ამრავლებს ბიჭი გამსახურდიებს! ორი ბიჭი, ერთი გოგო - მშვენიერი მიღწევაა! ეს - რაც ვიცი, და რაც არ ვიცი, სხვა თემაა.

- ”სიმართლის დროში” გაირკვა, რომ კონსტანტინე გამსახურდიას ”დიდოსტატის მარჯვენა” წაკითხული არ გქონია. ამ გადაცემის შემდეგ თუ წაიკითხე?
- ”დიდოსტატის მარჯვენა” წაკითხული მაქვს. უბრალოდ, ”სიმართლის დროში” მკითხეს, სკოლის ასაკში მქონდა თუ არა ეს ნაწარმოები წაკითხული. იმხანად ეს ნაწარმოები ნასწავლი მქონდა, ოღონდ ადგილ-ადგილ. სკოლა რომ დავამთავრე, მთლიანად წავიკითხე. ვგიჟდები კონსტანტინეს შემოქმედებაზე. ”დიონისოს ღიმილი” ჩემი საყვარელი ნაწარმოებია. ამ ნაწარმოებში ცოტნეს ვხედავ. სხვათა შორის, ცოტნეც ამბობდა, კონსტანტინემ ”დიონისოს ღიმილი” ჩემზე დაწერა, ხოლო ”დიდოსტატის მარჯვენა” - ზვიადზეო.

- ჩანს, რომ ისევ ცოტნეზე ფიქრობ და ყველგან და ყველაფერში მას ეძებ...
- არა, რას ამბობთ! თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ ცოტნე ინდივიდია და მისნაირი აღარ დაიბადება.

- როგორ ფიქრობ, ცოტნე რომ გაათავისუფლონ, რაიმე საფრთხეს შეგიქმნის?

- ვერ გაიგებ, ისეთი არაპროგნოზირებადი ადამიანია. შეიძლება მოვიდეს და შერიგებაც მთხოვოს. ბოღმიანი არ არის, გულში ჩადება არ იცის.
როდესაც შევიტყვე, რომ ცოტნესგან სხვა ქალმა ბავშვი გააჩინა, დეპრესია მქონდა, რამდენიმე თვე შინიდან არ გავსულვარ, მაგრამ, საბედნიეროდ, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც ცოტნე კი არა, საკუთარი თავი დამავიწყა.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)
























კატეგორია: უბრალოდ ამბები | ნანახია: 1444 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar