მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » ნუ გაართულებთ ჩვეულებრივ შეკრულობას
6:17 PM
ნუ გაართულებთ ჩვეულებრივ შეკრულობას



კუჭში შეკრულობა – დელიკატური და ამავდროულად მეტად გავრცელებული პრობლემაა. როგორ ვებრძოლოთ მას?

დეფეკაცია მეტად ნიშვნელოვანი აქტია, ვინაიდან ნაწლავების რეგულარულ დაცლაზე დამოკიდებულია ჩვენი გუნება–განწყობილება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ამ დროს ორგანიზმში გამომუშავდება განსაკუთრებული ნივთიერებები – ენდორფინები, ე.წ. ბედნიერების ჰორმონები.

დეფეკაციის სიხშირის ნორმა ინდივიდუალურია. თუ დღეში კუჭის დაცლა 1–2–ჯერ ხდება – შესანიშნავია, თუ 2–3 დღეში ერთხელ – შეიძლება არ ინერვიულოთ, ხოლო თუ ტუალეტს უფრო იშვიათად სტუმრობთ, აუცილებელია მიზეზის გამოვლენა და ზომების მიღება.

ყაბზობა შეიძლება განვითარდეს საჭმლის მომნელებელი ორგანოების სხვადასხვა დაავადების დროს – კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქრონიკული კოლიტის, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ჰემოროის, სწორი ნაწლავის ბზარების, ზოგიერთი წამლისმიერი პრეპარატის გამოყენების შედეგად. ჯანმრთელ ადამიანებში ქრონიკული ყაბზობის მიზეზი ყველაზე ხშირად არის ერთგვაროვნად (უმეტესწილად ცილოვანი საკვები) კვების ჩვევა. ამას ალიმენტარულ ყაბზობას უწოდებენ.

თუ უპირატესობას მუსებს, ნამცხვრებს, თეთრ პურს, კატლეტს, გახეხილ და დაკეპილ კერძებს ანიჭებთ, რომლებიც მცენარეულ უჯრედისებს არ შეიცავს, მაშინ ქრონიკული ყაბზობა გემუქრებათ.

ჩივილების "თაიგული"

დასაწყისში თითქმის არავითარ უსიამოვნო შეგრძნებებს არ იწვევს, მაგრამ თუ კვების ხასიათს არ შეცვლით, დროთა განმავლობაში გაჩნდება ჩივილების მთელი "თაიგული": მეტეორიზმი (აირების დაგროვება), თავის ტკივილი, თავბრუ, სისუსტე, სწრაფად დაღლა, გაღიზიანებულობა, ხშირად ყაბზობას თან ერთვის დეპრესიის განვითარება.

ყველაფერ ამას თავი რომ აარიდოთ, აუცილებელია გადახვიდეთ უჯრედისებით მდიდარ საკვებზე, რომელიც კბილებსა და ნაწლავებს "სრული პროგრამით" ამუშავებს. რაციონში ჩართეთ რუხი პური. ბოსტნეულსა და ხილს შორის განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კომბოსტოს, პომიდორს, კიტრს, სტაფილოს, ჭარხალს, ისპანახს, ყაბაყს, პარკოსნებს, ყურძენს, ციტრუსებს, ლეღვს, ფინიკს, თხილეულს, ვაშლს, შავ ქლიავს, ნესვს, ატამს, გოგრას.

ნაწლავების პერისტალტიკას (ნაწლავების კედლების რიტმული შეკუმშვა–გაფართოება) აძლიერებს რძის მჟავე პროდუქტები: მაწონი, კეფირი, ასევე მცენარეული ზეთები და ნაღების კარაქი.

დალიეთ ბევრი სითხე – 2,5 ლიტრამდე დღეში. დროებით თავი შეიკავეთ ისეთი საკვების მოხმარებისგან, როგორიცაა: კაკაო, ბრინჯი, თეთრი პური, შოკოლადი, ყავა, მაგარი ჩაი, მოცვი, შინდი, გახეხილი კერძები. ისინი შემკვრელ თვისებებს ფლობენ და ნაწლავების პერისტალტიკას აფერხებენ.

რაციონის შეცვლა სასურველ შედეგს არ იძლევა? ამ შემთხვევაში მიიღეთ საფაღარათო საშუალებები – ქატო, ზღვის კომბოსტო, გარგარი, მრავალძარღვა.

გამოყენებამდე ხორბლის ქატოს ადუღებული წყალი დაასხით, რათა გაიჟღინთოს და დარბილდეს. ქატო შეგიძლიათ დაუმატოთ წვნიანებში, გარნირებში, კომპოტებში. რეკომენდებულია დაიწყოთ 3 ჩაის კოვზიდან დღეში და დოზა თანდათან 3 სუფრის კოვზამდე გაზარდოთ.

ზღვის კომბოსტოს სუსტი საფაღარათო მოქმედება აქვს. მას იღებენ 2 ჩაის კოვზს ღამით და სუსტ, თბილ ჩაის აყოლებენ.

ჩვეულებრივი ამბავი

განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნება ჩვეულებრივი ყაბზობა. ის, როგორც წესი, იმ შემთხვევაში აღმოცენდება, როდესაც რაღაც მიზეზით ჩვეულებრივი რეჟიმი ირღვევა ან ტუალეტს დროულად ვერ სტუმრობთ. შედეგად დეფეკაციაზე რეფლექსის ჩახშობა ხდება, სწორი ნაწლავის მუსკულატურა ტონუსს კარგავს, საჭირო ხდება გაჭინთვა. ზოგჯერ ასეთი ყაბზობა ფსიქოგენური წარმოშობისაა, სტრესის შედეგად ვითარდება. ამ შემთხვევაში კვების მხრივ რეკომენდაციები იგივეა, რაც ალიმენტარული ყაბზობის დროს. დილით უზმოზე და სადილის წინ სასარგებლოა პატარა ყლუპობით ჭიქა ცივი წყალი დალიოთ (უმჯობესია მინერალური, რომელიც მაგნიუმის მარილებს შეიცავს). სასარგებლოა ტანვარჯიში, განსაკუთრებით მუცლის კუნთებისთვის, "ველოსიპედი", მუცლის თვითმასაჟი საათის ისრის მიმართულებით. ასევე გამოიყენება სანთლის ფორმის სხვადასხვა პრეპარატები, წყალ–ზეთიანი ოყნა მოცულობით 100–150 მლ.

გაიქეცით ექიმთან!

და მაინც, ყაბზობის დროს საჭიროა სპეციალისტის (თერაპევტის ან გასტროენტეროლოგის) კონსულტაცია. ნუ მოგერიდებათ, ექიმს მიმართოთ. ყაბზობა სულაც არ არის უბრალო საქმე. ხშირმა კუჭის შეკრულობამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ინტოქსიკაცია, დისბაქტერიოზი, გახდეს ნაწლავების სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მიზეზი ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სერიოზული დაავადებების (მათ შორის ონკოლოგიური) სიმპტომებად ჩაითვალოს.

რჩევები

ყოველდღიურად ნახევარი საათი მაინც ფეხით იარეთ. ფეხისგულებზე განლაგებულია განსაკუთრებული რეცეპტორები, რომლებიც ნაწლავების პერისტალტიკას აუმჯობესებენ.

ყაბზობისკენ მიდრეკილების დროს მოერიდეთ აირების წარმომქმნელ პროდუქტებს: პარკოსნებს, კომბოსტოს, მჟაუნას, ისპანახს, ვაშლისა და ყურძნის წვენს, ეთერზეთებით მდიდარ ბოსტნეულს: ბოლოკს, ნიორს, ხახვს.

კუჭის შეკრულობის საწინააღმდეგო სასწრაფო საშუალებაა – პატარა ყლუპობით (პურის გარეშე) ნახევარი ლიტრი ახალი კეფირი ან წყალგარეული მაწონი. შავი ქლიავი ღამით ადუღებულ წყალში დაალბეთ. მოხარშული ჭარხალი გახეხეთ და მცენარეული ზეთი მოასხით.

საფაღარათო საშუალებები (მათ შორის ნატურალური ბალახები) იშვიათად გამოიყენეთ. შეჩვევა იქამდე მიგიყვანთ, რომ დეფეკაცია ბუნებრივად აღარ მოხდება.






























კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1649 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar