მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » ხალხური საშუალებები გრიპისა და გაციების წინააღმდეგ
3:28 PM ხალხური საშუალებები გრიპისა და გაციების წინააღმდეგ | |
დადგა
წელიწადის ის დრო, როცა გაციებისა და გრიპით დასნებოვნების რისკი იზრდება.
მართალია, გრიპით დასნებოვნების შემთხვევაში, პირველ რიგში, ექიმს უნდა
მიმართოთ, მაგრამ ექიმის მიერ დანიშნულ მკურნალობასთან ერთად შეიძლება
გამოიყენოთ ხალხური მეთოდებიც: ასკილის ნაყენი - ასკილის გამხმარი ნაყოფი დააქუცმაცეთ და 5 სადილის კოვზი 1 ლიტრ ცივ წყალში ადუღეთ 10 წუთი, შემდეგ დააყოვნეთ 8-10 საათის განმავლობაში და გაფილტრეთ მარლაში. დალიეთ ყოველ 2-3 საათში რამდენიმე დღის განმავლობაში. შეგიძლიათ მიირთვათ თაფლით, შაქრით ან მურაბასთან ერთად. სასურველია ნაყენი 1 კვირის განმავლობაში მიიღოთ, თან დოზა ნელ-ნელა შეამცირეთ. ცაცხვი და ძახველი - მოამზადეთ ნარევი: ცაცხვის ყვავილი 1 წილი, ძახველის ნაყოფი 1 წილი. ნარევის 2 სადილის კოვზს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 5-10 წუთით, გაფილტრეთ, დალიეთ ცხელი ღამით 1-2 ჭიქა. ჟოლო ჩვეულებრივი - გამოიყენება როგორც სხვა სამკურნალო ბალახებთან, ასევე დამოუკიდებლად. შაქრიანი ჟოლოს წვენი კარგია მაღალი სიცხის დროს. გამხმარი ნაყოფის ნაყენი შეგიძლიათ ასე მოამზადოთ: 1 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ჟოლოს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი და დააყოვნეთ 20 წუთი. ცხელი ნაყენი თითო ჭიქაში დღეში 2-ჯერ მიირთვით. ჟოლო თაფლით - 1 სადილის კოვზი თაფლი, 1 სადილის კოვზი ჟოლო, 1 სადილის კოვზი მოცხარი აურიეთ, დაასხით 100 მლ მდუღარე, დააყოვნეთ 15 წუთი. დალიეთ 3-ჯერ დღეში 1-2 ჭიქა ჭამის წინ. დინდგელი (პროპოლისი) - 2 მარცვალი მუხუდოს ზომის დინდგელის ნაჭერი მუდმივად გედოთ პირში და ღეჭეთ. შეგიძლიათ ამ მიზნით დინდგელის სპირტხსნარით გაჟღენთილი შაქრის ნატეხიც გამოიყენოთ. სოჭის ზეთი - გრიპის, ზემო სასუნთქი გზების კატარის, ფილტვების ანთების, ბრონქიტისა და სხვა დაავადებების დროს (განსაკუთრებით ბავშვებში), სოჭის ზეთს იყენებენ ინჰალაციისა და დაზელვისათვის. ავადმყოფს სოჭის ზეთით უზელენ კისერს, ზურგს, მკერდს, უკეთებენ ფეხისგულების მასაჟს 4-5-ჯერ ყოველი 5-6 საათის განმავლობაში რამდენიმე დღის განმავლობაში. ყოველი მასაჟის შემდეგ ავადმყოფს ფეხზე შალის წინდები ჩააცვით და თბილი საბანი დაახურეთ, თან ოფლმდენი ბალახოვანი საშუალებები მიეცით. ინჰალაციისთვის მომინანქრებულ ქვაბში აადუღეთ წყალი, დაუმატეთ 3-4 წვეთი სოჭის ზეთი და ორთქლი ავადმყოფს ასუნთქებინეთ. სურდოს შემთხვევაში შეგიძლიათ თითო წვეთი ზეთი ნესტოებშიც ჩააწვეთოთ. სოჭის ზეთი ასევე კარგია ძლიერი ხველების დროს. სუფთა ზეთი პიპეტის საშუალებით 3-5 წვეთი დააწვეთეთ ენის ძირზე დილას და საღამოს. ჟურნალი "რეიტინგი" | |
კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1191 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 5.0/1 |
სულ კომენტარები: 0 | |