მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 5 » ოკუპაციის მცოცავი საზღვარი
2:42 PM
ოკუპაციის მცოცავი საზღვარი



ბოლო დღეებში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, კონფლიქტის ზონის მიმდებარე ქართული სოფლების სიახლოვეს შეინიშნებოდა რუსი და ოსი ეროვნების შეიარაღებული და სამოქალაქო პირების აქტიურობა.

ევროკავშირის დამკვირვებლებმა გორის რაიონის სოფელ დიცთან თვითნაკეთი ლითონის ნიშნულები აღმოაჩინეს. ქვემო და ზემო ნიქოზში, არბასა და კორდში ასეთი ნიშნულები ჯერჯერობით ვერ  შენიშნეს, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ФСБ-ს მესაზღვრეები სადემარკაციო სამუშაოებს ასრულებენ.

ეს არც არის გასაკვირი, რადგან მოსკოვს სურს, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარი როკიდან ცხინვალის სამხრეთით გადმოსწიოს, როგორც აფხაზეთში -  ფსოუდან ენგურამდე.

რუსეთის საოკუპაციო ჯარების მეთაურობა იშველიებს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 1984-87 წლების საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს და ამტკიცებს, რომ მაშინ არსებული "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის" საზღვრების მიხედვით უნდა გაივლოს ახალი საზღვარი, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს.

მართალია, დასავლეთი არ ცნობს არც ე.წ. სამხრეთ ოსეთს და არც აფხაზეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილობრივი სეპარატისტები რუს სამხედროებსა  და მესაზღვრეებთან ერთად მაღალფარდოვანი სიტყვების ფრქვევის ნაცვლად რეალურ სასაზღვრო ზოლს ავლებენ, ოკუპირებული ტერიტორიების შემოსაზღვრის წინ კი ცდილობენ, აირჩიონ ხელსაყრელი ადგილები როგორც სამხედრო, ისე საყოფაცხოვრებო თვალსაზრისით.

სეპარატისტებს სურთ, მათი საზღვრის შიგნით მოექცეს სარწყავი არხების სათავეები, გზები და  საუკეთესო საძოვრები.
რუს სამხედროებს კი პირველ რიგში ხელსაყრელი სიმაღლეები აინტერესებთ, რომლებზეც სათვალთვალო პუნქტებსა და "დოტებს" აწყობენ. თუკი მომავალში საბრძოლო მოქმედებები განახლდება, სიმაღლეების კონტროლი მათ დიდ უპირატესობას მიანიჭებს. 

მაგალითისთვის სოფელ მეჯვრისხევის ბოლოს სასაფლაოც კმარა, რომლის თავზე ბლინდაჟებში რუსი ოკუპანტების საცეცხლე წერტილებია განთავსებული; აქედან ისინი მთელ სოფელსა და ღრომისკენ  მიმავალ გზას აკონტროლებენ.
ოკუპანტების ტაქტიკა გასაგებია, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება.

ირაკლი ალადაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”
(გამოდის ორშაბათობით)
















კატეგორია: ჯარი | ნანახია: 988 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar