მთავარი » 2010 ოქტომბერი 5 » ტევესმა მანჩინის აგინა
2:36 PM ტევესმა მანჩინის აგინა | |
"მანჩესტერ სიტის" თავკაცს რობერტო მანჩინისა და თავდამსხმელს, არგენტინელ კარლოს ტევესს, პრემიერლიგის ბოლო ტურში, "ნიუკალსთან" შეხვედრის შესვენებისაას დიდი გაწევვ-გამოწევა მოუვიდათ. შეგახსენებთ, "სიტიმ" იმ თამაში 2:1 მოიგო. "სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმის" გასახდელში იტალიელმა და არგენტინელმა ცხვირი ცხვირს მიადეს და სხვები რომ არ ჩარეულიყვნენ ვინ იცის, იქნებ ხელითაც შეხებოდნენ ერთმანეთს. თვითმხილველებს, რასაკვირველია, ეგონათ, რომ მწვრთნელი ფეხბურთელს შეცვლიდა, მაგრამ ასე არ მოხდა. უფრო სწორად, მანჩინიმ შეცვლით დაიმუქრა და გაბრაზებულმა ტევესმაც სათამაშო მაისურა მოისროლა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი მოგვარდა. ამბობენ, მაჩხუბრები ცოტა რომ ჩაწყნარდნენ, მწვრთნელი დანარჩენ ფეხბურთელებს ეხუმრა და თავის ოთახში შევიდაო. ცოტა ხანში არგენტინელიც შეჰყოლია და მათ პირისპირ ულაპარაკიათ. ამასობაში, მეორე ტაიმიც დაიწყო, გუნდები მოედანზე დაბრუნდნენ. პირველი ტაიმის ანგარიში 1:1 იყო (ტევესის გატანილი პენალტი ნიუკასლელთაგან არგენტინის ნაკრებში მისმა თანაგუნდელმა ხონას გუტიერესმა გაქვითა), შესვენების შემდეგ კი მასპინძელთა გამარჯვების გოლი ადამ ჯონსონმა შეაგდო. როგორ ითამაშა ტევესმა მეორე ტაიმში? როგორც ნამდვილმა პროფესიონალმა თავდადებით. მას გოლის გატანის შესაძლებლობაც ჰქონდა და როდესაც 86-ე წუთზე მანჩინიმ პატრიკ ვიეირათი შეცვალა, მწვრთნელს ხელი ჩამოართვა. 45 წუთით ადრე კი კონფლიქტი იმით დაიწყო, რომ გასახდელში შესულ მანჩინის ტევესის ისეთი ნათქვამი მოესმა, რასაც ყურიდან ყურში ვერაფრით გაატარებდა. ზოგი გაზეთი წერს, რომ ტევესმა მანჩინის შეაგინა. მიზეზი: თავდამსხმელის აზრით "სიტის" უფრო შემტევი ფეხბურთის თამაშის მართებს. დანამდვილებით ცნობილია, რომ მანჩინიმ ტევესს ანგარიში გაუწია და სანაკრებო მივლინებიდან ერთი დღით გვიან დაბრუნების ნება დართო. ტევესის პატარა გოგონა ახლა არგნტინაშია და მამას მისი მონახულება უნდა. "მანჩესტერ სიტის" ასისტენტმა მწვრთნელმა ბრაიან კიდმა კონფლიქტის მეორე დღეს განაცხადა: "ბოლო თამაშის შესვენებისას ჩვენს გასახდელში ბევრი რამ ითქვა, მაგრამ ამის მიუხედავად ბიჭებმა მეორე ტაიმში დიდი პასუხისმგებლობა გამოამჟღავნეს და თამაში მოიგეს". კვირის ინციდენტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რობერტო მანჩინისა და კარლოს ტევესს შორის ურთიერთობა დაძაბულია. რა ხანია ცნობილია, რომ ფორვარდი მწვრთნელს ტაქტიკას უწუნებს. არგენტინელს მანჩინის ვარჯიშის მეთოდებიც ბევრჯერ გაუკრიტიკებია. გასული სეზონის ბოლოს ეს ორი ადამიანი საგანგებოდ შეხვდა კიდეც ერთმანეთს. მათ პოზიციები შეაჯერეს და... ყველასთვის მოულოდნელად მანჩინიმ ტევესი "სიტის" კაპიტნად დანიშნა. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |