მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » შაბათი პრემიერლიგაში: სანდერლენდში ტუალეტი არ მუშაობდა
8:33 PM
შაბათი პრემიერლიგაში: სანდერლენდში ტუალეტი არ მუშაობდა



ინგლისი. პრემიერლიგა. VII ტური
"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარე ედვინ ვან დერ საარი რომ არა, "სანდერლენდის" თავკაცი სტივ ბრუსი ნავსს გატეხდა და ყოფილ შეფს სერ ალექს ფერგიუსონის ბოლოს და ბოლოს თამაშს მოუგებდა. ვეტერანმა ჰოლანდიელმა სანდელრენდის "სინათლის სტადიონზე", მე-16 წუთზე, დიდებულად მოიგერია სტიდ მოლბრანკის დარტყმული, შესვენებამდე 8 წუთით ადრე კი თვალი გააყოლა ბურთს, რომელიც თანამემამულის ბუდევინ ზენდენის დარტყმის შემდეგ ძელს მოხვდა. ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ წყვილში ფავორიტად "იუნაიტედი" ითვლებოდა, პირველ ტაიმში მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს.

შესვენების შემდეგ, სურათი თითქოს შეიცვალა - მოედანზე ახალშესულმა დიმიტარ ბერბატოვმა გამოიჩინა თავი, მაგრამ 48-ე წუთზე მის მიერ გატანილი გოლი მსაჯებმა ოფსაიდის გამო არ ჩათვალეს. მერე, ნანიმ მეკარე სიმონ მინოლეტს შეუმოწმა სიფხიზლე, ბოლოს კი ისევ ბერბატოვმა სცადა ბურთის კარში შეგდება, მაგრამ ოდნავ ააცილა.

მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა განაცხადა: "დღეს, სახიფათო მომენტები "სანდერლენდმა" შექმნა, მაგრამ გოლი ვერ გაგვიტანა, ასე რომ, მე ჩემი დაცვით დავრჩი კმაყოფილი. ამ სეზონში ქულები ხომ სწორედ დაცვაში დაშვებული შეცდომების გამო დავკარგეთ. მასპინძლები თავდადებით თამაშობდნენ. ამ გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში შინ კარგი შედეგები აქვს. ერთი სიტყვითამ თამაშმა გახარებით ნამდვილად არ გამახარა, მაგრამ კმაყოფილი აშკარად გახლავართ".

ბრუსის ემოციები კი სიხარულისგან და, იმავდროულად, გულის დაწყვეტისგან შედგებოდა. "სანდერლენდის" თავკაცს ერთი მხრივ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნათამაშები ფრე მოსწონა, მეორე მხრივ კი მოგების ხელიდან გაშვებული შანსი ახსენდებოდა:

"უკვე ორი თუ სამი კვირაა ერთსა და იმავეს ვიმეორებთ – ცოტა იღბალი რომ გვწყალობდეს... თუ, როგორც მწვრთნელს, მაინცდამაინც კრიტიკულად ლაპარაკი მომეთხოვება, მაშინ, რასაკვირველია, ვალდებულები ვიყავით საგოლე მომენტები გამოგვეყენებინა და დღევანდელი თამაში მოგვეგო. მეორე მხრივ კი დიდ გუნდებთან ნებისმიერი კარგი შედეგი სასიხარულოა. უკვე რამდენი წელია სერ ალექსის დამარცხება მინდა და დღეს ამასთან ძალიან ახლოს ვიყავი. არადა, ყველა ღონე ვიხმარე, მეტოქე რომ შემეწუხებინა გასახდელში ტუალეტიც კი არ მუშაობდა წესიერად..."

ამ ხუმრობაზე ფერგიუსონმა ასე თქვა: "სასაყვედურო არაფერი მაქვს. სანდერლენდელები ჩინებულად დაგვხვდნენ. რაც შეეხება ტუალეტს... რას იზამ, ხანდახან ასეც ხდება".

"ტოტენჰემმა" "ასტონ ვილა" რაფაელ ვან დერ ვაარტის ორი გოლის წყალობით დაამარცხა. ჰოლანდიელმა, რომელსაც პრესაში "სფურზის" ახალი თილისმა უწოდეს, "უაით ჰართ ლეინზე" სამ თამაშში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა.

მეორე მხრივ, ამ სეზონში ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ტურის შემდეგ, პრემიერლიგის შეხვედრა ჰარი რედნაპის გუნდმა მძიმედ დაიწყო. სწორედ ამიტომ დაწინაურდა ბირმინგემის გუნდი და ვან დერ ვაარტს მსაჯის წამატებულ წუთებში ანგარიში რომ არ გაეთანაბრებინა, პირველ ტაიმს სტუმრები მოიგებდენ. შესვენების შემდეგ ვან დერ ვაარტმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა.

"ვან დერ ვაარტი ჩინებულად შეგვეწყო და მისი საქმეები "უაიტ ჰართ ლეინზე" ძალიან კარგად მიდის – თქვა მატჩის შემდეგ რედნაპმა – ის ყოველ წამს ბურთის მოხელთებას ცდილობს და როდესაც ბურთს იხელთებს გოლის გატანას ცდილობს. ფანებსაც ძალიან შეაყვარა თავი. ის კარგი ფეხბურთელია, ხალხს კი კარგი ფეხბურთელები უყვარს".

"ვილას" მწვრთნელმა ჟერარ ულიემ კი მსაჯს უსაყვედურა და ბოლომდე ვერც უსაყვედურა: "პირველი ტაიმის მიწურულს მეოთხე მსაჯმა გვაჩვენა რომ სათამაშო დროს ორი წუთი ემატებოდა, მაგრამ "ტოტენჰემმა" რომ გაგვითანაბრა ამ ორ წუთს გვარიანად იყო გადაცილებული. სამწუხაროა, რომ არბიტრმა ასე განსაჯა. რას ვიზამთ, ფორმალურად ის მართალი იყო. დრო, რომელსაც მეოთხე მსაჯი ხალხს აჩვენებს, მინიმალური დამატებული დროა. რეალურად მსაჯს შეუძლია გუნდები უფრო მეტ ხანს ათამაშოს".

შაბათის თამაშებიდან საინტერესო გახლდათ "ბირმინგემში" "ევერტონის" გამარჯვებაც. ეს მერსისაიდელთა პირველი გამარჯვება გახლდათ მიმდინარე სეზონში და მას საფუძველი ბირმინგემელმა როჯერ ჯონსონმა საკუთარ კარში გატანილი გოლით დაუდო. თამაშის ბოლოს ტიმ კეჰილმა თავური დარტყმით კიდევ ერტი გოლი შეაგდო და მასპინძლებს მშობლიურ "სენტ ენდრიუ სთედიუმზე" 13 თვიანი წაუგებელი სვლა დაუსრულა.

"სტოკისა" და "ბლექბერნის" შეხვედრაში ბედმა ცოტა იხუმრა და მატჩის ერთადერთი გოლი სტუმრების ყოფილ ფეხბურთელს გაატანინა. ეს ყოფილი ფეხბურთელი ჯონ უოლტერსი გახლავთ. ეს იყო "სტოკში" "იფსვიჩიდან" 2,75 მილიონ დოლარად გადასული 27 წლის თავდამსხმელის პირველი გოლი ახალი გუნდის მაისურით.


უიგანი-ვულვზი 2:0
გოლები: 1:0 გომესი (65), 2:0 როდალეგა (85)

ვესტ ჰემი-ფულჰემი 1:1
გოლები: 0:1 დემპსი (33), 1:1 1:1 პიქვიონი (51)

ვესტ ბრომვიჩი-ბოლტონი 1:1
გოლები: 0:1 ელმანდერი (64), 1:1 მორისონი (78)

ბირმინგემი-ევერტონი 0:2
გოლები: 0:1 რ. ჯონსონი (54 ს.კ.), 0:2 ტ. კეჰილი (90)

სანდერლენდი-მანჩესტერ იუნაიტედი 0:0

სტოკი-ბლექბერნი 1:0
გოლები: 1:0 უოლტერსი (48)

ტოტენჰემი-ასტონ ვილა 2:1
გოლები: 0:1 ოლბრაიტონი (16), 1:1 ვან დერ ვაარტი (45), 2:1 ვან დერ ვაარტი (75)

VIII ტური
16 ოქტომბერი. არსენალი-ბირმინგემი, ბოლტონი-სტოკი, ფულჰემი-ტოტენჰემი, მანჩესტერ იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩი, ნიუკასლი-უიგანი, ვულვზი-ვესტ ჰემი, ასტონ ვილა-ჩელსი; 17 ოქტომბერი. ევერტონი-ევერტონი, ბლექპული-მანჩესტერ სიტი.



კატეგორია: სპორტი | ნანახია: 884 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar