მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » "გამაგებინეთ, ბატონო, როგორია ლარის კურსი ინდაურის მიმართ?!"
7:47 PM
"გამაგებინეთ, ბატონო, როგორია ლარის კურსი ინდაურის მიმართ?!"



ქართული ვალუტა ხშირად გამხდარა მოსახლეობისათვის თავის ტკივილის მიზეზი. ბუნებრივია, ახლაც ბევრი დარდობს - რა მოუვა ქართულ ლარს, გაუძლებს "ბედის უკუღმართობას" თუ ვერა.

ბოლო ხანს გავრცელებული ინფორმაციით, 2010 წლის ბოლომდე ლარის კურსი დოლარის მიმართ 1,9 ნიშნულამდე გაუფასურდება. ამ საკითხზე სასაუბროდ "მრეწველთა" ლიდერს - ზურაბ ტყემალაძეს მივმართეთ:

- ეკონომიკური ზრდის შესახებ ხელისუფლების მიერ გამოთქმული ციტატები, სინამდვილეს არ შეესაბამება. თუ ეკონომიკური ვარდნა იყო 10 პროცენტი და შემცირდა 5 პროცენტამდე, ეს შეიძლება ვიღაცამ ზრდად მიიჩნიოს, მაგრამ დღესავით ნათელია, რომ ეს ზრდა არ არის. ამას ნათლად დავინახავთ, შიდაეროვნულ პროდუქტს თუ გადავხედავთ. ფასებიც კატასტროფულად გაიზარდა, რაც ეკონომიკის უკუსვლამ გამოიწვია და არა - წინსვლამ.

- ბატონო ზურაბ, უცნაურია, მაგრამ ლარის კურსი დაახლოებით ერთ დონეზე დგას, ფასები კი მატულობს.

- ამ სიტუაციას კარგად შეესაბამება გამოთქმა - გამაგებინეთ, ბატონო, ლარის კურსი დოლარის მიმართ კი არა, ინდაურის მიმართ თუა მყარიო... ანუ, იმ პროდუქტის მიმართ, რომელიც ადამიანს სჭირდება. ხორბალი მაშინ გაძვირდა, როცა არ უნდა გაძვირებულიყო. გამობრძანდეს სოფლის მეურნეობის მინისტრი და მითხრას, რომ ერთი თეთრით გაძვირებული ფქვილი ან ხორბალი თუ შეუძენია მარაგის შევსებისათვის. თუ ეს ხომ აღრიცხულია საბაჟოზე. მაშ, რატომ გაძვირდა ფქვილი და ხორბალი ქვეყნის შიგნით? - იმიტომ, რომ თავიდანვე ატყდა აჟიოტაჟი, ფქვილი ძვირდებაო.

ხან პუტინის განცხადებას დავაბრალეთ, ხან რუსეთში მომხდარ ხანძრებს და ფონი შევქმენით, რომ მართლა გაძვირებულიყო. ასეა დღესაც. მავანი და მავანი აკეთებს განცხადებას, რომ სავარაუდოდ, ლარის კურსი 1,9 ნიშნულს გაუთანაბრდება. რის საფუძველზე ამბობენ ამას? გათვლების საფუძველზე? - რა თქმა უნდა, არა. ალბათ, თანდათან შეაჩვევენ ხალხის ყურს და მართლაც ასე მოხდება. ხელოვნურად დაჭერილი არც ფასი ვარგა და არც ლარის კურსი. აქედან გამომდინარე,  ნუ შევუწყობთ ხელს ამ ხელოვნურ პროცესებს, როგორც ეს გავაკეთეთ პურის მიმართ.

განა მარტო ფქვილი და ხორბალი, პირველადი მოხმარების საგნები და პროდუქტი - ყველაფერი, რისგანაც შედგება სამომხმარებლო კალათა, კატასტროფულად გაძვირდა. მართალია, სახელმწიფო მკაცრ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას აწარმოებს, მაგრამ ლარის კურსი ნებისმიერ დროს შეიძლება შეცვალონ. ეს პროცესი მოწყვეტილია ეკონომიკისაგან, ეკონომიკა ცალკეა, ეროვნული ვალუტა  - ცალკე. წინააღმდეგ შემთხვევაში სად გაგიგიათ ფასები იზრდებოდეს და ვალუტა მყარდებოდეს? ასეთი რამ პირველად მესმის.

- თუმცა სპეციალისტების მტკიცებით, ეროვნულ ბანკს აქვს ბერკეტები, რომ ლარის კურსი დაარეგულიროს.

- ეროვნულ ბანკს, რა თქმა უნდა, აქვს ამგვარი ბერკეტები, მას აქვს სავალუტო რეზერვები, რომლითაც შეუძლია ლარის კურსი დაიჭიროს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს პანაცეა. ლარის კურსი ეკონომიკას უნდა მიჰყვებოდეს, უნდა იყოს მცოცავი და მსყიდველობითი უნარის შესატყვისი. ერთი მხრივ, ლარის კურსის გამყარება და, მეორე მხრივ, ფასების ზრდა იწვევს იაფი ვალუტის არსებობას ქვეყანაში. ამით კი სარგებლობენ მხოლოდ იმპორტიორები, ის ხალხი, რომელიც აქ რაღაცას ყიდის, მერე კი ყიდულობს ამ იაფ ვალუტას და გააქვს საზღვარგარეთ. ლარის კურსი დოლარის მიმართ კი არა, ეკონომიკის მიმართ უნდა გამყარდეს.

ქვეყნის დოვლათმა, აქ წარმოებულმა პროდუქტმა უნდა დააბალანსოს და გაამყაროს ეროვნული ვალუტა. წინააღმდეგ შემთხვევაში სულ ვიქნებით ამ ხელოვნური პროცესების მონაწილე და ბუნებრივია, ვიღაცას წასძლევს სული, რომ პარასკევს "სულ რაღაც" 20-30 პუნქტით შეცვალოს ვალუტის კურსი და ორშაბათიდან ყველაფერი "მოაგვაროს." ასეთი რამ ქართულ სინამდვილეში ბევრჯერ მომხდარა, ატეხილა ერთი ამბავი, მერე კი ყველაფერი ისევ ძველ კალაპოტში დაბრუნებულა. ეს არის ხელოვნური პროცესი, რომელიც, წესით, არც ერთ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს.

- ერთი სიტყვით, ვარაუდი, რომ ლარის კურსი 1,9 ნიშნულამდე შეიძლება დაეცეს, მთლად უსაფუძვლო არ უნდა იყოს?
- რა თქმა უნდა, ეს ვარაუდი უსაფუძვლო არ არის. პირიქით, კურსი 2-2,5-საც რომ გაუტოლდეს, ისიც არ არის გასაკვირი იმიტომ, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე ძალიან მაღალია. შეხედეთ ფასებს და მიხვდებით, რომ ასეა, მაგრამ ვიმეორებ - რატომ 1,9 და არა 2,5, ან 2,9? თუ ეროვნულ ბანკს აქვს საშუალება, ეროვნული ვალუტის კურსი დაიჭიროს, რატომ არ იჭერს? როცა ინფლაციაა, ვალუტის გამყარება რას ნიშნავს? თუ ინფლაციაა და საქონელი ძვირდება, ლარი როგორღა მყარდება, ერთი ეს გამაგებინეთ! სიმართლე კი ის გახლავთ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება  მანამ, ვიდრე ამ ქვეყანაში წესრიგი არ დამყარდება!

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)

















კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1296 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar