მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » "მის საქართველოს" მთავარი მოთხოვნა ბიჭების მიმართ
6:56 PM
"მის საქართველოს" მთავარი მოთხოვნა ბიჭების მიმართ

http://www.allfile.do.am"მის
საქართველო 2010"-ის კონკურსის გამარჯვებულს - დეა არაყიშვილს ახლახან
მთავარი პრიზი - ავტომანქანა გადასცეს. საქართველოში ყველაზე ლამაზი ქალის
ტიტულის მფლობელი მალე ჩინეთში გაემგზავრება და "მის მსოფლიოს" ტიტულის
მოსაპოვებლადაც იბრძოლებს. მსოფლიოს სხვადასხვა კონკურსზე "ვიცე-მისებიც"
გაემგზავრებიან და ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენას შეეცდებიან.

- დეა, უპირველეს ყოვლისა, კონკურსში გამარჯვებას გილოცავ! "მის საქართველოდ" ყოფნა როგორია?
- გმადლობ! ძალიან ბედნიერი ვარ! დიდ სიხარულთან ერთად დიდ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ, რადგან ახლა მთელ ქვეყანას წარმოვადგენ.

- პრიზებზე რას გვეტყვი - მოგეწონა?
-
ყველაზე მთავარი ის არის, რომ მანქანა მაჩუქეს! ასევე, რამდენიმე
მნიშვნელოვანი დაწესებულებისგან აბონემენტები გადმომცეს. აბონემენტებით
სარგებლობის საშუალება მთელი წლის განმავლობაში მაქვს.

- მართვის მოწმობა გაქვს?
- არა, მაგრამ ავიღებ (იცინის)!

- როგორც "მის საქართველოს", რა გეკრძალება?
-
უპირველეს ყოვლისა, გათხოვება არ შემიძლია, ვიდრე ამ ტიტულს ვატარებ. ამ
მხრივ პრობლემა არ მაქვს, რადგან კარგა ხანს გათხოვებას არ ვაპირებ! ასევე,
"მის საქართველოს" მოვალეობა უნდა შევასრულო.

- ეს რას ითვალისწინებს?
-
რაც თავზე გვირგვინი დამადგეს, მას შემდეგ უკვე საჯარო პირი ვარ ანუ ახლა
ისე თავისუფლად ვეღარ ვიქნები, როგორც წინათ, როცა ყურადღების ცენტრში არ
ვიყავი მოქცეული. პასუხისმგებლობას ჩემი ტიტულიც მაკისრებს, მაგრამ საკუთარ
თავს აკრძალვები თავადაც დავუწესე.

- ეს ყველაფერი რთულია?
-
სასიამოვნოა, როცა ქვეყანაში ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულს ატარებ, მაგრამ
ამას თავისი უარყოფითი მხარეც აქვს. ასე რომ, საკმაოდ რთულია.

- უარყოფითი მხარე უკვე გამოვლინდა?
- კი, თუმცა ჯერჯერობით ამას ძალიან მტკივნეულად არ განვიცდი (იცინის).

- რას გრძნობ - შენ მიმართ ხალხის განწყობილება როგორია?
-
საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ალბათ საზოგადოებას მოვწონვარ,
რადგან ჩემ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ჯერჯერობით არავის
გამოუვლენია.

- დიდი ხანია, რაც სამოდელო სფეროში მუშაობ?
- დაახლოებით ორი წელია.

- რომელი სააგენტოს მოდელი ხარ?
- "არტ ფეისში" ვიყავი, კონკურსის შემდეგ კი "იმიჯ ცენტრში" გადავედი.

- ჩვენებებში აქტიურად მონაწილეობდი?
- დიახ, აქტიურად: საქართველოში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან "ფეშენ მოვლენაში" ვმონაწილეობდი, არც ერთი არ გამომიტოვებია.

- როგორც მოდელმა, უცხოელების დაინტერესება თუ შეძელი?
- კი, მაგრამ საქართველოდან გამგზავრება ვერ მოვახერხე, რადგან უნივერსიტეტში ვსწავლობ - სწავლის პროცესს დიდი ხნით ვერ მივატოვებ.

- რომელ ფაკულტეტზე სწავლობ?
-
"საერთაშორისო ურთიერთობებზე". დიპლომატიით ბავშვობიდანვე დაინტერესებული
ვიყავი. ჩემი აზრით, ქალს ეს პროფესია ძალიან უხდება. ამიტომ ჩემი არჩევანი
ამ პროფესიაზე შევაჩერე.

- სწავლასა და მოდელობას ერთმანეთს როგორ უთავსებ?
-
საკმაოდ რთულია, მით უმეტეს - ბოლო დროს, რადგან მოდელობის გამო, ჩემი
რეჟიმი ძალიან დაიტვირთა. ვცდილობ, ორი საქმე ერთმანეთს შევუთავსო.

- ისეთივე წარმატებული სტუდენტი ხარ, როგორიც მოდელი?
- კი, რა თქმა უნდა, რადგან საკუთარ თავს უფლებას არ ვაძლევ, ერთ საქმეში წარმატებული ვიყო, მეორეში კი
ყურადღება მოვადუნო. ყოველთვის ვცდილობ, რასაც ხელს მოვკიდებ, ყველაფერში წარმატებული ვიყო!

- გარეგნობაზე ზრუნვა ბევრ დროს გართმევს?
-
კი, საკმაოდ. საერთოდ, ჩემს გარეგნობას ბავშვობიდანვე ყურადღებას ვაქცევ.
თავს იმის უფლებას არ მივცემ, რომ სახლიდან მოუწესრიგებელი გავიდე. "მის
საქართველოს" კონკურსამდეც ასეთი ვიყავი და ალბათ,
ყოველთვის ასეთი დავრჩები (იცინის).

- ფორმაში ყოფნას როგორ ახერხებ?
- ვცდილობ, ცხოვრების ჯანსაღ წესს მივდიო, აქტიურად ვვარჯიშობ, რაც ძალიან მეხმარება.

- თავისუფალ დროს რას აკეთებ?
-
მეგობრებთან ერთად მშვიდ გარემოში ყოფნა ჩემთვის ყველაზე კარგი გართობაა,
მაგრამ ბოლო ხანს თავისუფალი დრო ამისთვისაც აღარ მრჩება (იცინის).

- ამის გამო მეგობრები ხომ არ გსაყვედურობენ?
- ცდილობენ, გამიგონ. ზოგჯერ მათთვის რაღაცების ახსნაც მიწევს, მაგრამ არა უშავს - ეს ჩემი ტიტულის თანმხლები მოვლენაა.

- მას შემდეგ, რაც "მის საქართველო" გახდი, ალბათ შენი თაყვანისმცემლების რაოდენობა გაიზარდა.
- ალბათ (იცინის). ჯერჯერობით "მომაბეზრებელ სტადიაში" არ გადასულან. იმედია, ასევე გაგრძელებენ (იცინის).

- ორიგინალურ საჩუქრებს ხშირად გიძღვნიან?
- კი. ერთ-ერთი, რაც დამამახსოვრდა, ისაა, რომ ძალიან რომანტიკულ, სენტიმენტალურ წერილებს სახლის წინ მიტოვებდნენ.

- წერილების ავტორის ვინაობა გაარკვიე?
- რა თქმა უნდა.

- მერე?..
- ჯერჯერობით ისევ მარტო ვარ (იცინის).

- როგორი ბიჭები მოგწონს?
-
აუცილებლად ქერა უნდა იყოს ან შავგვრემანი-მეთქი, - ასეთი ჩამოყალიბებული
სტერეოტიპი არ მაქვს. ჩემი პირველი მოთხოვნაა - ჩემზე დაბალი მაინც არ უნდა
იყოს (იცინის).

- რამსიმაღლე ხარ?
- 180 სმ.

- ბიჭებთან ურთიერთობისას ეს პრობლემას ხშირად გიქმნის?
-
არც ისე ხშირად. რატომღაც ჩემ გარშემო მაღალი ბიჭები ტრიალებენ. ასე რომ,
პრობლემა არ მექმნება. ამით ძალიან ბედნიერი ვარ (იცინის)!

- დეა, მსოფლიო სილამაზის კონკურსისთვის როგორ ემზადები?
-
"მის საქართველოს" კონკურსისთვის მზადებისას ძალიან დატვირთული რეჟიმი
გვქონდა. ალბათ ახლა ორმაგი დატვირთვით განვაგრძობ მუშაობას - ამჯერად ხომ
მთელი მსოფლიოს ასპარეზზე გავდივარ!..


ეკა ღურწკაია, "პირველი ვიცე-მის საქართველო":
- ბევრი ვიფიქრე და ბოლოს გადავწყვიტე - "მის საქართველოს" კონკურსზე გავსულიყავი. ჩემი ტიტულით კმაყოფილი, ბედნიერი ვარ!

- მოდელად მუშაობის გამოცდილება გაქვს?
- კი. ორი წელია, "იმიჯ ცენტრის" მოდელი ვარ. კარიერის უფრო დიდი წარმატებით გაგრძელებას ვაპირებ!

- რომელიმე მსოფლიო კონკურსზე ხომ არ მიემგზავრები?
- "მის სამყაროზე", რომელიც, სავარაუდოდ, აგვისტოში ჩატარდება.


http://www.allfile.do.amნატა ბახტაძე, "მეორე ვიცე-მის საქართველო".
-
კონკურსში მონაწილეობა მეც ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე. კასტინგი
გავიარე, 23 გოგონას შორის მოვხვდი. მოსამზადებელი პერიოდი გავიარე და
საბოლოოდ "მეორე ვიცე-მის საქართველო" გავხდი. მიმაჩნია, რომ ჩემი ტიტული -
დიდი წარმატებაა, მომავალში კი უფრო დიდ წარმატებას მივაღწევ!

- რომელი სააგენტოს მოდელი ხარ?
- "იმიჯ ცენტრის".

- რომელიმე კონკურსზე უცხოეთში შენც მიემგზავრები?
- საქართველოს სახელით "მის ინტერკონტინენტალზე" წარვდგები.


ნათია კაჭარავა, "მესამე ვიცე-მის საქართველო":
-
"მის საქართველოს" კონკურსში მონაწილეობა ოჯახის წევრებმა მირჩიეს.
შედეგით კმაყოფილი ვარ: 23 ლამაზი გოგონადან ხუთეულში მოხვედრა ძალიან
სასიამოვნოა! რომელიმე საერთაშორისო კონკურსზე თუ გამიშვებენ, ვეცდები,
საქართველო კარგად წარვადგინო!

- რამდენი ხანია, რაც მოდელი ხარ?
- დაახლოებით სამი წელია. "იმიჯ ცენტრის" მოდელი ვარ.


ანი ესაკია, "მეოთხე ვიცე-მის საქართველო":
-
ეს ტიტული დიდ წარმატებად მიმაჩნია! ერთი წელია, რაც "იმიჯ ცენტრის"
მოდელი ვარ. ვეცდები, სერიოზული სამოდელო კარიერა გავიკეთო. ეს როგორ
გამომივა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ წარმატებული
მოდელი გავხდე!

- კონკურსანტებს შორის დაძაბულობა ხომ არ იგრძნობოდა?
- გამოკვეთილად - არა. ერთი კვირა ბათუმში ვიყავით, რაც ჩვენი დამეგობრებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

- "მის საქართველოს" კონკურსის რომელიმე ნომინაციაში ისეთმა გოგონამ თუ გაიმარჯვა, ვინც "იმიჯ ცენტრის" მოდელი არ არის?
- კი, როგორ არა! მაგალითად, ერთ-ერთ ნომინაციაში ბორჯომელმა გოგონამ გაიმარჯვა...


ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)





















კატეგორია: მოდა | ნანახია: 1615 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar