მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » უკაპიტალო მარქსი და დარვინის ქონება
11:50 AM
უკაპიტალო მარქსი და დარვინის ქონება



ბრიტანულ საიტზე Ancestry.co.uk-ზე, რომელიც წარმომავლობის შესწავლითაა დაკავებული და ნებისმიერ მსურველს გენეალოგიური ხის შედგენაში ეხმარება, მსოფლიოს ცნობილი ადამიანების ანდერძები გამოქვეყნდა. საიტზე იმ ანდერძთა საარქივო დოკუმენტები დაიდო, რომლებიც 1861-1941 წლებში ინგლისისა და უელსის 6 მლნ მოქალაქემ და რეზიდენტმა დატოვა.

როგორც ირკვევა, გარდაცვალების შემდეგ თითქმის არაფერი დარჩათ ეკონომისტს, ფილოსოფოსსა და საზოგადო მოღვაწეს, "კაპიტალის" ავტორს კარლ მარქსსა და ცნობილ ინგლისელ მწერალს ოსკარ უაილდს. სამაგიეროდ, შთამომავლებს საკმაო ქონება უანდერძეს ევოლუციის თეორიის მამამ ჩარლზ დარვინმა და მწერალმა ჩარლზ დიკენსმა.

მარქსს, რომელიც ბურჟუაზიულ საკუთრებას კომუნისტურ უარს უცხადებდა, მსოფლმხედველობა სიცოცხლის ბოლომდე არ შეუცვლია. 1883 წელს მარქსის გარდაცვალების შემდეგ მის უმცროს ქალიშვილს მემკვიდრეობის სახით მხოლოდ 250 ფუნტი სტერლინგი ერგო (დღევანდელი ფულადი ექვივალენტით ეს 28 ათასი ევროა).

თითქმის ასეთ თანხას ფლობდა სიკვდილის წინ "დორიან გრეის პორტრეტის" ავტორიც. გაცხადებული ჰომოსექსუალური მიდრეკილებების გამო ოსკარ უაილდი განკითხვის ობიექტი გახდა, რამაც ის პატიმრად და ღარიბ ადამიანად აქცია. მწერალი ინგლისიდან საფრანგეთში გაიხიზნა, სადაც 1900 წელს გარდაიცვალა.

რაც შეეხება "დევიდ კოპერფილდის" ავტორს, 1870 წელს გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს 80 ათასი ფუნტი (დღევანდელი 7 მლნ ევრო) ერგოთ. კიდევ უფრო გაუმართლათ ჩარლზ დარვინის მემკვიდრეებს, რომლებმაც წინაპრისგან 146 ათასი ფუნტი (დღევანდელი 15 მლნ ევრო) მიიღეს.

როგორც ირკვევა, არცთუ ურიგო მემკვიდრეობა დატოვა ლეგენდარულ შერლოკ ჰოლმსზე შექმნილი დეტექტიური მოთხრობების ავტორმა არტურ კონან-დოილმა - 63 ათასი ფუნტი (თითქმის 3 მლნ ევრო).

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.







კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1110 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: უკაპიტალო მარქსი და დარვინის ქონება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar