ჰუბეის პროვინციის სასტუმროს რესტორანში მზარეულის შესარჩევად უჩვეულო კონკურსი გამართეს - მზარეულობის პრეტენდენტებს სათუთად უნდა დაეჭრათ ნესვი ქალის მუცელზე.
როგორც Orange News იუწყება, 15 მონაწილეს შორის დავალება ყველაზე კარგად ხუ გუამ შეასრულა.
სასტუმროს წარმომადგენლებმა გამოცდის მიმდინარეობა დეტალურად აღწერეს. ქალბატონი, რომელმაც სარისკო კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, მაგიდაზე დაწვა, მას მუცელზე თხელი პოლიეთილენი გადააფარეს. შეფ-მზარეულობის კანდიდატები ზედ ნესვის ნაჭერს დებდნენ და ცდილობდნენ, ის მაქსიმალურად თხლად და სწრაფად დაეჭრათ.
სასტუმროს თანამშრომლების თქმით, გამოცდის დროს ხუ გუა საკმაოდ თავდაჯერებული ჩანდა. მან ნესვის ნაჭერი წუთზე ნაკლებ დროში დაანაწევრა და კონკურსის მონაწილე ქალბატონიც არ დააზიანა.
"ჩემთვის ეს კონკურსი უჩვეულო იყო, რადგან აქამდე ქალის სხეულზე არაფერი დამიჭრია", - აღნიშნა ხუ გუამ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.