რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური საიტი სენსაციურ ცნობას ავრცელებს.
რუსეთში
გამალებით მუშაობენ მოწყობილობაზე, რომლის მეშვეობით კვამლი ოქროდ უნდა
გარდაიქმნას. ამ პროექტში სახელმწიფო 3,7 მლნ რუბლის ჩადებას აპირებს,
ბიუჯეტიდან კიდევ ერთი მილიონი კი "დოკუმენტაციის მომზადებას" უნდა
მოხმარდეს.
ტენდერის პირობების თანახმად, "საქმეში ნაცადი, 500
კუბ.მეტრი/სთ-ის წარმადობის მოწყობილობა, რომელიც კვამლის აირებიდან ოქროს
მიიღებს, 2010 წლის 1 დეკემბერს მზად უნდა იყოს". დამკვეთი რუსეთის
მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი განყოფილება - ამურის სასწავლო ცენტრია.
დოკუმენტთა
თანახმად, ამ საკმაოდ საპასუხისმგებლო დაკვეთის შემსრულებელი, ტენდერში
გამარჯვებული "ეკატერინებურგის სამეცნიერო-ინჟინრული კავშირის
საზოგადოებრივი ორგანიზაციაა".
"დაკვეთის ტექნიკური მოთხოვნები
ისეთი რთული სამეცნიერო ენითაა აღწერილი, რომ რიგითი ადამიანი აზრს ვერ
გამოიტანს", - წერს "Новая газета". საკითხში გასარკვევად გაზეთის
წარმომადგენლებმა ამურის სასწავლო ცენტრს მიმართეს. სამწუხაროდ, ცენტრის
ხელმძღვანელი შვებულებაში აღმოჩნდა. ჟურნალისტებთან კომენტარი
ფიზიკა-მათემატიკური მეცნიერების კანდიდატმა ნიკოლაი ლუცენკომ გააკეთა.
მისი
თქმით, ამ სასწაულმოქმედი მოწყობილობის შესახებ არაფერი სმენია, თუმცა
დაკვეთაში უცნაურს ვერაფერს ხედავს, რადგან "დიდი ხანია ამურის სასწავლო
ცენტრში ოქროსშემცველი სხვადასხვა წყაროებიდან ოქროს მიღებაზე კვალიფიციური
სპეციალისტები მუშაობენ".
გაზეთი ირონიულ პროგნოზს აკეთებს, რომ
უკვე მომავალი წლიდან, როდესაც სასწაულებრივი აპარატის მასობრივი წარმოება
დაიწყება, რუსები კვამლიდან ოქროს გამომუშავებას თავ-თავიანთ აივნებზე
შეძლებენ და ვეღარავითარი მსოფლიო კრიზისი მათ ვეღარ შეაშინებს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.