მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 3 » როგორ საათებს ატარებენ ცნობილი ადამიანები
11:28 AM
როგორ საათებს ატარებენ ცნობილი ადამიანები



ადამიანები მრავალი  საუკუნის  განმავლობაში ითვალისწინებდნენ მოდის ტენდენციებს და თავიანთი ინდივიდუალურობის ხაზგასასმელად იცვლიდნენ  ვარცხნილობას, სამოსს, აქსესუარებს.

გარდერობის ზოგი ატრიბუტი წარსულს ჩაჰბარდა, ზოგმა სახე იცვალა, მაგრამ მაჯის  საათები ყოველთვის  იყო მოდური და ასეა დღესაც.

სწორედ საათია მამაკაცის სტატუსის განმსაზღვრელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარეგნული მაჩვენებელი. 

ბენჯამენ ფრანკლინის ნათქვამი: "დრო ფულია!" დღესაც აქტუალურია - თანამოსაუბრის საათისთვის თვალის ერთი შევლებაც კი საკმარისია  საზოგადოებაში მისი  სტატუსის, გადახდისუნარიანობისა და გემოვნების  განსაზღვრისთვის.

საათს პოლიტიკოსთა აქსესუარებში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. უძრავი ქონება, იახტა, თვითმფრინავი, როგორც წესი, უცხო თვალისგან მოფარებულია, მაჯაზე გაკეთებული საათი კი ხელის ყოველი მოძრაობისას ჩანს...

"ყველა სიახლემ" ინტერნეტში გამოქვეყნებული მასალებისა და ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, დაადგინა უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსების და, საერთოდ, პოპულარული ადამიანების  საათების მარკები და მოდელები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა არც ისე ძვირი საათი აირჩია - chanel j 12. მისი ფასი 3.950 დოლარია.

დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ დავადგინეთ, ამჟამად რომელი მარკის საათს ატარებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თუმცა შარშან მას 200 დოლარად ღირებული პლასტმასის საათი ეკეთა, რომლის ციფერბლატზეც უხამსი ნახატები იყო გამოსახული, ამის შესახებ საზოგადოებას ბრიტანული გაზეთის Indepented-ის ჟურნალისტმა შონ უოლკერმა ამცნო.

უოლკერისთვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ყურადღება დაიმსახურა შვეიცარიულმა საათმა Swatch Swiss Bunnysutra-მ, რომლის ციფერბლატზეც გამოსახულია რამდენიმე წყვილი კურდღლის სექსუალური აქტი სხვადასხვა პოზაში.


ამერიკის პრეზიდენტი ბარაქ ობამა საარჩევნო კამპანიის დასაწყისში ელეგანტურ, შვეიცარიულ, 1.500 დოლარად ღირებულ საათს, Tag Heuer-ს ატარებდა. შემდეგ მან ეს საათი შეცვალა გაცილებით უფრო იაფი მოდელით Jorg Gray 6500-ით, რომელიც იწარმოება იაპონიაში და 200 დოლარი ღირს.


რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის თეთრი ოქროს Patek Philippe Perpetual calendar-ის 60 ათას დოლარად არის შეფასებული.

ინგლისის საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი ატარებს Rolex Daytona-ს, რომელიც 29 ათასი დოლარი ღირს.

ცნობისთვის

პირველი ხელსაწყო, რომლითაც ადამიანმა დრო გაზომა, იყო გნომონი (ჩვ. წ. მდე III ათასწლეული) ჰორიზონტალურ სადგამზე ვერტიკალურად ჩასარჭობი ჯოხი, ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულება მიუთითებდა მზის სიმაღლეს და მდგომარეობას მერიდიანის მიმართ, ამიტომ მის მიხედვით ადვილად განსაზღვრავდნენ დროს.

ძველ ეგვიპტესა და საბერძნეთში იყენებდნენ ამავე პრინციპზე დამყარებულ საათს, დროს აღრიცხავდნენ დანაყოფებიან ჭურჭლებში სავსე რეზერვუარიდან თანაბარი ინტერვალებით წვეთ-წვეთად ჩამდინარე წყლის დაგროვილი რაოდენობის მიხედვით.

ქვიშის საათი: შუა საუკუნეებში რაინდები შერკინებისას გასაზომად ქვიშის საათს იყენებდნენ, ბრძოლა მთავრდებოდა მაშინ, როდესაც ქვიშა საათის ერთი ნაწილიდან მეორეში ჩაიცლებოდა.

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)







კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1161 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: როგორ საათებს ატარებენ ცნობილი ადამ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar