მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » 2020 წელს მთვარეზე ლიფტი იმოძრავებს
4:12 PM
2020 წელს მთვარეზე ლიფტი იმოძრავებს




თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სათანადო ინვესტიციების შემთხვევაში 2020 წლისთვის მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აიგოს. ამის შესახებ კომპანია LiftPort Group-ის დამაარსებელმა მაიკლ ლეინმა განაცხადა.

”ჩვენ ეს საკითხი საკმაოდ საფუძვლიანად შევისწავლეთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია და ადრე თუ გვიან, მთვარეზე კოსმოსური ლიფტი აუცილებლად ამოქმედდება”, - განაცხადა ლეინმა.

კონსტრუქციის პროექტში მთვარის ზედაპირსა და ე.წ. L1-ის წერტილში (დედამიწასა და მთვარეს შორის კოსმოსურ სივრცეში) ”ღუზების” განთავსება მოიაზრება, რომელთა შორის გამავალ ტროსზე ლიფტი იმოძრავებს.

ლეინის თქმით, ლიფტის მეშვეობით მთვარის ზედაპირზე კოსმოსური აპარატების გაგზავნა და იქიდან გრუნტის ჩამოტანა გაცილებით იაფი დაჯდება. ლიფტის გამოყენება წარმატებით მოხდება მომავალშიც, როცა დედამიწის თანამგზავრს, უფრო შორეული კოსმოსური მოგზაურობისთვის ერთგვარი სადგურის ფუნქცია მიეცემა.

პროექტზე მომუშავე მეცნიერები ლიფტის აგების პროცესში სირთულეების წარმოშობას არ გამორიცხავენ, რაც სავარაუდოდ, კონსტრუქციაზე კოსმოსში მუშაობასთან იქნება დაკავშირებული. ამ მიზეზით, შესაძლოა, პროექტის განხორციელების საჭირო ვადები და სახსრები გაიზარდოს.

კოსმოსური ლიფტის კონცეფციაზე კომპანია LiftPort Group 2003 წლიდან მუშაობს. მის პირველ პროექტში, დედამიწის ზედაპირიდან აეროსტატამდე გაბმულ ტროსზე, რომელიც 460 მეტრ სიმაღლეზე იყო, LiftPort-ის რობოტები მოძრაობდნენ. 2007 წელს შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო კომპანია მხოლოდ მთვარის ლიფტის პროექტზე გადაერთო.

”მთვარის კოსმოსური ლიფტის აგება უფრო მარტივი და იაფია, ვიდრე დედამიწის: ტროსის სიგრძე 50 ათას კმ-ს შეადგენს. დედამიწის შემთხვევაში კი ეს ორჯერ მეტია. რაც შეეხება ტროსის სიმტკიცეს, ის თანამედროვე მასალით - ზაილონის სინთეტიკური ბოჭკოსგან დამზადდება”, - განაცხადა გამომგონებელმა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 864 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: 2020 წელს მთვარეზე ლიფტი იმოძრავებს | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar