კრასნოდარის
მხარის სამართალდამცავი ორგანოები ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის
ინციდენტს იძიებენ: სარეკლამო აქციის ფარგლებში პარაშუტს ვირი გამოაბეს და
ჰაერში გაუშვეს, იტყობინებიან ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები.
ამგვარი ფანდით ადგილობრივი ბიზნესმენები აზოვის ზღვაზე მათ კუთვნილ კერძო პლაჟებზე დამსვენებლების მიზიდვას ცდილობდნენ.
თვითმხილველები ნანახით აღშფოთებულნი იყვნენ. მათ მომხდარის შესახებ ადგილობრივ გაზეთებს შეატყობინეს.
"ვირი პარაშუტს გამოაბეს, რათა გართობის ამ სახეობისადმი დამსვენებლების
ყურადღება მიეპყროთ. ვირი ყვიროდა, ბავშვები ტიროდნენ, მაგრამ ჭკუა არავის
ეყო, რომ ეს ყველაფერი მილიციისთვის შეეტყობინებინა", - განაცხადა შინაგან
საქმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა.
როგორც გაზეთი
"ტამანი" წერს, ვირის მიწაზე დაშვება საშინელი იყო: ქარმა პატაშუტი
წყლისკენ წაიღო და ვირი რამდენიმე მეტრის მანძილზე ათრია, შემდეგ კი
ცხოველი ცოცხალ-მკვდარი გამოათრიეს ნაპირზე.
გამოძიება მას შემდეგ
დაიწყო, რაც გალუბიცკაიას ცენტრალურ პლაჟზე მომხდარი ინციდენტის შესახებ
გაკეთებული რეპორტაჟი ტელევიზიით აჩვენეს.
თუ ბიზნესმენების დანაშაული დადასტურდება, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღძრავენ, იტყობინება РИА Новости.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.