მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 2 » რა ღირს ხიდიდან გადახტომა თბილისში?
8:57 AM
რა ღირს ხიდიდან გადახტომა თბილისში?



ექსტრემალთა გუნდი "ექსთრემ თიმი" უკვე 7 წელია, სპორტის ექსტრემული სახეობებით არის დაკავებული და ჩვენს ქვეყანაში მის პოპულარიზაციას ცდილობს. გუნდში გაერთიანებულნი არიან საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის წევრები, პროფესიონალი და მოყვარული ალპინისტები.

"ბანჯი ჯამპინგის" (რაც ელასტიკური თოკით ხტომას ნიშნავს) მონაწილეს, მხტომელს, ანუ "ჯამპერს" სპეციალური სამაგრები უმაგრდება წელსა და ფეხებზე და სიმაღლიდან ხტება. 1950 წელს დევიდ ატენბორომ და ბი-ბი-სის გადამღებმა ჯგუფმა გაავრცელა დოკუმენტური ფილმი, სადაც ექსტრემალები მაღალი ხეებიდან ვაზის ლერწის დახმარებით ხტებოდნენ, რაც თავისებური სიმამაცის გამოხატულება იყო.

ამ ფილმმა კრის ბეკერი შთააგონა და ვაზის ლერწი ელასტიკური თოკით შეცვალა, რომელსაც ექსტრემალები ბანჯის უწოდებენ. პირველად ბანჯით გადმოხტომას სახიფათო სპორტის კლუბის წევრები შეეცადნენ. 1979 წლის 1 აპრილს ისინი კლიფტონის 250 მეტრი სიმაღლის ხიდიდან გადმოხტნენ, რის გამოც სამართალდამცველებმა დააკავეს.

ამის შემდეგ, მხოლოდ 1986 წელს, ხიდიდან გადმოეშვა ახალზელანდიელი ჰაკეტი გრინჰიტი და პირველი წარმატებული ნახტომის შემდეგ ეიფელის კოშკიდანაც გადმოხტა, ის ამ სპორტისადმი საზოგადოებას ინტერესს უღრმავებდა. "ბანჯი ჯამპინგი" მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთ პოპულარულ ექსტრემული სპორტის სახეობად ითვლება, საქართველოში კი ამ სპორტის დაბადების დღედ 19 ივნისი გამოცხადდა.

გია მამაცაშვილი, მოყვარული ექსტრემალი, ექსტრემული გუნდის წევრი:
- უკვე საქართველოშიც არსებობს ნამდვილი "ბანჯი ჯამპინგი". გახსნამდე ინსტრუქტორებმა და ოპერატორებმა საკუთარ თავზე გამოვცადეთ ყველა სამაგრი და მოწყობილობა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ ატრაქციონის გახსნის გადაწყვეტილება. პირველი ჯამპერი ირაკლი გუჯაბიძე გახლდათ, ხოლო პირველი ქართველი ქალი ჯამპერი ანა დულარიძე.

ირაკლი გუჯაბიძე, ისევე როგორც მამამისი ბიძინა, პროფესიონალი ალპინისტია, ანა კი მრავალი ალპინისტური თუ მთამსვლელთა კონკურსების გამარჯვებული. სწორედ მე მხვდა წილად მსუბუქი წონისთვის გათვლილი თოკის გამოცდა. ამ ელასტიკური თოკებით უკვე მრავალი ადამიანი გადმოხტა და ყველა ნახტომმა წარმატებით ჩაიარა. მაღლივის ხიდი ყველაზე მაღალია თბილისში და სწორედ ეს გახდა მისი არჩევის მიზეზი.

- თოკი, რომლითაც ჯამპერი ხტება ნამდვილი ბანჯის თოკია? ამბობენ, საქართველოში ალპინისტური თოკებით ახტუნავებენ ჯამპერებსო.
- თოკი, რომლითაც საქართველოში ხტებიან, ზუსტად ისეთივეა, როგორიც სხვა ქვეყნებში. ყველა დეტალი და მოწყობილობა შეძენილია ოფიციალური დილერებისგან, რომელთაც 10-წლიანი გამოცდილება აქვთ ამ დარგში. ჩვენი ჯგუფი პასუხისმგებელია ატრაქციონის ტექნიკური მხარის გამართულობაზე.

- რაიმე შეზღუდვა თუ არის ჯამპერებისთვის?
- მაღალწნევიანებისთვის "ბანჯი ჯამპინგი" მიზანშეწონილი არ არის. გადმოხტომა შეუძლია 45-დან 110 კგ-ს ჩათვლით ნებისმიერ სრულწლოვან ჯანმრთელ ადამიანს. ამ სიამოვნების ფასი 50 ლარია. სხვათა შორის, ასეთი ტიპის ატრაქციონისთვის ეს საკმაოდ იაფია (ყველაზე იაფი მსოფლიოში), ფასი სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით 100 დოლარის ფარგლებში მერყეობს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ "ბანჯი ჯამპინგი" საქართველოს საკურორტო და საზღვაო ზონაშიც მოვაწყოთ.

მიუხედავად იმისა, რომ ატრაქციონი მხოლოდ ორი კვირაა გაიხსნა, საკმაოდ პოპულარული გახდა. ინტერესი ალბათ გამოწვეულია იმითაც, რომ ერთ-ერთი პირველი ჯამპერი პარლამენტარი კობა ხაბაზი გახლდათ. როგორც ბატონი კობა აღნიშნავს, შეუდარებელი გრძნობაა, როცა ფრენა შეგიძლია. ერთ-ერთი პირველი იყო დილის "ბიზნესკურიერის" წამყვანი მიშა სესიაშვილიც.

ხდება ისეც, რომ უკვე მომზადებული ჯამპერი ხიდიდან გადახედვისას იცვლის აზრს და გადახტომაზე უარს ამბობს. ხიდზე ადრენალინის მუხტი იმდენად ძლიერია, რომ საყურებლად მისულთაგანაც ბევრი გადმომხტარა. ზოგს ეშინია, ზოგს არა, მაგრამ ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ პირველი ნაბიჯის გადადგმას თუ შეძლებ, შეუდარებელი სიამოვნება და დაუვიწყარი თავგადასავალი გელის.

სოფო ყარალაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)








კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1376 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რა ღირს ხიდიდან გადახტომა თბილისში? | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar