ნიუ
იორკში ტერორისტთა მიერ დანგრეული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ცენტრის
ადგილზე ხის გემის კორპუსის ფრაგმენტს მიაგნეს, რომელიც სავარაუდოდ XVIII
საუკუნეში აიგო, - იტყობინება ბრიტანული გაზეთი The Times.
9 მეტრი
სიგრძის ხის გემის ნარჩენებს ზღვის დონიდან 6 მეტრის ქვემოთ, მიწისქვეშა
სამუშაოებისას მიაგნეს. თავდაპირველად მუშებმა ანძა და გემბანის ძელები
აღმოაჩინეს, მომდევნო დღეს კი მიწისგან გემის კორპუსი გამოათავისუფლეს.
გემთან ერთად აღმოჩნდა 40 კგ-იანი ღუზაც.
სავარაუდოდ, უწინ ხის
გემი სხვადასხვა სახის ნარჩენებთან ერთად კუნძულ მანჰეტენის ნაპირის
გაფართოებისთვის გამოიყენეს, რათა მდინარე გუძონისგან მეტი ტერიტორია
გამოეთავისუფლებინათ.
არქეოლოგთა თქმით, გემი 200 წლის მანძილზე
ხელუხლებელი იყო, რადგან 1970 წელს სავაჭრო ცენტრის მშენებლობისას ის
ტერიტორია, სადაც გემი იყო დაფლული, არ გადათხრილა.
არქეოლოგებმა
მოლი მაკდონალდმა და მაიკლ პაპალარდომ აღმოჩენის დათვალიერების შემდეგ
ვარაუდი გამოთქვეს, რომ გემი XVIII საუკუნეში აიგო. მათი თქმით, თავის
დროზე გემი ნაპოვნ ფრაგმენტთან შედარებით სამჯერ უფრო დიდი იქნებოდა.
ამჟამად გემის ფრაგმენტი ლაბორატორიაში ექსპერტიზისთვის გაგზავნეს, რათა მისი სიძველე დაზუსტდეს.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.