მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » ცრურწმენები, რომლისაც ბევრს სჯერა და სტანჯავს
10:27 PM
ცრურწმენები, რომლისაც ბევრს სჯერა და სტანჯავს



ყველა ხალხში, მიუხედავად ეროვნებისა, გავრცელებულისა სხვადახვა წესი, რომელსაც თითქმის ყველა გულმოდგინედ იცავს. ეს წესები რწმენებს ემყარება და მათი უმრავლესობა, შესაძლებელია, მართალი არც იყოს. ცრურწმენების ბევრ ადამიანს სჯერა და მათ მიხედვით მოქმედებენ ხოლმე. როგორც წესი, ყოველთვის გამოჩნდება თუნდაც ერთი რეალური მაგალითი, რომელიც არსებულ ცრურწმენებს ამართლებს და ზოგიერთი უფრო მეტად რწმუნდება მათ სისწორეში.

შავი კატის გადარბენა, მარილის დაყრა, სარკის გატეხვა ბევრ ადამიანს მიაჩნია ბევრი უსიამოვნების მომტანად. სიზმრების რწმენაც შეიძლება ცრურწმენად ჩაითვალოს. ზოგიერთი ადამიანი სიზმრებს თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს და ამის მიხედვით ხსნის. თუ გავრცელებულ ცრურწმენებს დავუჯერებთ, თმის შეჭრა და ბანაობა არ შეიძლება ორშაბათს. დაბანა კვირის იმ დღესაც არაა კარგი, რომელ დღესაც დაიბადე.

როგორც წესი, ცრუმორწმუნეები უფროსი ასაკის წარმომადგენლები უფრო არიან. ახალგაზრდები უფრო სკეპტიკურად უყურებენ ამ ყველაფერს და ცდილობენ მათი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცნენ. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმერი ასაკის ადამიანებში გამოერევიან ისეთები, რომლებიც ფანატიკოსებად შეიძლება ჩაითვალონ და ყველანაირი ცრურწმენის სჯერათ და ისეთებიც, რომლებიც საერთოდ ყურადღებას არ აქცევენ მათ.

გათვალვა ბევრ ადამიანს აშინებს. თუ ვიღაცამ "ცუდი თვალით" შემოგხედათ, ამან შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები მოიტანოს. ამის ღრმად სჯერა როზა ხმალაძეს. იგი ყოველთვის აკონტროლებს ვისთან რა უნდა თქვას, რომ საკუთარ თავსა და ოჯახს პრობლემები არ შეუქმნას:

"მჯერა, რომ შურმა და ცუდმა თვალმა შეიძლება ოჯახს ზიანი მოუტანოს. თუ ვინმეს შენი რაღაც შეშურდება, გაგთვალავს და მაშინვე საქმე ცუდად წაგივა. ამიტომ ვერიდები შურიან ადამიანებთან ჩემ თავზე და ოჯახზე ლაპარაკს. შემოსასვლელში, სახლის კარის პირდაპირ გიშერი მაქვს ჩამოკიდებული და ის გვარიდებს სახლში შემოსული ყველა ადამიანის თვალს.

სხვათა შორის, თურქეთდან ჩამოტაილი თილისმა მქონდა, რომელიც ავი თვალისგან გიცავს. ერთი მეზობელი მყავს, რომელიც ძალიან შურიანი ქალია. ერთ დღეს ეს ქალი იყო სახლში ჩემთან შემოსული, რომ წავიდა, ვნახე, რომ ეს თილისმა გატეხილი იყო. თაროზე გვედო, მას არც მიკარებია, მაგრამ მაინც გატყდა შუაზე. ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს თილისმა ავმა თვალმა არ გატეხა.

ჩემი შვილი ამ ჩემს ცრურწმენაზე ყოვეთვის დამცინოდა, მაგრამ იმ დღეს თავადაც დაფიქრდა და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მე მართალი ვიყავი. სხვა ცრურწმენების არ მწამს, არც შავ კატაზე მაქვს რეაქცია და არც სარკის გატეხვაზე", - ამბობს როზა ხმალაძე.
ცრურწმენებს ეკლესია არ აღიარებს. არსებობს ისეთი ცრურწმენები, რომლებიც ეკლესიასა და რელიგიას ეხება და მათ მორწმუნე ადამიანებიც კი "იცავენ". ეკლესიისათვის კი ეს მიუღებელია. თავად სიტყვა ცრურწმენაში ჩანს, რომ რისიც ასე გვწამს და ასე გვჯერა, ცრუა.

"ვცდილობ, ცრუმორწმუნე არ ვიყო, თუმცა მაინც ხშირად შემინიშნავს, რომ რაღაც სისულელეებს ყურადღებას ვაქცევ. მაგალითად, შემინიშნავს, რომ ხანდახან ხეზე სამჯერაც ვაკაკუნებ, შავი კატა თუ გადამირბენს, ველოდები, რომ ჯერ სხვამ გაიაროს. ამ ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებ და არა მიზანმიმართულად. ეს ყველაფერი უაზრობაა, მაგრამ იმდენადაა გამჯდარი ჩვენში, რომ თავიდან მოცილებას ვერ ვახერხებთ.

ზოგიერთი ცრურწმენა სასაცილოც კია. ერთი მეგობარი მყავს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ბაბუა მოუკვდა. ჯერ პანაშვიდებზე და დასაფლავებაზე ხომ უამრავი წესი არსებობს, რომლებივ ვითომ ეკლესიურია, სინამდვილეში კი მხოლოდ მარაზმია. დასაფლავების შემდეგ კი მართლა საოცრებებს აკეთებდნენ.

ბებიამისი ყოველ დღე იმ საჭმელებს ამზადებდა, რომელიც მის ქმარს უყვარდა, თეფშზე გადმოიღებდა და მის გადიდებულ სურათთან დგამდა. საიქიოში შეჭამსო. მისთვის რომ გეკითხათ, საჭმელი თეფშზე იკლებდა კიდეც. ვერაფრით შეეწინააღმდეგებოდი. ახლა მის ქმარს საიქიოში საჭმელს აღარ უკეთებს, მაგრამ სხვა ცრურწმენებიც აქვს მიცვალებულებთან დაკავშირებით", - აღნიშნა რატი სიხარულიძემ "რეზონანსთან" საუბარში.

ხალხში არსებული ცრურწმენების თანახმად, არ შეიძლება ადამიანს ხელიდან ხელში მიაწოდო წიწაკა, ხახვი, ნიორი, რადგან მიჩნეულია, რომ შენს პრობლემებსა და სიმწარეს იმ ადამიანს გადასცემ, ვისაც ამ მწარე ბოსტნეულს აწვდი. გასაკვირია, მაგრამ, თურმე, საპნის გადაცემაც არ შეიძლება ხელიდან ხელში. ამან შედეგად რა შეიძლება მოიტანოს, ცნობილი არაა.

თეა ქებაძეს ცრურწმენა "სიმწარის გადაცემაზე" იმდენად ღრმად აქვს გამჯდარი, რომ მოქცევის შესაბამის წესებს ბოსტნეულის ყიდვის დროსაც კი არ ივიწყებს: "ბავშვობიდან სულ ის მესმის მარილი არ დააბნიო, წიწაკა ხელში არავის მისცე, ხახვს ნუ გამოართმევ, მაგიდაზე დადოს და ისე აიღე და ამის მსგავსი ათასი "შეგონება". უკვე აღარც კი ვაკვირდები, რომ ეს ყველაფერი, უბრალოდ, სისულელეა და მაინც ვიცავ წესებს.

ხახვს, ნიორს, წიწაკას რომ ვყიდულობ და გამყიდველი ცელოფნის პარკით მაწვდის, არ ვართმევ ხოლმე. დახლზე უნდა დადონ და იქიდან ვიღებ. მართალი რომ გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ საგანს თუ ადამიანს რაღაც ენერგია აქვს, ამ საკითხთან დაკავშირებული ცრურწმენები არასოდეს მიმაჩნდა სერიოზულად.

ბევრისაგან გამიგია, რომ როცა სახლში ვიღაც მოკვდება, სარკეს აუცილებლად უნდა ჩამოვაფაროთ რამე ქსოვილი, თორემ ის უარყოფითი ენერგიით აივსება. ასევე ხშირად მსმენია, ადამიანის გარდაცვალებიდან ორმოც დღეში თუ რაღაც წესები არ დავიცავით, სული გაბოროტდებაო. თან, რაც მთავარია, ეს წესები ყველა კუთხეში განხვავებულია. აქედანვე ჩანს, რომ ეს ყველაფერი არასწორია", - ამბობს თეა ქებაძე.






კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1192 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: რომლისაც ბევრს სჯერა და სტანჯავს, ცრურწმენები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar