მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » ინდოეთის წმინდა გველები
10:23 PM
ინდოეთის წმინდა გველები



ინდოეთში გველს ყველგან შეხვდებით - ურნაშიც და მდიდრული სასტუმროს ნომერშიც, მაგრამ მისი მოკვლა აკრძალულია, რადგან წმინდა არსებად მიიჩნევა. ლეგენდის თანახმად, დემონ მარამ ქარი და წვიმა მოუვლინა ბუდას, რათა მას ნეტარებისთვის ვერ მიეღწია. კობრა შვიდჯერ შემოეხვია ბუდას ტანზე და დაიცვა იგი. გველებისადმის პატივისცემის ნიშნად, ინდოელები ღმერთებს გველის სამკაულით (ყელზე, ფეხზე, მაჯაზე), გამოსახავენ. მათ მიაჩნიათ, რომ ქალღმერთი მანა ადამიანებს გველის ნაკბენისგან იცავს. ძველად, მის პატივსაცემად მოწყობილ დღესასწაულებზე, მანას მსხვერპლს სწირავდნენ; ზოგჯერ - ადამიანებსაც.

გველის მოკვლა დიდ ცოდვად მიიჩნევა. ბრახმანი მოკლულ ცხოველს სამგლოვიარო მანტრებს უკითხავს და მის სხეულს სარიტუალო ცეცხლზე წვავენ. გველს ტაძრებს უგებენ, მათზე ლოცულობენ. ოჯახის მფარველად და გარდაცვლილთა სულებად მიიჩნევენ. ინდოეთის ზოგიერთ სოფელში, კარის ორივე მხარეს გველის გამოსახულებას დებენ, რათა ცხოველმა ოჯახი უბედურებებისგან დაიცვას. ზოგიერთებს, ეზოებშიც კი ჰყავთ წმინდა კობრები. თუ ოჯახი საცხოვრებელ ადგილს იცვლის, გველებიც თან უნდა წაიყვანოს. საოცარია, მაგრამ გველები პატრონებს არასდროს კბენენ.

ინდოეთში მიაჩნიათ, რომ თუ ქალს შვილი არ უჩნდება, მან წინა ცხოვრებაში გველი მოკლა. მადრასის მახლობლად, რაჯახმანდში, ერთ-ერთ სოროში ბებერი კობრა ბინადრობდა. დროდადრო გველი მზეზე გასათბობად გამოდიოდა. ადგილობრივებისთვის მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. უშვილო ქალები ხვრელთან ბრინჯს, კვერცხებსა და ხორცის ნაჭრებს უტოვებდნენ. ვინც ხვრელიდან გამოსულ კობრას დაინახავდა, დედობა ეღირსებოდა.

ინდოელისთვის დიდი ბედნიერებაა გველის ტყავის პოვნა. თუ საფულეში შეინახავს, სიმდიდრეს მოუტანს. ინდოელების აზრით, გველებმა ბალახის სამკურნალო თვისებების შესახებ იციან და საიდუმლოს მხოლოდ ბერებს უმხელენ.

ყოველწლიურად, შრავანის (ივლისის თვე) მეხუთე დღეს ინდოეთში გველების დღესასწაულს - ნაგაპანჩამს აღნიშნავენ. ამ დღეს ყველა ისვენებს. გველები ტყეებიდან მოჰყავთ და ეზოებსა და ქუჩებში უშვებენ. თაფლით, რძითა და ერბოთი უმასპინძლდებიან. ხვრელებთან ჟასმინისა და წითელი ლოტსის თაიგულებს უდებენ, გვიანობამდე ლოცულობენ. ყველაზე მამაცები გველებს სხეულზე იხვევენ. ეს დღესასწაული საუკუნეების მანძილზე ტარდება და ამ დღეს გველები ადამიანებს არ კბენენ. სხვათა შორის, ინდოეთში გველის ნაკბენისგან ყოველწლიურად 75 ათას ადამიანი იღუპება. ყველაზე შხამიან გველად კობრა მიიჩნევა.

კბენის შემდეგ ადამიანი რამდენიმე წუთში კვდება. კობრა მთელ ინდოეთშია გავრცელებული (ინდოეთში 216 სახეობის გველი ბინადრობს. აქედან 52 - შხამიანია. არსებობს შხამის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ ინდოელები მას არ ცნობენ). ჩვეულებრივი კობრა სიგრძით 2 მეტრია, სამეფო - ხუთ მეტრამდე იზრდება. გველის თავზე გამოსახულ ნიშანს ინდოელები მზისა და ცეცხლის მამოძრავებელ ძალად მიიჩნევენ.

რუსუდან გელაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 870 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: ინდოეთის წმინდა გველები | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar