მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ვიოლინოს აუქციონზე გამოიტანენ
10:06 PM
მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ვიოლინოს აუქციონზე გამოიტანენ



The Guardian-ის ცნობით, ვიოლინოს, რომელიც 1741 წელს ცნობილმა იტალიელმა ოსტატმა გვარნერი დელ ჯეზიმ შექმნა, აუქციონზე გამოიტანენ. გვარნერი სტრადივარისთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ოსტატად ითვლება და მის ვიოლინოზე ვაჭრობა 18 მილიონი დოლარიდან დაიწყება.  

უძვირფასეს ვიოლინოს სახელი "ვიეტანი" (Vieuxtemps Guarneri) ცნობილი ბელგიელი კომპოზიტორისა და მევიოლინეს ანრი ვიეტანის პატივსაცემად ეწოდა, რომელიც წარსულში მასზე უკრავდა.

ამჟამად ვიოლინო ბრიტანელ პენსიონერ ფინანსისტსა და ფილანტროპს იენ სტუცკერს იკუთვნის, რომელმაც ეს ძვირფასი ინსტრუმენტი ოქსფორდის ვულფსონ-კოლეჯის დამაარსებლისგან, სერ ისააკ ვულფსონისგან შეიძინა.  

აუქციონის ორგანიზატორია კომპანია Bein & Fushi, რომელიც უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტების ბაზარზე ლიდერად ითვლება.

მევიოლინე პიტერ კვინტი, რომელსაც ამ ინსტრუმენტზე დაკვრის ბედნიერება არაერთხელ ჰქონია, გვარნერის შედევრს ასე ახასიათებს: "ინსტრუმენტი წარმოუდგენელ სიმძლავრეს ფლობს არა მარტო ხმის სიმაღლის, ასევე ბგერის ხარისხის თვალსაზრისითაც. მას ძალუძს, სივრცე ხმოვანი პალიტრით გააჯეროს და შემსრულებელს საშუალება მისცეს, ემოცია ფართო სპექტრით გამოხატოს".

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ვაჭრობის დასრულების შემდეგ ვიოლინო რომელიმე მუზეუმში დაიდებს ბინას, რადგან უკვე დიდი ხანია, წარსულს ჩაბარდა დრო, როცა კერძო პირები ან მუსიკოსები თავს ასეთი ძვირფასი და იშვიათი ვიოლინოს ქონის უფლებას აძლევდნენ.


მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.





კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1201 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: მსოფლიოს ყველაზე ძვირფას ვიოლინოს ა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar