ჯორჯ
ბუშ-უმცროსს, პრეზიდენტობის პერიოდში, თვეში ათზე მეტ (დღეში დაახლოებით
33) ნივთს ჩუქნიდნენ. ყველაზე უჩვეულო საჩუქრებს შორისაა: IPod, რომელიც
ჯგუფის U2 სოლისტმა აჩუქა; ვიეტნამელი პოლიტიკოსის სამახსოვრო სუვენირი
ელექტროარფა იყო; "ერუდიტი" (სიტყვების მნიშვნელობის გამოსაცნობი თამაში)
ბრუნეის სულთნისგან მიიღო; 2003 წელს არგენტინის პრეზიდენტმა 100 კგ
ბატკნის ხორცი გაუგზავნა. ეს ძღვენი, აგრეთვე სხვა მალფუჭებადი პროდუქტები,
თეთრი სახლის მმართველს გადაეცა. ბუშის ძღვენი, ისევე როგორც სხვა
პრეზიდენტის საჩუქრები, თეთრ სახლში, პრეზიდენტის ბიბლიოთეკასა და
ნაციონალურ არქივში ინახება.
საჩუქრებით ბილ კლინტონსაც
ანებივრებდნენ. 1997 წელს აზერბაიჯანის მაშინდელმა პრეზიდენტმა - ჰეიდარ
ალიევმა ხელით ნაქსოვი ფარდაგი გადასცა. მისი დიზაინი მხატვარ კამილა
ალიევას ეკუთვნის. ფარდაგზე ბილი და ჰილარი კლინტონები არიან გამოსახულები.
ფარდაგს 3 თვის განმავლობაში 12 ქალბატონი ქსოვდა.
1990 წელს ჯორჯ
ბუშ-უფროსს, ინდონეზიის პრეზიდენტმა ხვლიკი-კომოდო გაუგზავნა. ის
ცინცინატის ზოოპარკში დაასახლეს. ხვლიკმა 32 შთამომავალი დატოვა.
რონალდ
რეიგანს ქამრის ბალთები და უნაგირები უყვარდა. პრეზიდენტობის პერიოდში მას
372 ბალთა აჩუქეს, ყველაზე ძვირფასი, ხელით მოქარგული უნაგირი კი 1985
წელს ალჟირის პრეზიდენტმა უსახსოვრა.
1979 წელს ჯიმი კარტერმა
მექსიკის პრეზიდენტის ხოსე ლოპეს პორტილიოსგან უჩვეულო პორტრეტი მიიღო.
მეტამორფოზული მხატვრობა ჰქვია ტილოს, რომელიც რეალური ობიექტების
შემცირებული ფრაგმენტებისგანაა (მშენებლობა, შენობები, დროშები, გემები)
აწყობილი. პორტრეტი ოქტავიო ოკამპომ "დახატა".