მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » საიქიოდან მობრუნებული გოგონას ნაამბობი
5:21 PM
საიქიოდან მობრუნებული გოგონას ნაამბობი



"შენ
საიქიოსთვის მზად არ ყოფილხარ, უფალს ჰყვარებიხარ და რაღაცისთვის
გამზადებსო", - ეს სიტყვები უწმინდესმა 21 წლის გოგონას უთხრა, გულში
ჩაიკრა და დალოცა... თეონა ჭინჭარაული ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიისას
სიკვდილს მართლაც, სასწაულებრივად გადაურჩა; მასთან ერთად პოეტი და
მომღერალი გელა დაიაური და მისი ცოლისძმაც გადარჩნენ... ამოტრიალებული
ჯიპიდან გელა ცოცხალი ამოიყვანეს, თეონა კი ადიდებული არღუნის ძლიერმა
დინებამ გაიტაცა და გონდაკარგული გოგონას სხეული ქვებში გაჭედა. იმ
საბედისწერო დღემ, იმ რამდენიმე წუთმა მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა,
უფალს კიდევ უფრო დააახლოვა...
თეონა რედაქციაში ძმასთან, 19 წლის
გიგისთან ერთად მესტუმრა. ახალგაზრდებმა ის ტკივილიანი დღე ერთად
გაიხსენეს, მთის ტრადიციებსა და ადათებზე მესაუბრნენ.


- ამ
ტრაგედიის შემდეგ გადავწყვიტე, სასულიერო აკადემიაში ჩამებარებინა და უკვე
პირველი კურსის სტუდენტი ვარ. მანამდე გოეთეს ინსტიტუტში ვსწავლობდი, სადაც
სწავლას პარალელურად ვაგრძელებ... იმ საბედისწერო დღის შემდეგ ძალიან
შევიცვალე და ამას სხვებიც ამჩნევენ. წარმოშობით ხევსური ვარ, შატილიდან.
მართალია, თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ იქ არდადეგებზე, დღესასწაულებსა და
დღეობებზე ჩავდიოდი.

- იქნებ, ხევსურულ დღესასწაულებზე მიამბო რამე...
-
დღეობებს მთელ ხევსურეთში, რამდენიმედღიანი ინტერვალით აღნიშნავენ -
სხვადასხვა დღეს სხვადასხვა სოფელში. ათენგენობა, რომლის აღსანიშნავადაც
ხევსურეთში ჩავედით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია - ამ
დღეს ხევსურები შვილებს ხატს მიაბარებენ ხოლმე. იქ ყველა წმინდანს თავისი
დანიშნულება აქვს ანუ ღვთისმშობელს ქალიშვილებს მიაბარებენ, წმინდა გიორგის
- ვაჟებს... დღესასწაულზე ხევსურები სალოცავთან იკრიბებიან. ხუცესი
საკლავს კლავს და მისი სისხლით ბავშვებსა თუ უფროსებს შუბლზე ჯვარს
გამოსახავს; მერე სანთლებს ანთებს და ლოცულობს, უფალს მათ კარგად ყოფნას
სთხოვს. ამ რიტუალს ხან დასტური ატარებს, ხანაც - ხუცესი... დასტურის
ფუნქციის შესახებ ჩემი ძმა, გიგი უფრო დაწვრილებით მოგიყვებათ...

გიგი:
-
ის ადგილი, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, 9 მამიშვილობად იწოდება ანუ ერთ დროს იქ
9 ძმა დასახლებულა, რომლებიც შემდეგ ცალკე ოჯახებად, მოგვიანებით კი მათი
შთამომავლობა კომლებად დაყოფილა. ჩვენს შორეულ წინაპარს მანგი ერქვა და
ამიტომაც, მანგიანებად ვიწოდებით... ათენგენობას ხევსურები ყველა წმინდა
სალოცავს მოვიხსენიებთ, ეს ჩვენთვის ძალიან დიდი დღესასწაულია. სალოცავში,
სადაც ხატისთვის შესაწირს ამზადებენ, ქალები არ შედიან, ყველაფერს
მამაკაცები აკეთებენ. ქალები ამ დღისთვის მხოლოდ ქადებს აცხობენ და ისიც,
სახლში... დასტური წარმოთქვამს ლოცვას, რომლის ტექსტი ყველამ არ იცის და
იწყება რიტუალი.

საერთოდ, დასტური ერთ-ერთი რომელიმე ოჯახის
წარმომადგენელია და მას დღესასწაულისთვის ყველაფრის მომზადება ევალება ანუ
ხატობისთვის ლუდს ხარშავს, შეშას ამზადებს და თადარიგს იჭერს. დასტური
ყოველ წელს იცვლება ანუ ხატობისთვის სამზადისი სხვადასხვა გვარის
წარმომადგენელს ევალება ხოლმე. რაც შეეხება ხუცესს, ეს არის ადამიანი,
რომელიც სალოცავში შედის და რიტუალს ხელმძღვანელობს. ხუცესი ანუ ხევისბერი
თემში კარგი ავტორიტეტის მქონე, ღრმად მორწმუნე და ხშირ შემთხვევაში,
განსაცდელგამოვლილი ადამიანია. ადრე მას ქადაგმკითხავსაც ეძახდნენ და
ნათელმხილველთან იყო გაიგივებული.

- ეს ადამიანი ბერივით ცხოვრობს?

-
დიახ, ოღონდ ის სულიერი მოძღვარი არ არის. ხუცესი ჩვეულებრივი ადამიანია,
რომელიც წინაპრის ტრადიციებს ინარჩუნებს და მათგან შემონახულ ლოცვებს
ამბობს, ზოგჯერ კი ხალხშიც გაერევა. მაშინ, როცა რომელიმე ადგილობრივის
სახლში რჩება, მოსასვენებელად ისეთ ადგილას გამოუყოფენ, რომელსაც ქალის
ხელი არ მიჰკარებია... ხევსურეთში ქალისა და მამაკაცის ფუნქციები მკაცრადაა
განსაზღვრული; კოშკშიც კი სხვადასხვა, სადიაცო და სამამაკაცო გზით მიდიან.


თეო:
- ათენგენობის
დღესასწაულზე შატილში ვიყავი. როცა გელა თავის ოჯახთან ერთად ჩამოვიდა,
გადავწყვიტე, მათ მუცოში მეც წავყოლოდი. გელა ხატისთვის შვილების
მისაბარებლად ემზადებოდა. იგი დეიდაშვილად მეკუთვნის - დედაჩემის
ბიძაშვილის შვილია და ოჯახებით ვახლობლობდით... წინა ღამითაც და მეორე
დილასაც წვიმდა. შატილიდან მინდია არაბულის მანქანით გავედით. სალოცავზე
ასვლა გაგვიჭირდა, რადგან ნაწვიმარი იყო და ფეხი რამდენჯერმე აგვიცურდა...
თეონა (გელას მეუღლე) სიმკვირცხლითა და ხალისით ყოველთვის გამოირჩეოდა,
მაგრამ იმ დღეს ბედნიერებისგან დაფრინავდა, გელას თვალებშიც სიხარულის
სხივი ბრწყინავდა, - შვილები ხატს მივაბარეო.

იცით, მართლა
იშვიათად მინახავს თეოსნაირი სუფთა გულის ადამიანი. ეს წყვილი უსიტყვოდ
უგებდა ერთმანეთს. თეოს ის უხაროდა, რაც გელას და პირიქით... როცა გელამ
ჩვენთან მეუღლე პირველად მოიყვანა, ისე უცებ გაგვიშინაურდა, იფიქრებდით,
რომ ერთმანეთს მანამდეც ვიცნობდით. სხვათა შორის, დედაჩემი მას უფროს
ქალიშვილად მიიჩნევდა. ძალიან გულღია გოგო იყო - რასაც ფიქრობდა, იმას
ამბობდა.

- ცხოვრების გაგრძელებას მთაში აპირებდნენ?

-
დიახ და სწორედ ამაზე ტიტინებდა, როცა შატილიდან სალოცავისკენ დავიძარით.
ისინი დუშეთში აპირებდნენ წასვლას. თეონა ამბობდა: საცხოვრებელ ადგილს
ვიქირავებთ. მე ბავშვებს სიმღერას ვასწავლი, გელაც რაიმე საქმეს მოეკიდება,
თანდათან შევეჩვევი ასეთ ცხოვრებას, შემდეგ კი ხევსურეთში გადავალთ და იქ
დავბინავდებითო. მთის მკაცრ ცხოვრებასა და ადათებს ისე ეგუებოდა, თითქოს,
მთელი ცხოვრება ასე ჰქონდა გატარებული, თითქოს ჩვენიანი იყო, ჩვენთან ერთად
გაზრდილი... ხევსურეთის რამდენიმე სოფელი არ ჰქონდა ნანახი და ყველაფერს
თვალებგაბრწყინებული ათვალიერებდა. როცა მუცოში გელას სახლი ვანახვე,
მითხრა: ყველა კუთხე-კუნჭული მიყვარს, სადაც კი გელას გაუვლიაო, - დღემდე
ჩამესმის მისი ეს სიტყვები... უზომოდ უყვარდა ქმარი.

მისი და,
ნათია პირველად იყო ხევსურეთში და იქაური ბუნების სილამაზით ისიც მოიხიბლა,
რაც თეოს ძალიან უხაროდა... ათენგენობის დღესასწაულზე, როგორც წესი,
სხვებსაც ჰყავდათ საკლავი აყვანილი და რიგი იყო. როცა რიტუალი დასრულდა,
დემეტრეს, უფროს ბავშვს რაღაცის შეეშინდა და ატირდა, ჯარჯის კი შესცივდა და
ტირილში ამიტომაც აჰყვა ძმას. მათ გამო მე და თეონა სალოცავიდან მალევე
ჩამოვედით. როცა ხალხი დაიშალა, დაბლა, მანქანასთან ანუ იქ, სადაც
დანარჩენებს ველოდებოდით, სუფრა გაიშალა...

უცნაური რა იყო, იცით? -
იქ იმდენი ხანი ვიყავით და ერთხელაც არ დამინახავს, რომ მინდია არაბულს
ჭიქა აეღოს ხელში... ალბათ, არც გელას დაუნახავს, თორემ ოჯახს როგორ
ანდობდა?!. არადა, შემდეგ სხვებმა თქვეს, - ბარბაცით მოდიოდაო. ეს რომ
გვენახა, მანქანაში როგორ ჩავუსხდებოდით?.. ჩვენ რომ ჩამოვედით, ის უკვე
მანქანაში იყო, საჭეს უჯდა. მისი მეუღლე - სოფო ზემოთ არ ამოსულა და ჩვენ
გვკითხა, ღიმილით, - კარგად გაერთეთო? თეო ხალისიანად უყვებოდა იქაურ
ამბებს. ბერდიამ მანქანაში მაგნიტოფონი ჩართო, თეო სიმღერას აჰყვა...
ამასობაში გელა და თეოს ძმაც, თორნიკეც ჩასხდნენ.

ბერდიას მეუღლე
ბავშვის ჩანთას ალაგებდა და ბავშვი მე გადმომაწოდა - პატარა მამუკა 4 თვის
იყო... ჯარჯი ატირდა. მას თეო ძუძუს აწოვებდა და თან, ბერდიას ეუბნებოდა:
ბერდო, ნელა იარე, მაშინდელივით არ იგიჟო, სად გეჩქარება? თანაც, ბავშვები
გვყავსო... ისიც, თავს უქნევდა. ბერდიას გვერდით მეუღლე ეჯდა და ცოტა ხანში
მანაც უსაყვედურა, - ბერდო, ჩქარა ნუ მიდიხარო... არც ისე სწრაფად
მივდიოდით, მაგრამ იმ გზისთვის ის სიჩქარეც სახიფათო იყო. მახსოვს, მანქანა
ჯაყჯაყებდა, მე კი ბავშვს დავცქეროდი, ცუდად ხომ არ მიჭირავს, ხომ არაფერი
სტკივა-მეთქი. ერთი სიტყვით, ყურადღება მასზე მქონდა გადატანილი, მაგრამ
შიგადაშიგ მესმოდა, როგორ სთხოვდნენ გოგონები, - ბერდია, სწრაფად ნუ
მიდიხარო...

www.allfile.do.am - internet files encyclopedia- მანქანაში გელაც ხომ იჯდა?

-
კი. გელამ შეამჩნია, რომ მძღოლი თითოეული შენიშვნისას ღიზიანდებოდა და
ამიტომაც, ჩვენ გვაწყნარებდა, - ნუ "პანიკიორობთ" და თუ რამე გინდათ, მე
მითხარითო... მერე მახსოვს, როგორ გადაქანდა მანქანა ცალ მხარეს, მძღოლმა
საჭეს ხელი რაღაცნაირად ჩამოჰკრა და ყველანი ერთმანეთში ავირიეთ... თეონა
ბავშვიანად წინ გადაქანდა, რასაც სასოწარკვეთილი კივილი მოჰყვა. მახსოვს
საშინელი მტვრევის ხმა... ჯერ მანქანა ამოტრიალდა, მერე მდინარის ფსკერზე
ვისრიალეთ, დარტყმის ძალამ ფანჯრები ჩაამსხვია... გონს რომ მოვედი, ბავშვი
ჯერ კიდევ გულში მყავდა ჩახუტებული, მანქანა კი წყლით ივსებოდა. პატარას
თავი ავაწევინე, - არ დამეხრჩოს-მეთქი. ის ჯერ კიდევ ამოძრავებდა ტუჩებს,
ჯერ კიდევ ცოცხალი იყო...

რაღაც ძალამ მათქმევინა: მამა გაბრიელ,
გადაგვარჩინე; უწმინდესო, მიშველე-მეთქი. არ ვიცი, ამას ხმამაღლა ვამბობდი
თუ გულში ვიმეორებდი, ეს ყველაფერი წამებში მოხდა. მერე უცებ, წყალმა
იხუვლა, მანქანაში შემოვარდა და ამომატრიალა. მახსოვს უკუნი სიბნელე და
ენით აუწერელი ტკივილი, მერე კი გონება დავკარგე... სიბნელეში დედაჩემს
მოვკარი თვალი, ლოყებზე ცრემლი ღვარად სდიოდა. გულში ისევ მამა გაბრიელს
ვევედრებოდი, გადაგვარჩინე-მეთქი. ყველაფერი მტკიოდა, თითქოს გათიშული
ვიყავი და არც ვიყავი. დღემდე მახსოვს ის უცნაური სურათი: თითქოს, საკუთარ
სხეულს ზემოდან დავცქეროდი - რაღაცნაირად, მოღრეცილად ვეგდე, ხელი
ამოტრიალებული მქონდა (ის ხელი მართლა ნატკენი მქონდა)... შემდეგ ეს
ყველაფერი გაქრა და თითქოს, ცივმა წყალმა სააქაოს დამაბრუნა.

დინებამ
მანქანიდან გამომაგდო, მაგრამ არ მახსოვს, როგორ... მხოლოდ ის მახსოვს, თუ
როგორ მახეთქებდა მდინარე ქვებზე, როგორ ვიმეორებდი ლოცვას, - მამა
გაბრიელ, უწმინდესო, გადამარჩინე-მეთქი.... მერე ტკივილისგან ისევ
გავითიშე, ოღონდ - ბოლომდე არა. როცა თვალები გავახილე, უკვე ლოდებს შორის
ვიყავი ჩაჭედილი. ეტყობა, ადამიანს გადარჩენის ინსტინქტი ბოლომდე აქვს,
რადგან რაც ძალი და ღონე მქონდა, თითებით ბალახს ვეპოტინებოდი; ვცდილობდი,
მისთვის ხელი არ გამეშვა... არ ვიცოდი, ცოცხალი ვიყავი თუ ეს ყველაფერი
მეჩვენებოდა.

ბოლოს, ტანი ძლივს ავითრიე და ვკიოდი, -
მიშველეთ-მეთქი... დინება მირტყამდა, მაგრამ ვუძალიანდებოდი. ეს ყველაფერი
წამებში გაგრძელდა, თორემ დიდხანს ვერ გავუძლებდი. ის იყო, უკვე ძალა
მეკარგებოდა, როცა უკნიდან ვიღაცის ხელი ვიგრძენი. იმ ვიღაცამ ისიც მითხრა:
- ნუ გეშინია, ცოცხალი ხარ. რაც შეგიძლია, ძალა მოიკრიბე და ამოიწიეო.
ლაპარაკის თავი არ მქონდა და თავი გავაქნიე, არ შემიძლია-მეთქი, მაგრამ
მისმა სიტყვებმა, - ცოცხალი ხარო, ძალა შემმატა... როცა მთელი ძალით
ამომწია, ფეხები ისე მეტკინა, თითქოს, მომამტვრიეს...

გიგი:
-
იმ ადგილას მდინარე ვიწროვდება და მერე უხვევს... იმ დღეს არღუნი ისეთი
გადარეული ყოფილა, მათ საშველად კაცებიც ვერ ჩასულან. გელას უფროსი ძმა
გადამხტარა და ლამის ისიც დინებას წაუღია... ის ბიჭი, ვინც თეონა
გადაარჩინა, ჩვენი ნათესავია - ბიძაშვილის მეუღლეა. მას ჩემი და ძლივს
ამოუყვანია; თეო ისეთი გაყინული ყოფილა, რომ თურმე, სხეულს ვეღარ გრძნობდა.
სახე კი ისე ჰქონია დასისხლიანებული, რომ მამამაც ვერ იცნო... იქიდან
პირდაპირ შატილში, იქიდან კი "სასწრაფო დახმარების" მანქანებით ბარისახოში
ჩამოვიყვანეთ. როგორც კი თვალი გაახილა, დანარჩენები მოიკითხა, - რა ბედი
ეწიათო? ჯერ მოვატყუეთ და ვუთხარით, რომ ყველანი გადარჩნენ, მაგრამ მერე
მივხვდით, რომ სიმართლის დამალვას აზრი არ ჰქონდა. როცა მათი ამბავი გაიგო,
ისეთ დღეში ჩავარდა, რომ ლოგინზე მიაბეს.

თეო:
-
ამ ტრაგედიის წინა დღეს ხევსურეთს საქართველოს პატრიარქი პირველად
ესტუმრა, ადგილობრივები დაგვლოცა და ჯვრები გადმოგვცა... იმ დღესვე
გავიკეთე ეს ჯვარი (მომინანქრებულ ვერცხლის ჯვარს მაჩვენებს. - ავტ.).
ალბათ, ამ ჯვრის მადლმა, პატრიარქის ლოცვამ და მამა გაბრიელის ძალამ
გადამარჩინა...

- თეო, მას შემდეგ შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?
-
ყველაფერი... მას შემდეგ, რაც სიკვდილს თვალებში ჩავხედე, სულ სხვანაირი
გავხდი, ადამიანებისა და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება შემეცვალა...
ადრეც რწმენით ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა მეტი დავინახე და გავიაზრე...
უსაზღვროდ მიყვარდა ხევსურეთი, იქაური ბუნება, ჰაერი, მდინარე და ლოდებიც
კი, მაგრამ იმ დღის შემდეგ თითქოს, ისე გავებუტე, როგორც სულიერს, რომელმაც
ძალიან მაწყენინა... ამ ტრაგედიდან ორი კვირის შემდეგ ხევსურეთში მომიხდა
ჩასვლა და მთების დანახვისას მივხვდი, რომ მათი მეშინოდა... ცხოვრების
გასაგრძელებლად ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა.

სვეტიცხოველში
მყავს მოძღვარი, რომელიც შეეცადა, მდგომარეობიდან გამოვეყვანე... დავდიოდი
ფსიქოლოგებთან, დამამშვიდებლებსაც ვსვამდი, მაგრამ არაფერმა მიშველა - ის
არანორმალური შიში ჩემს გონებაში სამუდამოდ ჩაიბეჭდა... 4 თვის მამუკა
ხელში მეჭირა, სასტიკმა მდინარემ კი წამართვა, ჰოდა, დღემდე მტანჯავს
კითხვა - სად არიან ის ბავშვები? რატომ დავისაჯეთ ყველანი ასე?.. იმ
ტრაგედიის შემდეგ, გელა პირველად პატრიარქთან ვნახე. უწმინდესმა სიკვდილს
გადარჩენილები თავისთან დაგვიბარა და დაგვლოცა. იმ დღეს
კათოლიკოს-პატრიარქი ჩვენთან ერთად ტიროდა, მერე მინდია არაბულის ობლები
ჩაიხუტა და ყველა ერთად დაგვლოცა...

ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)




































კატეგორია: საინტერესო სტატიები | ნანახია: 1249 | დაამატა: allfile | ტეგები: saiqio, საიქიო | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar