მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » ბავშვთა ცერებრული დამბლა - მკურნალობის მეთოდები
12:05 PM
ბავშვთა ცერებრული დამბლა - მკურნალობის მეთოდები



მედიცინა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, თუმცა არის დაავადებები, რომლებსაც ექიმები ვერ კურნავენ. მათ რიცხვს მიეკუთვნება ბავშვთა ცერებრული დამბლა. რა იწვევს ამ დაავადებას, როგორ ვლინდება და როგორია მკურნალობის მეთოდიკა? გვიპასუხებს ნევროლოგი ირმა ხვინგია:


- ბავშვთა ცერებრული დამბლა არის ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებით მიმდინარე არაპროგრესირებადი, პოლიეტიოლოგიური დაავადება. ვლინდება ადრეულ ასაკში და ახასიათებს მოტორიკის დარღვევა: დამბლა, კუნთთა ტონუსის დაქვეითება ან მომატება, კოორდინაციის მოშლა, უნებლიე მოძრაობები. დიაგნოზი წლამდე ასაკში დაისმის, მძიმე ფორმების შემთხვევაში - ხშირად 3 თვემდეც.

ბავშვთა ცერებრული დამბლა შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ფორმებით: სპასტიკური დიპლეგიით (ლიტლის ფორმა), ანუ სხეულის ორივე ნახევრის კუნთების დამბლა (სხეულის ნახევრის კუნთების დამბლა) ორმაგი ჰემიპლეგიით, ჰიპერკინეზიური ფორმით (მეტისმეტი, არანებისმიერი მოძრაობა) ატონიურ-ასტატიკური (მოდუნებულ-არამყარი) ფორმით, შერეული ფორმით.

თითოეულ მათგანს მკვეთრად გამოხატული მახასიათებელი ნიშნები აქვს. მაგალითად, ლიტლის ფორმის დროს ძირითადად ორივე ქვედა კიდური ზიანდება. კუნთთა ტონუსი მომატებულია, ბავშვები ფეხებს წვერებით დგამენ, ნაბიჯის გადადგმის დროს კი ქვედა კიდურებს აჯვარედინებენ. დეფორმირდება ხერხემალი და სახსრები.

დაავადება უმთავრესად დღენაკლულ ბავშვებს უვლინდებათ, მიმდინარეობს გონებრივი ჩამორჩენით, მეტყველების შეფერხებით, ახასიათებს ფსევდობულბური სინდრომი (ყლაპვის მოშლა), სიელმე, დიზართრია (მეტყველების მოშლა). ასეთი ბავშვის სოციალური ადაპტაცია შეიძლება მოხერხდეს, თუ არ შეინიშნება ღრმა გონებრივი ჩამორჩენა და ზედა კიდურების ძლიერი დაზიანება.

- რომელია ცერებრული დამბლის ყველაზე მძიმე ფორმა?
- ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ფორმაა ორმაგი ჰემიპლეგია. ის ხშირად ვითარდება ქრონიკული პრე და პერინატალური ჰიპოქსიის (ჟანგბადის ნაკლებობა სისხლში) ფონზე, თავის ტვინის დაზიანების გამო. ვლინდება ოთხივე კიდურის დაზიანებით და მეტყველების დარღვევით. ხშირად ახლავს გულყრა.

რაც შეეხება ჰიპერკინეზიურ ფორმას, ის ვითარდება ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადების გადატანის შემდეგ (სისხლის წითელი ბურთულების დაშლა), ახასიათებს დისტონია, სმენის დაქვეითება, ჰიპერკინეზი (უნებლიე მოძრაობები), მოსალოდნელია პარეზი ან დამბლაც. ინტელექტი ძირითადად დამაკმაყოფილებლად ვითარდება ან შეინიშნება მსუბუქი ჩამორჩენა.

ატონიურ-ასტატიკურ ფორმას ახასიათებს კუნთთა ტონუსის დაქვეითება, ატაქსია (კოორდინაციის მოშლა), რეფლექსების მომატება და მეტყველების მოშლა, ენისა და ხელის თითების ტრემორი (კანკალი). ხშირად ყალიბდება სამშობიარო ტრავმის შემდგომ ან თანდაყოლილი ანომალიის შემთხვევაში. მიმდინარეობს ინტელექტის განვითარების შეფერხებით, ზოგ შემთხვევაში - ოლიგოფრენიით.

ჰემიპლეგიურ ფორმას ახასიათებს კიდურების დაზიანება ცალ მხარეს. ხელი, წესისამებრ, უფრო მეტად ზიანდება, ვიდრე ფეხი. შეინიშნება ფსიქიკური განვითარებისა და მეტყველების ჩამორჩენა.

- ექვემდებარება ეს დაავადება მკურნალობას?
- გააჩნია ფორმას, თუმცა მკურნალობის ძირითადი ტაქტიკა ფსიქომოტორული ფუნქციების გაუმჯობესებაა. ძირითადად მიმდინარეობს რეაბილიტაცია - სამკურნალო ფიზკულტურით, მასაჟით, აბაზანებით. მედიკამენტებიდან გამოიყენება კუნთთა ტონუსის შემამცირებელი საშუალებები. ასევე რეკომენდებულია სამკურნალო-პედაგოგიური მუშაობა. ამჟამად მიმდინარეობს მკურნალობის დახვეწა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტირების გზით. იყენებენ, აგრეთვე, ზღვის და ქვიშის აბაზანებს, რაიდთერაპიას - ცხენოსნობით მკურნალობას.

P.S. ცერებრული დამბლის მქონე ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირება რთულია. საჭიროა მუდმივი მეთვალყურეობა და მკურნალობა. არსებობს სპეციალური სკოლა-პანსიონები, სადაც ასეთი ბავშვები სწავლობენ, თუმცა მძიმე ფორმის შემთხვევაში მათზე ზრუნვა მშობლებს უხდებათ, რაც დიდ თანხებს მოითხოვს. ევროპის ქვეყნებში ასეთი დაავადებების მქონე ადამიანებს საკმაოდ დიდი პენსია ენიშნებათ და სათანადო მკურნალობის წყალობით მათი სიცოცხლე გაუსაძლისი აღარ არის.


ცნობისათვის

ბავშვთა ცერებრული დამბლა უმთავრესად თავის ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად ვითარდება მუცლადყოფნის პერიოდში, მშობიარობისას ან ადრეულ  ასაკში. ნაადრევი მშობიარობა მისი განვითარების ერთ-ერთი რისკფაქტორია, რადგან ხშირად ხდება სისხლჩაქცევა თავის ტვინში. სხვა მიზეზებად მიიჩნევა ჰიპოქსია, ხანგრძლივი (5 წუთი და მეტი) ასფიქსია და ადრეულ ასაკში გადატანილი ნეირონინფექცია. ხშირად კი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.


ლიკა კერატიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)



























კატეგორია: მედიცინა | ნანახია: 1830 | დაამატა: allfile | ტეგები: ცერებრული დამბლა, dambla, cerebruli dambla, bavshvta, mkurnaloba, cerembluri, მკურნალობის მეთოდები, mkurnali.ge, metodi, ბავშვთა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar