მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 1 » სტოკჰოლმის ისტორია
12:02 PM
სტოკჰოლმის ისტორია



სტოკჰოლმის პირველ ხსენებას ვიკინგთა საგებში ვხვდებით, როგორც აგნაფიტზე, მეფე აგნეს საპატივსაცემოდ სახელდებულზე. თუმცა, მხოლოდ 1187 წელს დაიწყო მეთევზეთა დასახლების ადგილზე გამაგრებული პუნქტის მშენებლობა. პირველი ნაგებობები კუნძულ სტადსჰოლმენზე გამოჩნდა, რომელიც ყურეში ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე მდებარეობს და მელარენის ტბას ბალტიის ზღვასთან აერთებს. სტოკჰოლმის, როგორც ქალაქის შესახებ პირველი ცნობები 1252 წელს ეკუთვნის. მიჩნეულია, რომ ქალაქი რიკსგრაფმა ბირგერ იარლმა, ფოლკუნგების დინასტიის ფუძემდებელმა და მომამავლმა მეფემ, დააარსა.

ისტორიული ცნობებით, ქალაქი იმიტომ დააფუძნეს, რომ ბალტიისპირეთიდან შემოსევებისგან დაეცვათ შვედეთი და მელარენის ტბის ირგვლივ არსებული ქალაქები, ძირითადად კი, სიგტუნა. უკვე XIII საუკუნიდან ქალაქი კარგად მოფიქრებული გეგმის მიხედვით, სამხრეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით იზრდება . სტოკჰოლმი რკინეულით ვაჭრობის უმთავრესი პუნქტი იყო, რაც ბერგსლაგენის საბადოებში მოიპოვებოდა.

ხელსაყრელი გეოგრაფიული განლაგების წყალობით სტოკჰოლმი სწრაფად მიიწევდა წინ ქალაქთაშორის სავაჭრო გზაზე. უკვე 1270 წელს სტოკჰოლმი შვედეთის ერთ-ერთ უმსხვილეს დასახლებულ პუნქტად სახელდება. ქალაქებთან - დანციგთან (გდანსკი) და ლიუბეკთან გაცხოველებულმა ვაჭრობამ გერმანელი მოვაჭრეთა და დანიელთა მოზღვავება, შედეგად კი კალმარის უნიის გაფორმება გამოიწვია. XIV - XV საუკუნეებში გერმანელები სტოკჰოლმის მოსახლეობის მეოთხედსა და მაგისტრატის ნახევარს შეადგენდნენ. მხოლოდ 1471 წლის შემდეგღა მოახერხეს შვედებმა ქალაქის მმართველობის სადავეების ხელში ჩაგდება.

ქალაქმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც შვედეთის დანიის გვირგვინქვეშ (კალმარის უნია) ყოფნისას, ასევე XV საუკუნეში თავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში. სწორედ აქ შვედეთის ეროვნულმა გმირმა სტენ სტურემ XV საუკუნის მიწურულს წამოიწყო დანიელთა წინააღმდეგ აჯანყება და შვედებს ღია ბრძოლისაკენ მოუწოდა. 1471 წლის 15 ოქტომბერს სტურეს ხელმძღვანელობით შვედებმა სტოკჰოლმის მოსახლეობის თანადგომით დანიის მეფე ქრისტიან I დაამარცხეს. თუმცა, ქრისტიან პირველის შვილიშვილმა ქრისტიან II-მ 1518 წელს ამბოხებული ქალაქი მაინც აიღო. ქალაქის აღება ორი წლისთავზეც მოუწია. 1520 წლის 8 ნოემბერს მან ბრძანება გასცა აჯანყებული შვედების მოთავეებისა და მათი დამფინანსებლების სიკვდილით დასჯაზე. იმხანად ქალაქის უმთავრეს მოედანზე ასამდე ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი, ძირითადად, დიდებულები. ეს მოვლენები ეროვნულ ტრაგედიად შეფასდა და სტოკჰოლმის სისხლიანი აბანო ეწოდა. შვედები დანიელთა სისასტიკემ ისე აღაშფოთა, რომ კაბალური უნიის დაუყოვნებლივ გაწყვეტა მოითხოვეს. ახალი ამბოხი გუსტავ ვაზამ ითავა, რომელიც მოკლე ხანში შვედეთის ახალ მეფედ იქნა არჩეული. სტოკჰოლმის მოსახლეობა იმხანად, ანუ 1600 წლისთვის 10 000 ადამიანს აჭარბებდა. მანამდე კი 1529 წელს ნორმალმი და სედერმალმი ქალაქის ფარგლებში მოაქციეს.

XVII საუკუნის დამდეგს სტოკჰოლმში რუსული სავაჭრო კოლონია გაჩნდა, რომელსაც თავად რუსები სტეკოლნიას ეძახდნენ. ეს შვედეთ-რუსეთის მორიგ ომში შვედების 1617 წლის გამარჯვების შემდეგ მოხდა, როდესაც რუსეთმა აღმოსავლეთი კარელია და ინგერმანლანდია დაკარგა, შესაბამისად კი, ბალტიისპირეთზე ჩაეკეტა გასასვლელი. ამის მიუხედავად, რუს ვაჭრებს სტოკჰოლმსა და ზღვისპირა ქალაქებში ქარვასლებისა და ეკლესიების აშენების ნება დაერთოთ.

XVII საუკუნეში შვედეთი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ძლევამოსილ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. 1610 წლიდან 1680 წლამდე ქალაქის მოსახლეობა ექვსჯერ გაიზარდა. 1634 წლიდან კი სტოკჰოლმი შვედეთის სამეფოს ოფიციალური დედაქალაქი გახდა. გადედაქალაქებამ სტოკჰოლმს ახალი სავაჭრო უფლებები შესძინა არამხოლოდ სხვადასხვა შვედურ ქალაქებთან, არამედ მსოფლიო მასშტაბით. მე-17 საუკუნეში სტოკჰოლმი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და სკანდინავიის ყველაზე განვითარებული ქალაქია.
 
ძველი ქალაქის ხედი სტოკჰოლმში

მე-18 საუკუნის დამდეგს (1713 - 1714) სტოკჰოლმი შავი ჭირის ეპიდემიამ სერიოზულად დააზარალა. რუსეთთან ომის დროს 1721 წელს ქალაქის ჩრდილოეთი რაიონები მნიშვნელოვნად დაზიანდა, განვითარება კი შეწყდა. მომდევნო 50 წლის მანძილზე მოსახლეობა თითქმის არ გაზრდილა, ეკონომიკამაც სტაგნაციას განიცდიდა. მეფე გუსტავ III-ს დროს ქალაქში სამეფო ოპერა დაარსდა, აიგო უამრავი ლამაზი შენობა, რომელთაც ჩვენს დრომდეც კი მოაღწიეს.

საერთო ჯამში, მე-18 საუკუნე ქალაქის არქიტექტურული ისტორიის დაწყების თარიღად სახელდება. სწორედ აღნიშნული დროის ნაგებობები მიიჩნევა ქალაქში უძველეს ნაგებობებად და შვედები სულაც არ ცდილობენ ხელოვნურად შეუქმნან მათ უფრო ძველის იმიჯი.

XIX საუკუნის პირველ ნახევარში სტოკჰოლმის მნიშვნელობა ეცემა. სამაგიეროდ, სხვა ქალაქები იწყებენ ზედაპირზე ამოსვლას: ნორჩეპინგი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ქალაქი ხდება, გეტებორგი კი უმთავრეს სავაჭრო ცენტრად ყალიბდება. მე-19 საუკუნეს მეორე ნახევარში სტოკჰოლმი თავის ეკონომიკას აღადგენს და ზრდასაც აგრძელებს. საუკუნის დასასრულ ქალაქი შვედეთის კარიბჭე გახდა. იმიგრანტთა ძლიერმა ნაკადმა ქალაქის მოსახლეობა რაოდენობრივად მკვეთრად გაზარდა. მე-19 საუკუნის დამლევს სტოკჰოლმის მოსახლეობის 40% ჩამოსული იყო. ამის შემდეგ იწყება ქალაქის ტერიტორიების თანდათანობითი გაფართოვება. ხსენებულ პერიოდში ქალაქში შვედეთის კულტურისა და სამცნიერო ცენტრებმა მოიყარა თავი, სამეფო ინსტიტუტმა და მრეწველობისა და ხელოვნებათმცოდნეობის საგამოფენო ცენტრებმა. 1912 წელს კი სტოკჰოლმში საზაფხულო ოლიმპიური თამაშები ჩატარდა.

XX საუკუნის მეორე ნახევარში სტოკჰოლმი მსოფლიო მასშტაბით თანამედროვე და ტექნოლოგიურად განვითარებული ქალაქი გახდა. შეიცვალა ქალაქის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა. მიღებულ იქნა ზომები ქალაქის მეტისმეტად ძველი შენობების დანგრევისა. მე-20 საუკუნეში სტოკჰოლმის მძლავრი ინდუსტრია აღიჭურვა ეკონომიკის უკანასკნელი გამოძახილის მიხედვით, რამაც ქალაქს მეტი პროდუქტიულობა მიანიჭა და ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხოდ აქცია.

სტოკჰოლმი დღეს-დღეობითაც სწრაფი ტემპებით აგრძელებს ზრდა-განვითარებას.

1986 წლის 28 თებერვალს სტოკჰოლმის ცენტრში შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულოფ პალმე მოკლეს. 2007 წელს ქალაქის პოლიციამ დაადგინა, რომ პალმეს მკვლელი მაინც ქრისტენ პეტერსენია,
 
სამეფო ჯარი სტოკჰოლმის სასახლის წინ

რომელიც სამხილების ნაკლებობის გამო ადრევე იქნა გათავისუფლებული. პრემიერის მკვლელობამ ქალაქის მოსახლეობის გულისტკივილი გამოიწვია. პალმეს უკანასკნელ გზაზე გაცილებას უამრავი ხალხი დაესწრო.

სტოკჰოლმშია განლაგებული ნობელის კომიტეტი, რომელიც ყოველწლიურად აჯილდოვებს ნობელის ლაურეატებს. პრემიის გადაცემა ქალაქის ცენტრიდან მოშორებით აგებულ სამეფო თეატრის შენობაში ხდება. დაჯილდოებასთან დაკავშირებული საზემო სუფრა კი ქალაქის რატუშის ოქროს დარბაზში იშლება, რომლის მენიუც ყოველთვის საიდუმლოდ ინახება.

ყოველდღე ზუსტად 12:00 მეფის სასახლესთან ახლოს ყარაულის შეცვლის თვალწარმტაცი ცერემონია იმართება. საათზე მეტი ხნის განმავლობაში მეტისმეტად მაღალი, ქერათმიანი შვედი ჯარისკაცები ურთულეს სამხედრო მწყობრებს იკავებენ, მათ შორის, ცხენებზეც, და ასე გადასცემენ სამეფოს დროშას მომდევნო ყარაულს. ყველა ჯარისკაცს ეროვნული, ლურჯფერა ფორმა აცვია, რაც მხოლოდ მოცემული ცერემონიისას გამოიყენება.













კატეგორია: მსოფლიო ისტორია | ნანახია: 1622 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar