მთავარი » 2010 » ნოემბერი » 25 » "ვირები" და "სპილოები"
11:01 AM
"ვირები" და "სპილოები"



არ დაგიმალავთ და სანამ წერილის წერას დავიწყებ, მანამდე სათაურზე ვფიქრობ.  ხომ გაგიგიათ, რომ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების საბჭოთა მილიციაში, მოდაში იყო გამოთქმა "კაცი იყოს და საქმე ყოველთვის აღიძვრებაო".

დაახლოებით ეგრე ვარ მეც. მთავარია სათაური მოიფიქრო და წერილს ყოველთვის გამოაცხობ.

როცა ეს სათაური მოვიფიქრე, გულშიც არ გამივლია ამერიკის შეერთებული შტატებში დღეს ჩასატარებელი არჩევნების შესახებ დამეწერა. უბრალოდ, ჩვენს ოპოზიციაზე მინდოდა ერთი-ორი "თბილი სიტყვის" თქმა.

იმ ოპოზიციაზე, რომელიც ფაიფურის სალონში შესული სპილოსავით ანადგურებს ხალხის იმედებს და ვირის სიჯიუტით არ იძვრის ადგილიდან (აქ ის ადგილი ვიგულისხმე, რომელსაც "პოლიტიკური სტაგნაცია" ჰქვია), მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, ამერიკაში არჩევნები საქართველოსგან განსხვავებით დადგენილ დროსა და დადგენილი წესით მიმდინარეობს, ამიტომ კარგა ხანი მომიწევს ცდა და ჯობია ჯერ ამერიკას "მივხედო", ეს ე.წ. ჩვენი ოპოზიცია კი სად გაიქცევა, სულ აქ არ არიან მეთქი?

როდესაც ინტერნეტში გავრცელებულ მასალებს გადავხედე, მაშინვე მივხვდი, რომ ამერიკელმა ამომრჩეველმა გაიზიარა ის შეცდომები, რასაც მათი ქართველი "კოლეგები" ანუ საქართველოს ელექტორატი წელიწადში რამდენჯერმე თუ არა, წელიწადში ერთხელ მაინც უშვებს.

რა იყო, რას იცინით? აჰ კი არ იცინით, უბრალოდ გაგიკვირდათ ასეთი მკვეთრი განცხადება და უბრალოდ არ გჯერათ, რომ რიგითი ამერიკელები გაფაციცებული ადევნებენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

კეთილი და პატიოსანი. ახლავე ფაქტებით დაგიმტკიცებთ ჩემს სიმართლეს!

დავიწყებ იქედან, რომ 2 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება სენატის ერთი მესამედის (37 სენატორი) და წარმომადგენლობითი პალატის სრული შემადგენლობის (435 კონგრესმენი) არჩევნები. ასევე აირჩევა უამრავი თანამდებობის პირი. გუბერნატორები, მერები, შტატისა და ადგილობრივი საკრებულოების წევრები და ზოგ შემთხვევაში, მოსამართლეებიც.

მოკლედ რომ ვთქვა, 2 ნოემბერს დიდი რუზრუზი და რია-რიაა ამერიკაში. რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატები დედამიწის სხვა ნახევარსფეროში მდებარეობს, ამიტომ იქ რომ ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან მივა, მაშინ ამ წერილის მკითხველი ან facebook-ში იქნება ჩაფლული, ან ტკბილ სიზმრებში და საბოლოო შედეგებს მხოლოდ მეორე დღეს გაიგებს. დღეს კი წინასწარი კვლევის შედეგებზე ვისაუბროთ.

ზოგიერთი საქმეში ჩაუხედავი ექსპერტი, თუ ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ ობამას რეიტინგის კლების ტენდენციამ, დემოკრატების პოზიციები დააქვეითა და ამიტომ კონგრესში უმრავლესობას ამჯერად რესპუბლიკელები მოიპოვებენ.

როგორ გეკადრებათ! როგორ გეკადრებათ ძვირფასო კოლეგებო, ასეთი არაკომპეტენტური განცხადებების გაკეთება.

რესპუბლიკელების პოზიციების გამყარება ობამას რეიტინგის კლებამ კი არ გამოიწვია, არამედ იმ საარჩევნო ტექნოლოგიაზე უარის თქმამ, რაც საქართველოს ლტოლვილთა განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის ავტომობილის სანომრე ნიშნის, სარეკლამო ბილბორდად გამოყენებაში გამოიხატებოდა.

თქვეს უარი ამერიკელმა რესპუბლიკელებმა სუბელიანის "მოძრავ რეკლამაზე" და მაშინვე მექსიკიდან, თუ კოსტა-რიკადან დევნილთა ხმები მოიპოვეს.

ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა Driver-ების (ანუ მძღოლების),  Subway-ის (ანუ მეროპოლიტენის) თანამშრომლებისა და გარე მოვაჭრეების ხმების მოპოვების დროსაც.

როდესაც ამერიკელმა ამომრჩევლებმა გაიგეს, თუ რა დაემართათ მათ ქართველ "კოლეგებს" 30 მაისის არჩევნების შემდეგ, მაშინვე რესპუბლიკური პარტიის ოფისებს მიაშურეს და გუბერნატორების, მერების, შტატისა და ადგილობრივი საკრებულოების წევრების არჩევასთან დაკავშირებულ ბატალიებში, სასწორი ოპოზიციის მხარეს გადაიხარა. ეს ანალიტიკოსები კი იძახიან, ობამას რეიტინგის დაცემის ბრალია ყველაფერიო.

ერთი შეცდომა მაინც დაუშვეს ამერიკის რესპუბლიკური პარტიის ლიდერებმა. მათ სპეციალურად მოწვეულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ "ხელებს დავამტვრევთ ყველას, ვინც არჩევნების გაყალბებას შეეცდებაო". ეს მართლაც დიდი შეცდომაა, რადგანაც ასეთ განცხადებას "ვირები" აკეთებენ და არა "სპილოები" (ყოველ შემთხვევაში, საქართველოში ასეა), ამიტომაც სენატში გამოთავისუფლებულ 37 ადგილს დემოკრატები მოიპოვებენ.

ვერაფერს გეტყვით "გადაისხა" თუ არა დამკვირვებელთა დესანტი საქართველოდან, რადგანაც წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, ინფორმაციას ქართველ დამკვირვებელთა სპეცმომზადების, პირადი შემადგენლობის, მათი რაოდენობისა და დისლოკაციის ადგილის შესახებ გრიფი "საიდუმლოდ" დაედო, ამიტომ მათ შესახებ ნამდვილ ამბებს მხოლოდ ჩვენი შთამომავლები თუ გაიგებენ.

წერილის დასასრულს კი მინდა ვთქვა: ხალხო, მოდით და ჩვენ ჩვენს "ვირებს", "სპილოებს" და ჩვენს არჩევნებს მივხედოთ, თორემ ამერიკელები როგორმე თვითონ მოახერხებენ რამეს.


information by
გია გაბრიჭიძე - www.geonews.ge




























კატეგორია: ანალიტიკა | ნანახია: 1649 | დაამატა: allfile | ტეგები: სპილოები, და, ვირები, spilo, spiloebo, virebi, viri | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar