მთავარი » 2010 » ნოემბერი » 21 » Democracy / პოლიტიკური კულტურა და არაფერზე დაშენებული დემოკრატია
9:46 PM
Democracy / პოლიტიკური კულტურა და არაფერზე დაშენებული დემოკრატია



საქართველოში, ცნება სამოქალაქო საზოგადოება, ჯერ კიდევ არ არის გაგებული, როგორც დემოკრატიისა და ძლიერი სახელმწიფოს უმთავრესი გარანტი. ჩვენთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს ამ პროცესის გაღრმავება და ვინ იცის როდის დასრულდება დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი რგოლის, სამოქალაქო სექტორის ჩამოყალიბებისა და გაძლიერების პროცესი.

სამწუხაროდ, ასეთ საკითხებზე ძალიან იშვიათად თუ იწერება და ასევე დეფიციტურია ამ საკითხებში კარგად გათვითცნობიერებული ადამიანების რიცხვი. სწორედ ამიტომ მიმდინარეობს შეფერხებით ჩვენში მოქალაქეობრივი ფასეულობებისკენ სწრაფვა. ამის გარდა ამ მხრივ სხვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი პრობლემებიც არსებობს, რომელიც საბჭოთა მემკვიდრეობის მოუცილებლობით არის გამოწვეული.

სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ მონაწილეობას უნდა იღებდეს სახელმწიფოებრივი საკითხების გადაწყვეტა-გაანალიზებაში, ასევე უნდა აფასებდეს საერთაშორისო სივრცეში მიმდინარე პროცესებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდეს სახელმწიფოს სტაბილურობის დარეგულირებაში. მოკლედ, ის მყისიერად უნდა რეაგირებდეს მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.

დემოკრატიის შენება მარტივი საქმე, რომ არ არის, ამაზე ევროპის მრავალსაუკონოვანი ისტორიაც მეტყველებს, ეს ისტორია კი კლასიკური ნიმუშია იმის თუ რა სირთულეები ახლავს მმართთველობის ხსენებული ფორმის დანერგვასა და განვითარებას.  აქ მთავარი არა პარლამენტი, იქ მოლაყბე და მოსიარულე დეპუტატები  და რამდენიმე ტელეარხი, არამედ მთავარი მისი შინაარსი, სიღრმე და მნიშვნელობაა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდნენ, როგორც ამ დაწესებულებაში მოსიარულე-მოლაყბეებმა, ასევე საზოგადოებამ.  ჩვენ კი რომელ დემოკრატიასა და განვითარებულ სამოქალაქო სექტორზე ვლაპარაკობთ, როდესაც ე.წ. დემოკრატიულ ინსტიტუტებში დასაქმებულებმაც არ იციან რას ემსახურებიან და  რა არის მაგალითად სახელმწიფო, პოლიტიკა და ის უმნიშვნელოვანესი ცნებები, რომლის გარეშეც სახელმწიფოს სიძლიერეზე ფიქრიც შეუძლებელია.

ხსენებულიდან გამომდინერე, ბუნებრივია, რომ ჩვენ ძლიერი სამოქალაქო სექტორის უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბების იმედი არ უნდა გქვონდეს, რადგან ამას აუცილებლად სჭირდება აქტიურობა, მხარდაჭერა და კომპეტენცია. საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომლის თვითმიზანსაც ისტორიის განმავლობაში იმ ფასეულობებისკენ სწრაფვა და ლტოლვა წარმოადგენდა რისკენაც ახლა მივისწრაფვით, ამიტომ დასავლური ღირებულებები საქართველოსთვის ცოტა არ იყოს და უცხო ხილია, რომლის დაგემოვნებაც დიდად გვწადია, მაგრამ ამისთვის კბილები  ჯერ არ ამოგვსვლია.

რაც შეეხება სწრაფვას ამ ფასეულობათა განხორციელებისკენ, ეს ალბათ ცხოვრების დონის, განვითარებისა და პროგრესის მიმართ გამოწვეული ლტოლვაა.

სამოქალაქო კულტურის ზრდა თანხვედრაში უნდა იყოს, დემოკრატიულ პროცესებთან, სახელმწიფო, რომ  ძლიერი იყოს უნდა ზრუნავდეს მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლებაზე. ამას უნდა აკეთებდეს როგორც კონკრეტული ინიციატივებით (მაგ: ლიტერატურის გამოცემით და გავრცელებით, სადაც ხსენებულ ფასეულობებსა და სიღრმეებზეა საუბარი, სემინარების გამართვით და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირთა წახალისებით და მხარდაჭერით), ასევე პოლიტიკურ პროცესებში საზოგადოების ჩართვით. მხოლოდ საეჭვოდ ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ არის დემოკრატია და ეს ყველამ კარგად უნდა გავითავისოთ. ძლიერი დემოკრატიულ სახელმწიფოს, ძლიერი საზოგადოება განაპირობებს და ამის მისაღწევად თავდაუზოგავი შრომაა საჭირო.

გიორგი ედიშერაშვილი
GeoNews.Ge
















კატეგორია: ანალიტიკა | ნანახია: 1409 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar