მთავარი » 2010 » ნოემბერი » 12 » მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 100 მლნ. ლარით იზრდება
7:41 PM
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 100 მლნ. ლარით იზრდება



მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან  შედარებით 100 მლნ. ლარით იზრდება. დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, კახა ბაინდურაშვილმა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი წარმოადგინა და განმარტა, რომ მასში 4,5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა გათვალისწინებული.

ბიუჯეტის პრიორიტეტები განათლების სისტემა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა და ინფრასტრუქტურაა. პრიორიტეტების  დაფინანსება ძირითადად შიდა რესურსებით გაიზრდება. კერძოდ, განათლების სისტემის დაფინანსება 16 მლნ ლარით, ხოლო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემის - 5 მლნ.ლარით მატულობს. მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემის დაფინანსებაში გათვალისწინებულია  კვალიფიცირებული პედაგოგებისთვის ხელფასების მომატების, ინგლისურ ენისა და კომპიუტერის შესწავლის, ატესტაციის,  პირველკლასელთა კომპიუტერებით უზრუნველყოფის ხარჯები. ჯანდაცვის პრიორიტეტებს შორის, კახა ბაინდურაშვილმა  მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფა, სოციალური დაცვა, ეფექტური სადაზღვევო სამედიცინო მომსახურება და საზოგადოებრივი ჯანდაცვა დაასახელა. ამასთანავე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების რეაბილიტაციაზე გაამახვილა ყურადღება.  ბაინდურაშვილის თქმით, მნიშვნელოვნად იზრდება სოფლის მეურნეობის სფეროების დაფინანსება, რაც უპრეცედენტო იქნება საქართველოს ისტორიაში. კერძოდ, სოფლის მეურნეობის დაფინანსება 14 მლნ-დან 53 მლნ ლარამდე იზრდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, მინისტრის განცხადებით დაფინანსებას ძირითადად საგზაო და ტურისტული პროექტები მიიღებენ. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის გაგრძელებისთვის 222.4 მლნ ლარია გამოყოფილი, ხოლო ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის 129.4 მლნ ლარი. ფინანსთა მინისტრი, კახა ბაინდურაშვილი დარწმუნებულია, რომ შემოვლითი გზის მშენებლობით ქუთაისი ურბანულ ცენტრად იქცევა ხოლო ბათუმის და ქობულეთის შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას.

ბაინდურაშვილმა აღნიშნა, რომ 2011 წლისთვის მოსალოდნელია ბიუჯეტის 5,5 პროცენტიანი ზრდა, ხოლო მე-4 კვარტალში, მისივე თქმით, 6 პროცენტიან ზრდას მივიღებთ.  "ეკონომიკა გამოსულია საერთაშორისო კრიზისის მდგომარეობიდან და ჯანსაღად ვითარდება",-განაცხადა მინისტრმა. ბაინდურაშვილის  შეფასებით, 2011 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 4,3 % -ს შეადგენ., "თუ ამ მონაცემს შევადარებთ 2010 წელს, დეფიციტი 2 პროცენტით არის შემცირებული. რაც შეეხება  2012 წელს, დეფიციტი 2 პროცენტზე დაბალი იქნება", -  აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი წერეთელის თქმით, სამედიცინო დაწესებულებები  გათავისუფლებული იყო რამდენიმე სახის გადასახადისგან. თუმცა  დღგ  წესდება თვით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზეც კი. წერეთელის მოსაზრებით, "აღნიშნული გადასახადი არ უნდა გახდეს ისედაც დეფიციტური სახელმწიფო პროგრამების შემცირების საფუძველი". გიგორგი წერეთელი მიიჩნევს, რომ ზუსტად უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო სფეროს რომელი ნაწილი დაიბეგრება და რომელი  დარჩება თავისუფალი მსგავსი სახის გადასახადებისაგან. ბაინდურაშვილის განმარტებით, თუ რომელიმე პროგრამას დაბეგვრით ბენეფიციარები მოაკლდება, შემდგომში მოხდება აღნიშნული თანხის დამატება ისე, რომ არც ერთი მოქალაქე არ დაზარალდეს.

























კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1269 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar