მთავარი » 2010 » ნოემბერი » 5 » დიმიტრი შაშკინი - სახელმძღვანელოებთან შექმნილი პრობლემა ერთხელ და საბოლოოდ მოგვარდება
12:46 PM
დიმიტრი შაშკინი - სახელმძღვანელოებთან შექმნილი პრობლემა ერთხელ და საბოლოოდ მოგვარდება


2011 წლის 15 სექტემბერიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლის I-VI კლასების მოსწავლეები ახალი სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან, რომელიც 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. სქემა, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შეიმუშავა კატეგორიულად გამორიცხავს როგორც შინაარსობრივ, ასევე ტექნურ ხარვეზს, რაც დღეს გადაუჭრელ პრობლემად ითვლება. ამასთან, სახელმძღვანელოების შეძენა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და მომდევნო თაობებს მისი გამოყენება წლების განმავლობაში შეეძლებათ. სამინისტროს მხრიდან ნოვაციური მიდგომა თანაბარ პირობებში ჩააყენებს გამომცემლობებსაც, რადგან სახელმძღვანელოებზე შექმნილი ხელოვნური დეფიციტითა და ხელოვნურად გაზრდილი ფასებით არაკეთილსინდისიერი გამომცემლები მოსწავლეთა მშობლებს სერიოზულად აზარალებენ.
ამიტომ, 2010 წლის 2 ნოემბერიდან 2011 წლის 1 მარტამდე განათლებისა და მეცნერების სამინისტრო I-VI კლასების სახელმძღვანელოებზე კონკურსს აცხადებს. მასში მონაწილეობა არა მხოლოდ იურიდიულ, უკვე ფიზიკურ პირსაც შეეძლება. გრიფის მიღების შემთხვევაში სამინისტრო სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე ავტომატურად ხდება, ხოლო მოლაპარაკების შემთხვევაში, საავტორი უფლებასაც, თავად შეიძენს.

2011 წლის 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახლადდამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმა ამოქმედდება, რომელიც პირველ საფეხურზე (I-VI კლასი), ხოლო 2012 წელს მეორე საფეხურზე (VII-XII კლასი) დაინერგება. ამიტომ, ყველა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო ავტომატურად გაუქმდება და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გრიფი ახალი წესების მიხედვით მიენიჭება. გრიფირებული სახელმძღვანელოს გამოცემას  ნებისმიერი სტამბა თუ გამომცემლობა შეძლებს, რაც თავისუფალ ბაზარზე კონკურენციას და ავტომატურად ფასის დაწევას გამოიწვევს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სამინისტროს მხრიდან ახლებური მიდგომა სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ პრობლემას მთლიანად მოხსნის: ”ესა არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რადგან სახელმძღვანელოებთან შექმნილი პრობლემა ერთხელ და საბოლოოდ მოგვარდება. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შექმნილი სახელმძღვანელოები 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება. ახალი მიდგომით, სახელმძღვანელოები იქნება არა მხოლოდ მაღალხარისხიანი და იაფი, ბავშვები მის გამოყენებას შემდეგ წლებშიც შეძლებენ. ტექნიკური პარამეტრებით სახლმძღვანელოებში სხვადასხვა დავალებების შესრულება აიკრძალება”.
ახალი წესების თანახმად, მას შემდეგ, რაც ამა თუ იმ ავტორის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო გრიფს მიიღებს, სახელმწიფო მისი თანამესაკუთრე ავტომატურად  ხდება. ხოლო ავტორთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, სახელმწიფო საავტორო უფლებას მთლიანად შეისყიდის და მისი დაბეჭვდის უფლებას უკლებლივ ყველა გამომცემელსა და სტამბას მისცემს, რითაც სახელმძღვანელოებზე მონოპოლიას ვეღარავინ მოიპოვებს. მწარმოებლებს შორის კონკურენცია არა მხოლოდ სახელმძღვანელოების გაიაფებას, მშობელთა ხარჯების საგრძნობლად შემცირებასაც გამოიწვევს. ყველა გამომცემელი ვალდებული იქნება, სახელმძღვანელოს საავტორო უფლების მქონე პირს მოგების 25 % გადაუხადოს.
სახელმძღვანელოების ხარისხთან და დეფიციტთან არსებული პრობლემის მოგვარება სამინისტრომ 2010 წელს დაიწყო, მაგრამ პროცესის შეჩერება მხოლოდ ნაწილობრივ შეძლო. თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ ორი წლის განმავლობაში ხარვეზი მთლიანად აღმოიფხვრება. ამასთანავე, შეიქმნება მეორადი ბაზარი, რომლითაც სოციალურად დაუცველი ფენები ისარგებლებენ.
ექსპერტთა მოსაზრებით, დღეს არსებული პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ  ზოგიერთი სკოლა და გამომცემელი ერთმანეთთან გარიგებაში შედის. წინასწარი შეთანხმებით, სკოლები მათ მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოებს ირჩევენ,  გამომცემლები მონოპოლისტები ხდებიან. ადგილი აქვს ასევე მათი მხრიდან წიგნებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნას, რის შემდეგაც ფასს კატასტროფულად ზრდიან.
სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ექსპერტები სახელმწიფო ინტერვენციას სასკოლო სახელმძღვანელოებთან მიმართებაში გამართლებულად მიიჩნევენ, რადგან მათი აზრით, აუცილებელია სასკოლო წიგნებთან მიმართებაში არსებობდეს თავისუფალი ბაზარი, სადაც კონკურენციიდან  გამომდინარე, ფასს თავად ბაზარი დაარეგულირებს.

დიმიტრი შაშკინი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი: ”ერთადერთი მოტივი, რის გამოც სახელმწიფო სახელმძღვანელოს თანამესაკუთრე ხდება ის არის, რომ ავტორმა გამომცემლებს დამამუხრუჭებელი ბერკეტი არ შეუქმნას. სამინისტროს ვალია, ბაზარზე რაც შეიძლება მეტი მწარმოებელი იყოს, რათა ფასი დარეგულირდეს. სხვა შემთხვევაში, კონკრეტული გამომცემელი კვლავ მონოპოლისტი იქნება”. 

ნინო ბარნაველი 2010 წ.




























კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1221 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar