5:45 PM რუსული მედია ვაშაძის უწყებას ვანუატუს საკითხზე სიცრუეში ადანაშაულებს | |
რუსული მედია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სიცრუეში ადანაშაულებს. საქმე ეხება ვანუატუს მთავრობის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხს. როგორც რუსი ჟურნალისტები წერენ, ვანუატუს საგარეო უწყებას აფხაზეთის აღიარების გადაწყვეტილება არ გაუუქმებია, რასაც ოფიციალურ საიტზე განთავსებული განცხადება მოწმობს. რუსული მედიის ცნობით, ვანუატუს საგარეო უწყების ოფიციალურ საიტზე ის მიზეზებიცაა ახსნილი, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ აფხაზეთის აღიარება გადაწყვიტა. ერთ-ერთ მთავარ პუნქტად ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ფაქტს ასახელებს, რომ ქვეყანა „კოლონიალიზმის ლიკვიდაციის" საერთაშორისო მოძრაობის წევრია. მინისტრი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაში ხელს არ შეუშლის. შეგახსენებთ, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზია-აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ალექსიძემ განაცხადა, რომ ვანუატუს მთავრობამ აფხაზეთის აღიარების შესახებ წინა მთავრობის გადაწყვეტილება გააუქმა. ალექსიძის განმარტებით, 17 ივნისს გავრცელდა ვანუატუს ახალი მთავრობის პრესრელიზი, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დღევანდელი მთავრობა უკან იწვევს წინა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ. "აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ
ადასტურებს ვანუატუს დღევანდელი მთავრობის პოზიციას, რომ ვანუატუს მთავრობა
მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ
საზღვრებში და წინა მთავრობის გადაწყვეტილება იყო შეცდომა და გაუგებრობა", -
განაცხადა ზურაბ ალექსიძემ. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |