მთავარი » 2010 » სექტემბერი » 28 » უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარებს გადამზადების სერტიფიკატები გადასცეს
9:39 PM
უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარებს გადამზადების სერტიფიკატები გადასცეს




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი თსუ-ს საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის 62 სპეციალისტისათვის სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას დაესწრნენ.

თსუ-ს ხელმძღვანელობის დაკვეთით, სასწავლებლის ბიბლიოთეკარებმა პროფესიული გადამზადება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედ სასწავლო ცენტრში გაიარეს.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ბიბლიოთეკართა გადამზადება და მათთვის თანამედროვე მეთოდების გაცნობა ძალზე მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს სასკოლო ბიბლიოთეკების კეთილმოწყობის და მათი სათანადო ლიტერატურით აღჭურვის პროექტს, ასევე ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დაიწყება პროგრამა ”წიგნის მეგობარი”. პროგრამის ფარგლებში სკოლებში ცნობილი ადამიანები მივლენ და მოზარდებს თავად წაუკითხავენ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებს, ესაუბრებიან კითხვის აუცილებლობაზე და ურჩევენ მომავალში რა წაიკითხონ. პროგრამის მიზანია - შეაყვაროს ბავშვებს წიგნი. მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ  ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო ცენტრში გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარი.

ცენტრი 2007 წელს დაარსდა და უკვე გადაამზადა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, ცენტრალური ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარები და ხელმძღვანელები. მათ შორის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული მუზეუმის, ლიტერატურის ინსტიტუტის ბიბლიოთეკების თანამშრომლები. ასევე ტრენინგი გაიარა 50-ზე მეტმა სკოლის ბიბლიოთეკარმა.

რეგულარულად მიმდინარეობს სემინარები, ტრენინგები და პრეზენტაციები საბიბლიოთეკო და საინფორმაციო საქმის სხვადასხვა საკითხზე. სასწავლო პროგრამები ტრადიციულ საბიბლიოთეკო პროფესიულ საკითხებთან ერთად მოიცავს თანამედროვე საბიბლიოთეკო და საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სტანდარტების, ბიბლიოთეკების მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპების შესწავლას. 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1941 წელს დაარსდა და მასში დაცულია 3 000 000 ერთეული სამეცნიერო  ხასიათის ლიტერატურა, 2 500 000 სამეცნიერო ჟურნალი და 20 000 000 სამეცნიერო პატენტი. წიგნსაცავში  დაცულია 1530 წლით დათარიღებული რამდენიმე უნიკალური გამოცემა და სამეცნიერო წიგნები უცხო ენაზე, რომელთა ანალოგი საქართველოში არსად მოიპოვება.





































კატეგორია: სწავლა-განათლება | ნანახია: 1178 | დაამატა: Nikolozi | ტეგები: უნივერსიტეტის ბიბლიოთეკარებს გადამზ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar