მთავარი » 2010 » სექტემბერი » 27 » ბიზნესის თავზე ახალი საგადასახადო კოდექსი აღმართეს
9:27 PM ბიზნესის თავზე ახალი საგადასახადო კოდექსი აღმართეს | |
მცირე ბიზნესს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა არ მოეთხოვება, მაგრამ... მაინც მოეთხოვება დღგ-ს კვლავაც გადაახდევინებენ ბიზნესს, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარზე მეტია. მთავრობა მეწარმეებს თავდაპირველად დასაბეგრი ზღვარის 200 ათას ლარამდე გაზრდას დაჰპირდა, მაგრამ გადაიფიქრა. როგორც ამბობენ, 18%-იანი დღგ-ის დასაბეგრი ზღვრის 100-ათასლარიან ნიშნულზე დატოვება მთავრობას საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ურჩიეს, რადგან შესაძლებელი იყო, მეწარმეთა მხრიდან გადასახადისგან თავის არიდების რისკი შექმნილიყო. მაგალითად, შპს, რომლის წლიური ბრუნვა 100 ათას ლარზე მეტია და დაქირავებული ჰყავს რამდენიმე თანამშრომელი, მოქმედი კოდექსით იხდის საშემოსავლო და მოგების გადასახადს და დივიდენდზე 5%-ს. ამ ცვლილების შეტანის შემთხვევაში, თუ ის ინდმეწარმე გახდებოდა და მცირე მეწარმედ დარეგისტრირდებოდა, შეწყვეტდა კონტრაქტს დაქირავებულ თანამშრომლებთან და მათთან მომსახურების ხელშეკრულებას გააფორმებდა, რომლებიც, თავის მხრივ, დაარეგისტრირებდნენ მიკრობიზნესებს. ამ ხერხით შპს თავიდან აიცილებდა სამ გადასახადს და ამის ნაცვლად ახალი კოდექსით მხოლოდ ბრუნვის 5%-ს გადაიხდიდა, როგორც მცირე ბიზნესი. ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტში წინააღმდეგობა არავისგან შეხვედრია. მთავრობის მიმართ პრეტენზიები არც ბიზნესმენებს გამოუთქვამთ და მით უმეტეს, არც კანონმდებლებს. განხილვამ სრულ იდილიაში ჩაიარა. ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ შენიშვნები გაითვალისწინეს და "ყველა მუხლი შეთანხმებულია, რაზეც კითხვები არსებობდა". ძირითადი პრინციპები შეთანხმებულია, ახლა უკვე ფინანსთა სამინისტრო ბიზნესსა და ექსპერტებთან ერთად ნორმატიული და ქვენორმატიული აქტების განხილვაზე გადავიდა. პირველი სამუშაო შეხვედრა ანაკლიაში ახლად გახსნილ სასტუმროში გასულ შაბათ-კვირას მოეწყო. მთავრობაში ამბობენ, რომ პროექტი გზადაგზა დაიხვეწება და კორექტივების შესატანად სამი თვე აქვთ, ვიდრე ახალი კოდექსი ძალაში შევა. კახა ბაინდურაშვილი (ფინანსთა მინისტრი): "მოქმედ კოდექსში იმდენი ხარვეზი დაგროვდა, რომ შესწორებების შეტანას შედეგი აღარ მოჰქონდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან კოდექსი მორგებული იყო ძველ რეალობას და ბევრ ნაწილში იყო ხისტი. მთავარი ამოცანა, რასაც მივაღწიეთ, იყო ამ სიხისტის შემცირება და ახალ პროექტში ძალიან ბევრი, ასეულობით ცვლილება შევიდა. -დღგ-ის ზღვარი 200 ათასამდე რატომ აღარ გაზარდეთ? -ამ საკითხზე შენიშვნა ბიზნესისგან წამოვიდა. ბევრი სეგმენტისთვის ზღვარის გაზრდა მიუღებელი აღმოჩნდა. საქმე ის არის, რომ ვისი ბრუნვაც 200 ათას ლარს შეადგენს, ფიზიკური პირები აღარ არიან. მათ საქმიანობის დროს ურთიერთობა უხდებათ დღგ-ის გადამხდელებთან. შესაბამისად, ამ ზღვრის გაზრდა გამოიწვევდა იმას, რომ ბევრი ვეღარ ჩაითვლიდა ამ გადასახადს. შედეგად ბევრ მეწარმეს შემცირების ნაცვლად გადასახადი გაეზრდებოდა. -საუბარია იმაზეც, რომ მცირე ბიზნესისთვის გაწეული შეღავათების ხარჯზე ტვირთი მსხვილ ბიზნესს გაეზარდა. არის თუ არა რეალურად ასე? -ამ შენიშვნას ვერ დავეთანხმები. შეღავათი საშუალო და მცირე ბიზნესსაც შეეხო. პირველ რიგში, ეს არის საბაჟო და საგადასახადო კოდექსების გაერთიანება. ამ საკითხმა უხმაუროდ ჩაიარა, არადა, ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილებაა. კომპანიას შეუძლია, საბაჟოზე წარმოქმნილი ზედმეტობით სხვა გადასახადები გადაფაროს, რაც ასევე შეღავათია. ამასთან, საბაჟოზე საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის ცალკე დღგ-ის გადასახდელი აღარ იარსებებს. თუ კომპანიას 200 ათას ლარზე მაღალი ზღვარი აქვს და სამართალდარღვევა არ ჩაუდენია, ის დღგ-ს საზღვარზე აღარ იხდის, არამედ დღგ-ის დეკლარაციის წარდგენის დროს. დღეს უკვე 400-ზე მეტი კომპანიია, რომელთაც შეუძლიათ ამით ისარგებლონ. ეს არის 3-დან 6 თვემდე უფასო საგადასახადო კრედიტი, რაც კომპანიებს საგრძნობლად დიდ თანხებს უთავისუფლებს. თანხა, რისი გადახდაც კომპანიებს აღარ მოუხდებათ, შეიძლება მილიონიდან ათეულობით მილიონამდე მერყეობდეს. გარდა ამისა, შემოდის დღგ-ის ყოველკვარტალური გადახდა, რაც საშუალო და მსხვილი კომპანიებისთვის ორთვიანი უპროცენტო სესხია". კოდექსის პროექტის მიმართ შენიშვნები მხოლოდ პარლამენტს გარეთ ისმის. ახალგაზრდა ფინანსისტთა ასოციაციაში განაცხადეს, რომ ახალ კოდექსში შეუსაბამობას მაინც არის. 92.1. მუხლში წერია, რომ მცირე ბიზნესს უფლება აქვს, არ აწარმოოს შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა. ამავე მუხლის მე-7 პუნქტში კი წერია, რომ მცირე ბიზნესმა ხარჯების აღრიცხვის ჟურნალი უნდა აწარმოოს, რომლის წარმოების წესს ფინანსთა მინისტრი დაადგენს. ბიზნესასოციაციის წევრებს კი საგადასახადო კოდექსის საბოლოო ვარიანტი საპარლამენტო სხდომის წინ გადასცეს და ისინი დოკუმენტს ახლა კითხულობენ. როგორც ასოციაციის ექსპერტებმა თქვეს, პროექტის გაცნობის შემდეგ ეცოდინებათ, მართლაც სრულად გაითვალისწინა თუ არა ფინანსთა სამინისტრომ მათი შენიშვნები. მოკლედ -ახალი კოდექსით, გადავადდა 2011 წლის 1-ელი იანვრიდან ბაზრობებზე სალარო აპარატების გამოყენების აუცილებლობა. -დღგ-ისგან გათავისუფლდა ჯანდაცვის აპარატურა და შენობები, სახელოვნებო და სპორტული სკოლები, რომლებშიც 18 წლამდე მოზარდები სწავლობენ. -დაზუსტდა საბაზრო ფასის ცნება, მისი გამოყენების წესები განისაზღვრება ფინანსთა მინისტრის ბრძანებით და არა საგადასახადო ინსპექტორის გადაწყვეტილებით. წ | |
კატეგორია: ეკონომიკა | ნანახია: 1230 | დაამატა: Nikolozi | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0 | |