"დემოკრატიული
მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა,
გაერო-ში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში არსებულ ვითარებაზე ტყუილები
თქვა.
როგორც ბურჯანაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე განაცხადა, სააკაშვილი ტყუის ყველა მიმართულებით, როცა
საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და პერსპექტივებზე საუბრობს.
”თქვენ
გჯერათ, რომ საქართველოში სიღარიბე შემცირდა? შეგიძლიათ, დამისახელოთ
რომელიმე ღარიბი ნათესავი ან მეზობელი, რომელიც მატერიალურად ფეხზე დადგა
ან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა?”, - მიმართა მან მედიის
წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ მსოფლიო ბანკის ოფიციალური მონაცემებით,
საქართველოში ღარიბთა რაოდენობა მალე 60%-ს მიაღწევს, ხოლო ღატაკთა -
25%-ით გაიზრდება, ინვესტიციებისა და მიკროეკონომიკის განვითარების
თვალსაზრისით კი ქვეყანა საგრძნობლად ჩამორჩება მეზობელ აზერბაიჯანსა და
სომხეთს.
”სააკაშვილი გაერო-ს ტრიბუნიდან გვეუბნება, რომ სიმამაცეს
ყველაფერი შეუძლია და მამაც ლიდერებზე საუბრობს. ეს არის ცინიზმი - კაცი,
რომელიც საკუთარ დაცვას ასწრებდა გორიდან და მთელმა მსოფლიომ მიწაზე
განრთხმული ნახა, ლიდერთა სიმამაცეზე საუბრობს”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
”დემოკრატიული
მოძრაობის” ლიდერი ასევე ცინიკურს უწოდებს, სააკაშვილის მიერ საკუთარი
თავის დახასიათებას, როგორც მშვიდი და მომთმენი პრეზიდენტი. ”დიახ, ის
მშვიდი და მომთმენია მაშინ, როცა დევნილებს ასახლებენ დროებითი
საცხოვრებლიდან და ღია ცის ქვეშ ტოვებენ, მაგრამ სიმშვიდესა და მოთმინებას
კარგავს, როცა საქმე ხელისუფლების შეცვლას ეხება”, - აღნიშნა მან.
ბურჯანაძემ
ასევე მკაცრად გააკრიტიკა გაერო-ში სააკაშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება
იმის თაობაზე, რომ საქართველო საცდელი ლაბორატორიაა. მისი განცხადებით,
საქართველო მართლაც გახდა საცდელი ლაბორატორია, ხოლო ხალხი საცდელი
კურდღლები და ვისაც არ უნდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, ხმა უნდა აიმაღლოს
საკუთარი ღირსების დასაცავად.