აშშ-ის
თავდაცვის სამინისტრომ ავღანეთის სამხედრო სამსახურგამოვლილი ყოფილი
მზვერავის წიგნის ათასობით ეგზემპლარი შეისყიდა და გაანადგურა. უწყების
ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, წიგნი შეიცავდა ინფორმაციას, რომელსაც
ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზიანის მოტანა შეეძლო. თავის მხრივ, სკანდალური
წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ "ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში ამბის
მიჩქმალვა შეუძლებელია".
სკანდალურ წიგნს, რომლის ავტორი
ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი შაფერია, "ოპერაცია "ბნელი გული": შპიონაჟი და
სპეცოპერაციები ავღანეთის ფრონტზე და გზა გამარჯვებისკენ" ჰქვია. წიგნში
შაფერის 2003 წლის ავღანური თავგადასავლები და მათ შორის რამდენიმე
საიდუმლო ოპერაციაა ასახული.
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის ცნობით, წიგნის პირველი ტირაჟი - 9500 ეგზემპლარი უკვე განადგურდა.
გამომცემლობა
St.Martin's Press-მა, რომელმაც "ოპერაცია "ბნელი გულის" პირველი ტირაჟი
გამოსცა, წიგნის მეორე ტირაჟი, სამხედროთა თხოვნის თანახმად, შეცვლილი და
შემოკლებული ტექსტით, უკვე დაბეჭდა.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში
eBay-ის აუქციონზე გამოჩნდა განცხადება, რომლის ავტორი მკითხველებს წიგნის
არარედაქტირებულ ვერსიას 2000 დოლარად სთავაზობს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.