მთავარი » 2010 სექტემბერი 26 » დიათეზი/ diatezi
2:43 PM დიათეზი/ diatezi | |
ალერგიისადმი მიდრეკილება, ალერგიული რეაქციები და დაავადებები დღეისათვის ძალიან გახშირდა, განსაკუთრებით კონსტიტუციური ანომალიის ფონზე, რომელსაც ექსუდაციური (ალერგიული) დიათეზი ეწოდება. იგი დაბადებიდანვე ვლინდება (ვაჟებში 2-ჯერ უფრო ხშირია), მაქსიმალურ გამოვლინებას აღწევს 3-6 თვის ასაკში, 1-წლისათვის კი მეტ-ნაკლებად კლებულობს. ექსუდაციური დიათეზის მოვლენები მოზრდილებშიც კი სავსებით არ ქრება, რაც მთავარია, პოტენციურად რჩება ალერგიისადმი განწყობა. მემკვიდრეობის როლი ექსუდიციური დიათეზის განვითარებაში ეჭვს არ იწვევს. ამის სასარგებლოდ მეტყველელბს მშობლებსა და ახლო ნათესავებში ალერგიული გამოვლინებების (ალერგიული სურდო, გამონაყარი, კვერცხის, ციტრუსების, წამლების აუტანლობა და ა.შ. ) და დაავადებების (ბრონქული ასთმა) სიხშირე. მემკვიდრეობით გადმოცემული ალერგიული წინასწარ განწყობის რეალიზაციას ხელს უწყობს ორსულობის პერიოდში ნახშირწყლების გადაჭარბებული მიღება, ცილის დეფიციტი, მედიკამენტებით მკურნალობა, რაც ორსულ ქალს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ექიმის მითითებით უნდა დაენიშნოს. დღევანდელი მონაცემებით, დედისა და ბავშვის სისხლით შეუთავდებლობისას, განსაკუთრებით როდესაც დედა 0(I), ხოლო შვილი სხვა რომელიმე ჯგუფისაა, ბავშვი იბადება ალერგიისადმი წინასწარ განწყობილი, ამიტომაც ასეთი ბავშვები ავლენენ ალერგიულ რეაქციებს ძროხის რძის, მისგან დამზადებული ნარევების, წამლების, სისხლის, პლაზმის გადასხმისა და პროფილაქტიკური აცრების მიმართ. ექსუდაციური დიათეზის ბავშვები დიდი წონისა იბადებიან და შემდეგშიც დიდი წონისანი არიან, თუმცა წონა მერყევი - არასტაბილურია. ყურადღებას იპყრობს კუნთების მოდუნება, კანის სიმკრთალე. სიცოცხლის პირველივე დღეებიდან თავის თმიან ნაწილზე და წარბებზე ჩნდება მორუხო-ყვითელი სებორეული ქერქი - გნეისი. ლოყებზე - შემოფარგლული სიწითლე, კანი მშრალია, ადვილად სკდება, მასზე ჩნდება მცირე ზომის ბუშტუკები, ინფექციის შეჭრის შედეგად - ეგზემური ქერქი. კისრის, ყურებს უკან, იღლიების და საზარდულის კანის ნაკეცებში - მკვეთრი სიწითლე სველი ზედაპირით. სხეულსა და კიდურებზე პერიოდულად თავს იჩენს წითელი ლაქოვანი და კვანძოვანი გამონაყერი. კანზე გამონაყარს თან სდევს ქავილი, რაც ბავშვს ძალიან აწუხებს, ერღვევა სიმშვიდე, ძილი. ქავილის შედეგად ნაკაწრებში შეიძლება შეიჭრას ინფექცია. შედარებით მოზრდილ ბავშვებს ხშირად აქვთ ჭინჭრისებური გამონაყარი, ეწყებათ ქავილი; ეპითელიუმის არათანაბარი ჩამოფცქვნის გამო ენის ლორწოვანი წააგავს "გეოგრაფიულ რუკას", ხშირია კონიუქტივიტი (თვალების გაწითლება), რინიტი (სურდო), ბრონქიტი, ხახის ლორწოვანი გარსის ანთება, ადენოიდის გადიდება, რის გამოც ბავშვს ცხვირიდან სუნთქვა უჭირს და პირღიას სძინავს. ბავშვს ეკარგება მადა, მოდუნებულია, წონაში კლებულობს. ნაწლავთა მოქმედება არამყარია, მეტწილად მიდრეკილია შეკრულობისადმი. პერიფერიული, განსაკუთრებით კისრის და ყბისქვეშა ლიმფური ჯირკვლები გადიდებულია თავსა და სახეზე არსებული ცვლილებების გამო. ექსუდაციური დიათეზის დროს ქვეითდება ბავშვის იმუნიტეტი - ბრძოლის უნარი ინფექციის წინააღმდეგ, ამიტომაც ხშირია ზემო სასუნთქი გზების ანთება (რომელიც რთულდება ფილტვის ანთებით), ნაწლავთა დაავადებანი, რომლებიც მძიმედ და ხანგრძლივად მიმდინარეობს. ასაკთან ერთად კანის მხრივ ცვლილებები მცირდება და ქრება. თუმცა ყურადღებას იპყრობს ბავშვის აგზნებადობა, ზედმეტი მოძრაობა, შეკრულობა, ხშირი სურდო და ბრონქიტი (კვეცხი, შოკოლადი, თაფლი, ციტრუსები, ძროხის და ზოგჯერ ქალის რძე), მედიკამენტებზე, შრატებისა და ვაქცინების შეყვანაზე, ზოგიერთი მცენარის სუნზე, ოთხის მტვერზე და სხვ. ბრონქული ასთმით დაავადებულ მოზრდილ ბავშვთა 60-75%-ს ძუძუს წოვის პერიოდში აღენიშნებათ მკაფიოდ გამოხატული ექსუდაციური დიათეზის ნიშნები. ექსუდაციური დიათეზის დროს ბავშვის მკურნაობა უნდა იყოს სისტემატური და ხანგრძლივი, რაც მთავარია, ინდივიდუალური. მხოლოდ ასეთი მკურნალობაა ეფექტური და აფერხებს დაავადების გამწვავებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვის გარემოს სისუფთავეს, კვების რეჟიმს, სუფთა ჰაერის მაქსიმალურ გამოყენებას, ორგანიზმის გაკაჟებას - ჰაერის აბაზანები, სხეულის დაზელა გრილი წყლით, პირველი თვეებიდანვე ვარჯიში და მასაჟი. ბავშვის კვება დიდ ყურადღებას ითხოვს, ექსუდაციური დიათეზის შეუპოვარი მოვლენების დროს ბავშვის შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე ადრეული გადაყვანა ზოგჯერ დადებით შედეგს იძლევა. 6 თვეზე უფროს ასაკში ყურადღება უნდა მიექცეს, რა გავლენას ახდენს ესა თუ ის საკვები. ნახშირწყლების სიჭარბე მეტწილად უარყოფითად მოქმედებს, თუმცა არ არის გამორიცხული ექსუდაციური დიათეზის გამოვლინება და გამწვავება საკვებში ცილების ან ცხიმების სიჭარბის დროს. ჰემორაგიული ჰემორაგიული დიათეზი, ანუ ბავშვის მიდრეკილება სისხლდენისა და სისხლჩაქცევებისადმი, ძირითადად განპირობებულია სისხლის ფირფიტების (თრომბოციტების) რიცხვის შემცირებით, კაპილარების კედლების დაზიანებით, განვლადობის მომატებით და სისხლის შედედების ამა თუ იმ ფაქტორის დაქვეითებით ან არარსებობით. ცვლილებები წარმოდგენილია სამი ძირითადი დაავადების სახით - ვერლჰოფის თრომბოციტოპენიური დაავადება, ჰემორაგიული ვასკულიტი, ანუ შენლიან-ჰენოხის დაავადება და ჰემოფილია. ვერლჰოფის დაავადების დროს თრომბოციტების რაოდენობის მნიშვნელოვან დაქვეითებასთან ერთად აღინიშნება სისხლძარღვთა კაპილარების კედლების დაზიანება განვლადობის მომატებით. იგი გაცილებით უფრო ხშირად გვხვდება გოგონებში, ვიდრე ვაჟებშჲ. ავადმყოფის დათვალიერებისას ყურადღებას იპყრობს კანქვეშა სისხლჩაქცევების ასიმეტრიული განლაგება და მისი პოლიმორფულობა როგორც სიდიდის (წერტილოვანიდან თეფშის ოდენობამდე), ისე ფერის (ღია-წითელი, ლურჯი, მომწვანო და მოყვითალო) მიხედვით. სისხლჩაქცევებია არა მარტო კანზე, არამედ პირის ღრუს ლორწოვან გარსზეც. ზოგჯერ კანზე სისხლჩაქცევები მცირედაა გამოხატული და ჭარბობს სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან. წერტილოვანი სისხლჩაქცევები სპონტანურია, მაშინ როდესაც ფართო სისხლჩაქცევები შეიძლება ტრამვასთან იყოს დაკავშირებული. დამახასიათებელია სისხლდენა ცხვირიდან, პირის ღრუს ლორწოვანიდან, ღრძლიებიდან, ენის, ნუშურების და ხახის უკანა კედლიდან. კბილის ამოღება მეტწილად ძლიერი, ხანგრძლივი სისხლდენით რთულდება. იშვიათად შარდიც სისხლიანია. თვის ტვინში სისხლჩაქცევა სიკვდილის უფრო ხშირი მიზეზია, ვიდრე სისხლის დაკარგვა. საყურადღებოა, რომ ვერლჰოფის დაავადების ქრონიკული ფორმის დროს ორსულობა და მშობიარობა ნორმალურად მიმდინარეობს და, პირიქით, აბორტი ძლიერი სისხლდენით რთულდება, რის გამოც ავადმყოფს ორსულობის შენარჩუნებას ურჩევენ. სისხლჩაქცევისა თუ სისხლდენის დროს, მით უფრო მათი არაერთჯერადი გამეორებისას, საჭიროა ავადმყოფის დაწვრილებითი კვლევა, ექიმის სისტემატური მეთვალყურეობა და მკურნალობა. შენლაინ-ჰენოხის დაავადებისათვის დამახასიათებელია სისხლის კაპილართა კედლების დაზიანება შემდედებელ სისტემაში შესამჩნევი ცვლილებების განვითარების გარეშე. იგი ინფექციურ-ალერგიული დაავადებაა და ყურადღებას იპყრობს სისხლჩაქცევის სიმეტრული განლაგება, განსაკუთრებით ქვემო კიდურების, წინამხრებისა და დუნდულების არეებში. კანის ელემენტების ფერი დასაწყისში მოყვითალო-წითელი, ხოლო შემდეგ მუქი წითელი ფერისაა, სცილდება კანის ზედაპირს და კანზე ხელის წასმისას შეიგრძნობა. კანზე აღნიშნული ელემენტების განვითარებას თან სდევს (იშვიათდ წინ უსწრებს) მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც არაერთხელ მეორდება. ნაწლავთა კედლის სისქეში სისხლჩაქცევის განვითარების გამო განავალი ხდება ლორწოვან-სისხლიანი და ვითარდება ჭინთვები. თუ ზემოაღნიშნული წინ უსწრებს კანზე სპეციფიკური ელემენტების განვითარებას, შეცდომით მწვავე მუცლის და დიზენტერიის დიაგნოზი დაისმება. ჰემორაგიული ვასკულიტისათვის აგრეთვე დამახასიათებელია სახსრების (მუხლის, იდაყვის) მფრინავი ხასიათის ტკივილი, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება. დაავადების ყოველი ახალი შეტევისას შეიძლება კვლავ განვითარდეს სახსრების და მუცლის ტკივილი კანზე პურპურის გაძლიერებითა და ტემპერატურის მცირედი მატებით. შენლაინ-ჰენოხის დაავადება შეიძლება თირკმელების დაზიანებით გართულდეს. ასეთ შემთხვევაში დაავადების პროგნოზი სერიოზულია. ავადმყოფი უსათუოდ ექიმის მეთვალყურეობას და ინდივიდუალურ კომპლექსურ მკურნალობას მოითხოვს. ჰემოფილია მამაკაცების მემკვიდრეობითი დაავადებაა, თუმცა ისინი (მამაკაცები) თვით არ გადასცემენ დაავადებას თავის ვაჟებს. ჰემოფილია შთამომავლობას მხოლოდ ქალების გზით გადაეცემა. ისინი დაავადებას გადასცემენ არა მარტო თავის შვილებს, არამედ ქალიშვილების მეშვეობით - შვილიშვილებს და შვილთაშვილებს. ჰემოფილიისათვის დამახასიათებელია სისხლის შედედების დაქვეითება. მისი კლასიკური ფორმის დროს (A ჰემოფილია) სისხლის შედედების დაქვეითება გამოწვეულია ანტიჰემოფილიური გლობულინის უკმარისობით, რაც ხშირ და ხანგრძლივ სისხლდენას იწვევს. ჰემოფილიის დროს სისხლდენა შეიძლება გამოვლინდეს დავადებისთანავე, სხვა შემთხვევაში - სკოლამდელ და ზოგჯერ მოზრდილთა ასაკში. გარდა ამისა, ავადმყოფს სისხლდენა სიცოცხლის სხვადასხვა პერიოდში ერთნაირად არა აქვს გამოხატული. სისხლდენის პირველი გამოვლინება მეტწილად ვითარდება ბავშვებში მაშინ, როდესაც ისინი სიარულს იწყებენ და ამის გამო ხშირია ტრამვებიც. საყურადღებოა რომ უმნიშვნელო ტრამვამ შეიძლება ძლიერი, სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენა გამოიწვიოს. ჰემოფილიისათვის, გარდა სისხლდენის მნიშვნელოვანი გახანგრძლივებისა, დამახასიათებელია რეციდივები - განმეორება განსაკუთრებით იმავე ადგილიდან. სისხლჩაქცევა (ჰემატომა), რომელიც ხშირად ვითარდება, კანით არ შემოიფარგლება, იგი შეაღწევს კუნთებში, სახსრებში, შინაგან ორგანოებსა და ღრუებში. სახსრებში სისხლჩაქცევა ჰემოფილიის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა. უმნიშვნელო ტრამვის შედეგად სახსარი სწრაფად იმატებს მოცულობაში, სასახსრე ჩანთის დაჭიმულობა ძლიერ ტკივილს იწვევს, რომელიც ძლიერდება სახსარში უმნიშვნელო მოძრაობის გამო. ამიტომ ავადმყოფს კიდური მოხრილ მდგომარეობაში უჭირავს. თუ მის წინააღმდეგ ზომები დროულად არ იქნა მიღებული, ვითარდება სახსრების დეფორმაცია მოძრაობის სრული შეზღუდვით, რასაც ხელს უწყობს კუნთების გავლენაც. ჰემოფილიით დაავადებულს ესაჭიროება განსაკუთრებული რეჟიმი ტრამვისაგან დაცვის თვალსაზრისით, რის შესახებაც გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ მშობლები, პედაგოგები, ამხანაგები. ეკრძალება ფიზიკური ვარჯიში და ყოველგვარი სპორტული გართობანი - ფეხბურთი, ფრენბურთი, სირბილი, ხტომა, ცურვა და სხვ., არასასურველია გონებრივი დატვირთვაც. ჰემოფილიის დროს გარეგანი სისხლდენისას მკურნალობა ადგილობრივია - ჭრილობის დასუფთავება და სისხლშემაჩერებელი ნივთიერებებით (ადრენალინი) გაჟღენთილი დოლბანდის ან ჰემოსტაზური (სისხლშემაჩერებელი) ღრუბლის დადება. ქალის რძე სისხლდენის კარგი შემაჩერებელი საშუალებაა. ჰემოფილიის დროს მკურნალობის ზოგადი მეთოდებიდან ერთ-ერთი ძირითადია სისხლის (ან სისხლის შრატის) გადასხმა. ჰემოფილიის დიაგნოზი უნდა დაადასტურის ექიმმა. მანვე უნდა შეიმუშაოს ავადმყოფის ინდივიდუალური მკურნალობის სქემა. ხალხური მედიცინა დიათეზის წინააღმდეგ დიათეზის დროს ქვეითდება ბავშვის იმუნიტეტი - ბრძოლის უნარი ინფექციების მიმართ. ამიტომ აუცილებელია ორგანიზმის წრთობა. ბავშვის გაკაჟება იღებენ 0,5 ლ წყალს, 1 ჩაის კოვზ ზღვის მარილს, 3-5 წვეთ იოდს, 3 სუფრის კოვზ სპირტს ან არაყს. ურევენ ერთმანეთში. დღეში ერთხელ წმენდენ ბავშვს ამ სითხეში დასველებული ხაოიანი ბამბის ქსოვილით. საღამოს კი უკეთებენ აბაზანას. ამ სითხეს ასხამენ აბაზანაში და აწვენენ ბავშვს 5-10 წუთით. ასეთი პროცედურები უხდება სუსტ ბავშვებს, რომლებიც ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ. კ ვ ე რ ც ხ ი ს ნ ა ჭ უ ჭ ი - " კ ა ლ ც ი უ მ ი ტ ი " იღებენ ახალ კვერცხს, ხარშავენ, აციებენ და აცლიან ნაჭუჭს, აშრობენ ბუნებრივ პირობებში (არც მზეზე და არც გაზქურაზე). ფქვავენ ფაიფურის როდინში და ცრიან საცერში. უმატებენ საკვებში ნაჭუჭის ფქვილსა და ცოტა ლიმონის წვენს. "კალციუმიტს" 6 თვიდან 1 წლამდე ბავშვებს აძლევენ დღეში ერთხელ დანის წვერით. 1-2 წლამდე 2-ჯერ მეტს. 5-7 წლამდე ნაჭუჭის 1/2-ს, უფროსებს დღეში 1 ნაჭუჭის ფქვილი ენიშნებათ. მკურნალობის კურსი 2-3 თვეა. ეს სამკურნალო საშუალება ყოვლად უვნებელია, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია არა მხოლოდ დიათეზის, არამედ სხვა ალერგიული დაავადებების დროსაც. დაფქვილ ნაჭუჭს ინახავენ მინის ჭურჭელში. ბ ა ბ უ ა წ ვ ე რ ა 1 ჩაის კოვზ ბაბუაწვერას დაქუცმაცებულ ფესვებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს. აჩერებენ, ფუთავენ 1-2 სთ, წურავენ. მიღება: 1/4 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ, 30 წუთით ადრე ჭამამდე. ო რ კ ბ ი ლ ა 2 სუფრის კოვზ ორკბილას (ბალახს) ასხამენ 500 მლ მდუღარეს, ფუთავენ 12 სთ. წურავენ. მიღება: 1/2 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ. ბავშვებში აღადგენს ნივთიერებათა ცვლას და შველის კანის დაავადებებს. ამასთან ერთად ბავშვებს უკეთებენ აბაზანებსაც ორკბილას ნაყენით. აბაზანები დიათეზიანი ბავშვებისათვის ო რ კ ბ ი ლ ა 4 სუფრის კოვზ ორკბილას ასხამენ 1 ლ მდუღარე წყალს, აჩერებენ 12 სთ, მიღებულ ნაყენს უმატებენ აბაზანის წყალს და აბანავებენ ბავშვს. ვ ა რ დ კ ა ჭ ა ჭ ა იღებენ 50 გრ ვარდკაჭაჭას დაქუცმაცებულ ფესვებს 1 ლ მდუღარე წყალზე. აჩერებენ. შემდეგ ადუღებენ 20 წთ, 1 საათის შემდეგ წურავენ და უმატებენ აბაზანის წყალს. ასევე შეიძლება მომზადდეს აბაზანა გვირილას ყვავილების ნაყენით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |