მთავარი » 2010 » სექტემბერი » 25 » ნიკა არაბიძე: "უსაშველოდ სიმპათიური მამაკაცის გაჩენის დღე ცეცხლში დაიწვას"
11:56 AM
ნიკა არაბიძე: "უსაშველოდ სიმპათიური მამაკაცის გაჩენის დღე ცეცხლში დაიწვას"


www.allfile.do.am - internet files encyclopediaახალი
სატელევიზიო სეზონი დაიწყო და "რუსთავი 2"-ის "Comedy ჯგუფიც" სამუშაო
პროცესში აქტიურად ჩაება. "კომედი შოუს" შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს
გადაცემას მცირე რუბრიკული ცვლილებით სთავაზობს, ახალი პერსონაჟების
შექმნაზეც მუშაობს. ჩვენ ერთ-ერთი ძველი პერსონაჟის - "ცისფერთვალება
ზვიგენის", იმავე ნიკოლოზის როლის შემსრულებლის - ნიკა არაბიძის პირადი
ცხოვრებით დავინტერესდით, რომელიც "სინანულით" აღნიშნავს: უსაშველოდ
სიმპათიური მამაკაცის გაჩენის დღე ცეცხლში დაიწვასო!.. გაურკვეველი
წარსულის მქონე ქალბატონი ცისმარისგან განსხვავებით, ცხოვრებაში ნიკას
გვერდით არაჩვეულებრივი მეუღლე (რომელსაც რაც მთავარია, კარგად იცნობს!) და
პატარა ვაჟიშვილი - დემეტრე (რომელიც ჯერჯერობით ყველაფერს ამტვრევს,
რასაც კი მისწვდება) ჰყავს.

- სუსტი სქესის წარმომადგენლებით
ადრეული ასაკიდანვე დავინტერესდი. მე თვითონ კარგად არ მახსოვს, მაგრამ
დედაჩემის ნაამბობიდან ვიცი, რომ დაახლოებით 3-4 წლის ვიყავი, როცა მე და
ჩემმა ძმამ (რომელიც ჩემზე წლინახევრით უფროსია) ოჯახში განვაცხადეთ:
გადავწყვიტეთ, ცოლები მოვიყვანოთ-თქო! დაოჯახება კანფეტებით
გადაგვაფიქრებინეს...

- საინტერესოა, იმ ასაკში თქვენი რჩეულები ვინ იყვნენ?
- ნუ, ეს იმ წუთში გადაწყვეტილი არ გვქონდა, მაგრამ ცოლის მოყვანა რომ გვინდოდა, ეს კარგად ვიცოდით!

- შენს ცხოვრებაში სიყვარულის რეალური ობიექტი როდის გაჩნდა?
-
ალბათ, სკოლაში სწავლის პერიოდში. ამ დროს საკუთარ თავში უფრო
ჩამოყალიბებული გახლდით. მივხვდი, რომ ცოლის შერთვა ძალიან ადრეც არ
შეიძლებოდა. სტუდენტობისას სერიოზული გატაცება მქონდა, მანამდე -
პატარ-პატარა "ფლირტები". ცოლის შერთვაზე გადარეული რომ ვიყავი, დედაჩემმა
ერთხელ დამსვა და ამიხსნა, თუ რა გვარის გოგონები არ უნდა მომეყვანა ცოლად.
ჩვენი ყველა ნათესავის გვარი რომ ჩამოთვალა, ტირილით გავსკდი - აბა,
დავრჩენილვარ უცოლოდ, რა მეშველება-მეთქი! სხვა გვარებიც თუ არსებობდა, არ
მეგონა. მთელი ღამე ვსლუკუნებდი (იცინის)... რომ გავიზარდე, აღმოვაჩინე,
რომ სხვა გვარებიც არსებობს და უცოლოდ არ დავრჩებოდი. ამ აღმოჩენამ ძალიან
გამახარა.

- პირველად ვინ დაგაინტერესა?
-
პირველ კლასში ალბათ, რომელიმე გოგონა ყველა ბიჭს მოსწონს. დედაჩემი
მასწავლებელი იყო და ვთხოვდი: იქნებ "იმასთან" ცოტა ახლოს დამსვა-მეთქი?..
მაინცდამაინც გვერდით დაჯდომის გამო თავს არ ვიკლავდი - ახლომახლო უნდა
ვმჯდარიყავი.

- გოგონას გვერდით დაჯდომა გეთაკილებოდა?
-
ჰო. მის უკან ვჯდებოდი. გოგონას თმაში რომ სწვდებოდი და გაჩეჩდი - მაშინ
სიყვარულისა და მოწონების გამოხატვა ეს იყო! მერე გავიგე - თურმე სხვა
ფასეულობები ყოფილა - მთლად არ უნდა დააპუტო თმა გოგოს (იცინის).

- როცა სიყვარულის რეალურ ობიექტზე გეკითხები, ზოგადად მპასუხობ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი გოგონა გიყვარდა?
-
მართალია, რადგან მაგ დროს გულში ძალიან ბევრი ეტევა - გულია თუ
"ობშეჟიტიე", ვერ გაიგებ! შეიძლებოდა, ყოველკვირა ახალი გატაცება მქონოდა,
მერე "ახალ წრეზე" წავიდოდი... ყველაზე მაგარი იყო, როცა სკოლაში ახალი
მოსწავლე გოგონა გადმოდიოდა. მინიმუმ, 5 ბიჭს იმწუთშივე უყვარდა! ალბათ,
მსგავსი ამბები ყველას ჰქონია - ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ.

- გარდა თმის დაპუტვისა, გოგონების ყურადღების მიქცევას რით ცდილობდი?
-
სოფელში ვსწავლობდი. გაკვეთილების შემდეგ, ბავშვები შინ ერთად
ვბრუნდებოდით. ბიჭები ვიღაცის ბაღში გადავიპარებოდით და იქიდან
გოგონებისთვის მწიფე ხილი მოგვქონდა. მაგალითად, მახსოვს, ერთხელ ჯიბეებში
მარწყვი ჩავიყარეთ. მართალია, როცა გოგონებს მივართვით, აღარც მარწყვი
ვარგოდა, აღარც - შარვალი და აღარც - პერანგი, მაგრამ თავი რომ გადავდეთ,
ფაქტია...

- გოგონას გამო თუ გიჩხუბია?
-
სიმართლე გითხრა, "საკუთარის" გამო - არა, მაგრამ "საქმეების გასარჩევად"
სხვებს დავყვებოდი. ერთხელ მოჩხუბრის მეგობრის მეგობრის მეგობარს გავყევი.
ვჩხუბობდი, მაგრამ რისთვის - კარგად და დარწმუნებით არ ვიცოდი (იცინის)!..

- სკოლაში პოპულარული ბიჭი იყავი? ბევრ გოგონას მოსწონდი?
-
უსაშველოდ ლამაზი და სიმპათიური რომ გაჩნდები!.. ლამაზი კაცის გაჩენა
დაიწვას ცეცხლში (იცინის)!.. ალბათ, ვიღაცებს მეც მოვწონდი. თანამედროვე
თინეიჯერებისგან განსხვავებით, მაშინ პატარ-პატარა სასიყვარულო ამბებს არ
ვახმაურებდით. როცა ურთიერთობა დიდხანს გრძელდებოდა, ამას ყველა იგებდა.

- მოდი, როგორმე შენი პირველი პაემანი გაიხსენე.
- დედა, რაღა ვქნა (ფიქრობს)?! ალბათ, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნებოდა: ბუფეტი, მოედანი... ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს.

- მაშინ ცოტა უფრო სერიოზული პაემანი გაიხსენე.
-
სტუდენტობა ცუდ პერიოდში მომიხდა: 90-იანი წლები, უშუქობა... გოგონა
ქუთაისის ერთ-ერთ კაფეში დავპატიჟე. მაშინ სანთლები მაინცდამაინც,
რომანტიკის გამომჟღავნებად არ მიგვაჩნდა - ჭაღი რომ ჩახჩახებდა, უკეთესი
იყო... ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ისეთი კაფე მოვძებნე, სადაც შუქი იყო.
კაფეს მოძებნამდე, ფულს 2 კვირის განმავლობაში ვაგროვებდი. მოკლედ, საქმეს
სერიოზულად მივუდექი. მაშინდელი პირობების კვალობაზე, გოგონაზე
შთაბეჭდილება მოვახდინე!

- ღელავდი?
- რა თქმა
უნდა! ზოგადად, მღელვარე ადამიანი ვარ და ცხადია, მაგ დროსაც ვღელავდი.
განსაკუთრებულად ჩავიცვი, თმა დავივარცხნე... იმ დღისთვის სერიოზულად
განვეწყე. პირველმა პაემანმა მღელვარებით ჩაიარა, მაგრამ ყველაფერი კარგად
დამთავრდა.

- დღეს ერთად რომ არ ხართ?..
- იმ დღეს დამთავრდა ყველაფერი კარგად (იცინის)!.. ყველას თავისი გზა აქვს...

- პირველი სიყვარული როდის გეწვია?
-
უნივერსიტეტში სწავლისას (ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი დავამთავრე).
მე რომ გოგონა მომეწონებოდა, ცუდი არ იქნებოდა: კარგი, სიმპათიური,
განათლებული, ჭკვიანი... ჩვენი ურთიერთობა წლების განმავლობაში
გრძელდებოდა. შემდეგ, გარკვეული მიზეზების გამო, ერთმანეთს დავშორდით.

- მეუღლე შენი მერამდენე სიყვარულია?
- მეორე და - საფუძვლიანი!

- სიყვარული გაცნობიდან რამდენ ხანში აუხსენი?
- 6 თვის შემდეგ. უფრო სწრაფადაც შეიძლებოდა, მაგრამ თავისუფალი დროის სიმცირის გამო, ეს საქმე ნახევარი წლით გადავდე.

- მასთან პირველი პაემანი ალბათ გახსოვს...
-
მაშინ მისთვის სიყვარული ჯერ ახსნილი არ მქონდა. ასე ვთქვათ, მეგობრულად
შევხვდით. შემდეგ ჩემთვის ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგი - ყვავილები
მივუტანე!

- "ყველაზე დიდი ნაბიჯი" - რატომ? ყვავილები არ გიყვარს?
-
შენ არ იცი, ჩემთვის ეს რამხელა მსხვერპლის გაღებას ნიშნავს! 1 ცალი
ყვავილი რომ იყოს, სადმე დავმალავ. კარგია, რომ ახლა მანქანა მყავს -
თაიგულს მანქანაში ჩავდებ და - მორჩა. შარშანწინ, 8 მარტს მეუღლეს
ყვავილები რომ ვაჩუქე, ისე გაუხარდა!.. შარშან 8 მარტს კი ფოთში, რაღაც
ღონისძიებაზე ვიყავი. იქიდან 1 ყუთი ლუდი და თევზი ჩამოვიტანე და დილით
მეუღლეს საწოლთან დავუდე - ქალთა დღე ლუდითა და თევზით მივულოცე!

www.allfile.do.am - internet files encyclopedia- იმედია, უყვარს.
- კი, უყვარს.

- მეუღლეს ასეთ "რომანტიკულ" საჩუქარს ხშირად უძღვნი?
-
(იცინის) არა, უბრალოდ, მაშინ ასე დაემთხვა: ფოთში ლუდი და თევზი მაჩუქეს.
დედაქალაქში გამთენიისას დავბრუნდი. დილის 7 საათზე რა საჩუქარი უნდა
მეყიდა?! გადავწყვიტე, ლუდი და თევზი მიმეძღვნა... ისე კი, ვცდილობ, კარგი
საჩუქრები მივართვა. შეიძლება, ადამიანს სიურპრიზი გავუკეთო, მაგრამ თუ
თავად მეტყვის - რა უნდა, მირჩევნია. ბევრს ვფიქრობ - რა ვუყიდო, რომ
ესიამოვნოს.

- ნიკა, დაოჯახების შემდეგ შენს ცხოვრებაში რა შეიცვალა?
-
ჩემს შემთხვევაში, ბევრი რაღაც შეიცვალა: როცა დავოჯახდი, თავდაპირველად
მავიწყდებოდა, რომ უკვე ცოლი მყავდა; სადმე რომ წავიდოდი, მეუღლე ტელეფონით
მირეკავდა: სად ხარ ამდენ ხანსო?! - უი, ჩემი სიკვდილი, სულ არ
გამხსენებია, რომ ცოლი მყავს-მეთქი! - ვამბობდი და სახლში მივდიოდი
(იცინის)... ახლა ყველაფერს შევეგუე. თავისუფლებას წერტილი დაესვა.

- ამას განიცდი?
-
ისეთი მეუღლე არ მყავს, რომ თუ მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა,
რესტორანში ქეიფი მომინდება, პრობლემა შემიქმნას. "თავისუფლებას წერტილი
დაესვა" უფრო სხვა რაღაცებში გამოიხატება: მე პატიოსანი ადამიანი ვარ,
ცოლისთვის არასოდეს მიღალატია - მართლა არ მიღალატია! ჩემნაირი მამაკაცი
სულ ერთი-ორია!.. როცა ცოლი მოგყავს, ამისთვის მზად უნდა იყო - "გულაობა"
დამთავრდა!

- ნიკა, სიდედრს "დედას" თუ ეძახი?
-
"დედას" - არა (იცინის). ჩემზე სულ რაღაც 9 წლითაა უფროსი, მასთან
ვმეგობრობ. ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ საკუთარი ბინა რომ მექნება,
სიდედრ-სიმამრს უნდა ვთხოვო - საცხოვრებლად ჩემთან წამოვიდნენ, რადგან
მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს! სახლში მისვლა მიხარია - თბილი,
ოჯახური გარემო მხვდება.

- მყარი ოჯახური ცხოვრებისთვის რა არის აუცილებელი?
-
უპირველეს ყოვლისა, საკუთარ გრძნობაში კარგად უნდა იყო გარკვეული.
ადამიანმა დაუფიქრებლად, პატარა ნაბიჯიც კი არ უნდა გადადგას. მყარი
ოჯახისთვის საჭიროა, მეუღლეს კარგად იცნობდე... დღეს თავს ბედნიერ
ადამიანად მივიჩნევ. ამის საფუძველი მაქვს: მყავს მეუღლე, კარგი შვილი...
რაც მთავარია, ბევრი შვილი უნდა გყავდეს! ძალიან ბევრიც არ შეიძლება,
მაგრამ (იცინის)...

- ბოლოს გკითხავ: პატარა დემეტრე როგორ არის?
-
ძალიან მენატრება - 3 კვირაა, არ მინახავს. დასავლეთში, გურიაში არიან,
ზღვაზე ნებივრობენ, მე კი, როგორც ხედავ, სამუშაო პროცესში ვარ ჩაბმული.
დემეტრემ აგვისტოში ფეხი აიდგა. რომ მიხაროდა, ფეხს აიდგამს და ცოტას
დავისვენებ-მეთქი, პირიქით მოხდა - ახლა უნდა სდიო! რასაც მისწვდება,
ყველაფერს ამტვრევს! ძალიან ცელქი, ინტერესიანი ბავშვია.

- ლაპარაკიც ხომ არ დაუწყია?
- რაც მთავარია, "მამას" ამბობს (იცინის)!..


ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
















კატეგორია: ინტერვიუები | ნანახია: 2226 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar