მთავარი » 2010 » სექტემბერი » 25 » რას ფიქრობს ედუარდ შევარდნაძე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე?
11:49 AM
რას ფიქრობს ედუარდ შევარდნაძე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე?



"შეგიძლიათ თავისუფლად განმსაჯოთ - შეუბრალებლად, უკომპრომისოდ. თუმცა ჩემზე მკაცრად მაინც ვერავინ განმსჯის. ვიცი - მქონდა შეცდომები, ვიცი - ზოგთან არ ვიყავი მართალი, ვიცი - ბევრსაც გული ვატკინე და თუ შეძლებენ, იქნებ მომიტევონ, მეც დავივიწყე ყოველი წყენა, არავის ბოღმა არ მიმყვება და არც არავისი შემშურებია...

ვფიქრობ, ბევრი რამ კარგიც მიკეთებია - და არა მარტო საქართველოსთვის" - ეს სიტყვები ედუარდ შევარდნაძეს ეკუთვნის, რომელსაც კრწანისის რეზიდენციაში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ.

- ბატონო ედუარდ, ახლოვდება სოხუმის დაცემის დღე - 27 სექტემბერი. ბევრი გაკრიტიკებთ აფხაზეთის დაკარგვის გამო. რას ეტყოდით იმ ხალხს, ვინც ამგვარად ფიქრობს?
- რომ არა ღალატი, ჩვენ ამ ომს არ წავაგებდით, რადგან მისი დაწყების პირველი დღიდან ბოლომდე მართალნი ვიყავით. ჩვენ გვიპირისპირდებოდა არა მხოლოდ რუსული სამხედრო ძალა, არამედ - პოლიტიკაც. რუსებმა ბევრჯერ გატეხეს ჩვენთვის მოცემული სიტყვა, ბევრჯერ უღალატეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ ხელშეკრულებებს.

გარდა ამისა, ფაქტობრივად, ორ ფრონტზე გვიწევდა ბრძოლა, რადგან საქართველოში ზვიად გამსახურდია ჩამოვიდა და მისმა მომხრეებმა ერთიანად მიატოვეს ფრონტის ხაზი. მათ შორის იყო აკაკი ელიავა და მისი რაზმი, სხვებიც... ისინი ძალიან კარგი მეომრები იყვნენ და რომ დაგვხმარებოდნენ, ერთად რომ ვყოფილიყავით, სოხუმი არ დაეცემოდა!

- ხშირად ისმის საყვედური, რომ აფხაზეთში ქართული ჯარის შესვლამ სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა...
- არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენ იქ საომრად არ შევსულვართ. სოჭიდან სოხუმამდე მოძრაობდა მატარებელი, რომელიც გამუდმებით იძარცვებოდა. როცა შევაჯამეთ, 12 მილიარდი მანეთის ზარალი დავიანგარიშეთ. სამხედრო საბჭოსთან მოლაპარაკების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ამ სიტუაციას პოლიცია ვერ მოუვლიდა, ამიტომ ჯარი შევიყვანეთ. ჩვენს ბიჭებს უნდა გაეცილებინათ მატარებელი, რომ ის არავის გაეძარცვა. მათი მიზანი ომის დაწყება კი არა, ეშელონების დაცვა იყო.

სამწუხაროდ, მტერმა ყველაფერი სათავისოდ გამოიყენა და სავალალო შედეგიც მივიღეთ. 25-28 სექტემბერს ქართველმა მოსახლეობამ აფხაზეთი დატოვა, ერთი ნაწილის ევაკუაცია ზღვით მოხერხდა, თუმცა ძირითადმა ნაწილმა კოდორის გზით უშველა თავს, ეს მართლაც უმძიმესი დღეები იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. სხვათა შორის, 1995 წელს იყო საშიშროება, რომ უარესი ტრაგედია დატრიალებულიყო;

თენგიზ კიტოვანს სურდა აფხაზეთში შესვლა, ხალხიც მზად ჰყავდა. დავურეკე იგორ გიორგაძეს და ვთხოვე, როგორმე შეაჩერე-მეთქი. ის გზაში დახვდა კიტოვანს, მანქანიდან ჩამოსვა და უკან წამოიყვანა. ასე გადავრჩით კიდევ ერთ სისხლის ღვრასა და უბედურებას.

- ბატონო ედუარდ, თქვენზე განხორციელებულმა ტერაქტებმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა. მაინც ვის უნდოდა თქვენი თავიდან მოშორება?

- ჩემზე სამი ტერაქტი განხორციელდა: პირველად 1992 წლის 3 ოქტომბერს აფხაზეთში - მაშინ მხოლოდ მფრინავის ოსტატობამ გადაგვარჩინა, მეორედ - 1995 წლის 29 აგვისტოს ყოფილი "იმელის" შენობასთან, მესამე ტერაქტი 1998 წლის 9 თებერვალს მომიწყვეს - კრწანისის რეზიდენციისაკენ დაცვის თანხლებით მოვდიოდი. ყველაზე ორგანიზებული სწორედ ეს ტერაქტი იყო და ჩემი დაცვის ორი წევრი შეიწირა კიდეც.

ტერორისტებმა მომზადება გროზნოში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე გაიარეს. ისინი საგანგებოდ მოამზადეს იმისათვის, რომ შევარდნაძე მოეკლათ, თუმცა ჩემი აზრით, ეს ტერაქტები, პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული.

- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ არსებობს ასეთი ვერსიაც - ბოლო ტერაქტი შევარდნაძემ თვითონ მოუწყო საკუთარ თავსო...
- გჯერათ მერე? ასეთი რამ როგორ უნდა დაიჯეროს კაცმა, ეს ხომ სისულელეა?!

- ზვიად გამსახურდიას მკვლელობის დეტალებს საგანგებო კომისია შეისწავლის. თუ იყავით მისული ამ კომისიის სხდომაზე და როგორ ფიქრობთ, მართლა მოიკლა თავი ზვიად გამსახურდიამ თუ - მოკლეს?

- ამ კომისიის სხდომაზე არ ვყოფილვარ, მე ვუთხარი კომისიის წევრებს, სიმართლის დადგენაში დაგეხმარებით, მაგრამ ვისაც ლაპარაკი სურს, აქ, ჩემთან მოვიდეს-მეთქი. სხვათა შორის, ოფიციალური მიწვევა არ მიმიღია მათგან. კი თქვეს, შევარდნაძემ ხან ავადმყოფობა მოიმიზეზა, ხან, რაო, მაგრამ ასე არ ყოფილა.

მიზეზი არ მქონია, რომ მათთან მისვლისთვის თავი ამერიდებინა. სხვათა შორის, ზვიად გამსახურდიას ცხოვრების ბოლო პერიოდს იძიებდა ანზორ ბალუაშვილი, რომელიც გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე იყო. მან დაწვრილებით გამოიკვლია ყველა ფაქტი თუ დეტალი და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეს თვითმკვლელობა იყო.

- ცოტა რამ დღევანდელ საქართველოზეც - ბევრი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებასთან დაპირისპირების დროს სისუსტე გამოავლინა და ხალხის მხარდაჭერა სათანადოდ ვერ გამოიყენა...
- ქართული ოპოზიცია მართლა სუსტი აღმოჩნდა. სერიოზული შეცდომები დაუშვა - ასი ათასი კაცი რომ შეიკრიბა სტადიონზე, სამებაში რატომ წავიდნენ, იქ რა უნდოდათ? ეს ხალხი მთავრობის სასახლესთან რომ მისულიყო, პრეზიდენტი გამოვიდოდა, ხალხს დაელაპარაკებოდა, რაღაცას დაჰპირდებოდა... არ არის გამორიცხული, ხალხის ნებას გაემარჯვა. ყოველ შემთხვევაში, იმ სიტუაციაში დიდი შანსი იყო, სააკაშვილი გადამდგარიყო.

- თუ ხედავთ პიროვნებას, რომელიც ამ პროცესებს გონივრულად წარმართავს?
- ჯერჯერობით ასეთ პიროვნებას ვერ ვხედავ.

- დასასრულ, თქვენი აზრით, რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა ბოლო წლების ქართულ პოლიტიკაში?
- ბევრი შეცდომა დავუშვით. რასაკვირველია, შეცდომები ჩემი მმართველობის დროსაც იყო, მაგრამ ყველაზე დიდი უბედურება ზურაბ ჟვანიას მკვლელობა და ცხინვალში შესვლა იყო!

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)




















კატეგორია: ინტერვიუები | ნანახია: 1422 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar