მთავარი » 2010 » სექტემბერი » 24 » ჩეჩენი სნაიპერების ჭკვიანური გეგმა და ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა
10:32 PM
ჩეჩენი სნაიპერების ჭკვიანური გეგმა და ქართველი ჯარისკაცების თავგანწირვა

www.allfile.do.am - internet files encyclopedia20
წლის იყო, ომის ქარცეცხლში რომ მოხვდა. რიგითი ჯარისკაცი გიორგი ჯაბახიძე
ცხინვალის მისადგომებთან, საბრძოლო დავალების შესრულების დროს, რამდენიმე
თანამებრძოლთან ერთად, რუსული თვითმფრინავების დაბომბვაში მოჰყვა და
მარჯვენა ფეხი დაკარგა. ახალგაზრდა კაცს ყურები არ ჩამოუყრია, უფრო მეტიც -
ღიმილით მითხრა: გამიმართლა, რომ გადავრჩი. ჩემმა მეგობრებმა სამშობლოს
სიცოცხლე შესწირეს, მე კი ცალი ფეხითაც არაფერი მიჭირსო... ახალგაზრდა ბიჭი
ფეხის პროთეზსაც შეეგუა, ოჯახიც შექმნა და არც საყვარელი საქმისთვის
დაუნებებია თავი...

- სავალდებულო სამხედრო სამსახურში არ
ვყოფილვარ, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებთან 4-წლიანი კონტრაქტი
გავაფორმე. თარიღი მახსოვს - 2007 წლის 6 აგვისტო იყო, ზუსტად ერთი წლის
თავზე კი ომი დაიწყო... იმ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე.
ყველაზე საფუძვლიანი სწავლება ებრაელების 6-თვიანი სადაზვერვო მომზადებისას
მივიღე, შემდეგ იყო ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით, ვაზიანის
სამხედრო ბაზაზე გავლილი სწრაფი რეაგირების კურსები.

ერაყშიც
ვაპირებდი წასვლას... ნებისმიერი მომზადება რეალურ ომთან მიახლოებული იყო,
მაგრამ ომი სხვა ყოფილა... ბოლო დროს განვლილ წვრთნებზე ხშირად ვფიქრობ:
ებრაელების სწავლება რომ არ გამევლო, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. სასწავლო
კურსებმა დიდი გამოცდილება შემძინა.

- რაც რეალური ომისთვის ფსიქოლოგიურ მომზადებასაც გულისხმობს, არა?
-
დიახ. ჯარისკაცი ომისთვის ყოველთვის მზადაა, მაგრამ მაინც არ გვეგონა,
ყველაფერი ასე უცებ თუ მოხდებოდა... როცა განგაში გამოცხადდა, იარაღი
ავისხით, სამხედრო მანქანებში ჩავსხედით და ცხინვალის მიმართულებით
დავიძარით, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გვჯეროდა, რომ ომში მივდიოდით.
გვეგონა, მორიგი შეტევა იყო და ყველაფერი ერთ დღეში დასრულდებოდა... ჩვენი
სადაზვერვო ასეული აგარის რაიონში, სოფელ ქვენატკოცაში შეჩერდა. ბრძანების
თანახმად, ბრიგადისთვის უნდა მოგვეძებნა ადგილი, სადაც შევყოვნდებოდით და
მეთაურები სამოქმედო გეგმას შეადგენდნენ; ამის შემდეგ, გორის მხრიდან ოსურ
სოფლებში შევედით.

- ამ დროისთვის ოსური სოფლები დაცლილი იყო?
-
დიახ, იქაურობა უკვე არტილერიით იბომბებოდა. გზადაგზა ადგილობრივები
გვხვდებოდნენ, უფრო სწორად - ვიღაც მამაკაცები, მაგრამ სამხედროები იყვნენ
თუ სამოქალაქოები, ვერ მივხვდით...

- რატომ?
-
უცნაურად ეცვათ: სამხედრო შარვალი, ბოტასები და ჩვეულებრივი მაისურები;
ზოგს ჰქონდა იარაღი, ზოგს - არა. უეცრად საიდანღაც გამოვარდებოდნენ, სროლას
ატეხდნენ და შემდეგ იკარგებოდნენ. ჩვენც ამ მცირე წინააღმდეგობას
მოვიგერიებდით და გზას განვაგრძობდით... 7 აგვისტოს ღამე ერთ-ერთ ოსურ
სოფელში გავათენეთ. ჩვენს მახლობლად რუსების საგუშაგო იყო - ისინი ვერ
გვხედავდნენ, ჩვენ კი მთელი ღამე ვუთვალთვალეთ.

- რას აკეთებდნენ?
-
განსაკუთრებულს არაფერს... 3 თუ 4 კაცი იყო, ორი კარავი ედგათ და ერთი
ჯავშანტრანსპორტიორი ჰყავდათ. როცა გათენდა, დაგვინახეს და მაშინვე
ჯავშანტრანსპორტიორი დაქოქეს, მაგრამ რომ დაინახეს, ბევრნი ვიყავით, ისევ
კარვებში შებრუნდნენ. არ ვიცი, რა იფიქრეს და რა გეგმები ჰქონდათ... ჩვენმა
მეთაურმა, კაპიტანმა ჯემალ თოდუამ (ომის შემდეგ მას მაიორის წოდება
მიანიჭეს) გაგვაფრთხილა, - რუს სამშვიდობოებს არ ესროლოთო... გზაში
რამდენიმე მოკლული ოსი ჯარისკაციც ვნახე. მათ რუსული სამხედრო ფორმა ეცვათ,
უმეტესობას ფეხზე ბოტასი ან კედი ეცვა. ძირითადად, ავტომატები ჰქონდათ...
წვრთნები თითქმის ყველას გავლილი გვქონდა, მაგრამ შევამჩნიე, მკვდრების
დანახვამ რამდენიმე ჯარისკაცზე ცუდად იმოქმედა.

- შენზე?
-
ჩემზეც... თავიდან ყველანი დავიძაბეთ, მაგრამ შემდეგ თავი ხელში ავიყვანე;
მივხვდი, რომ ეს იყო რეალობა და ემოციები უნდა მომეთოკა... 4 საათზე
მეტხანს შეუჩერებლად ვიარეთ, 8 ოსური სოფელი გამოვიარეთ და ამ ხნის
განმავლობაში ინტენსიური ბრძოლები არ ყოფილა, მხოლოდ შიგადაშიგ გვესროდნენ,
მაგრამ როგორც კი ცხინვალს მივადექით, ვითარება შეიცვალა - იქ ნამდვილი
ომი იყო, ყველანაირი ტიპის იარაღიდან ისროდნენ. ქალაქის შესასვლელთან,
ნაძვნარში შევჩერდით... ცხინვალის ტრაფარეტთან სამახსოვრო ფოტოც კი
გადავიღეთ. მეთაურებმა ოცეულებად და ათეულებად დაგვყვეს და ჩვენ
"ჩასაფრებაში" გაგვიშვეს. ჩასაფრების ადგილიდან ცხინვალი გაშლილი
ხელისგულივით მოჩანდა. დანარჩენებიც ისე გადაანაწილეს, რომ წრე შეიკრა...

8
აგვისტოს შუადღე იდგა. წინა დღისგან განსხვავებით, საოცრად მშვიდად
ვიყავით. ამ დროს შიშისთვის არავის ეცალა, ყველა დავალების შესრულებაზე
ფიქრობდა. ომში სხვისი სიცოცხლის მოფრთხილება, საკუთარის გადარჩენის
ტოლფასია იმიტომ, რომ ჯაჭვის ერთი თვალი თუ ჩაიშალა, მთელი რგოლი ირღვევა.
ბიჭები ხუმრობასაც კი ვცდილობდით - სხვანაირად ვერ იომებ... 42-ე
ბატალიონის რამდენიმე ოცეული ქალაქის მიმართულებით დაიძრა, მაგრამ შეღწევა
გაუჭირდათ.

- ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდათ?
-
დიახ. ნაძვნარის იქით ტრიალი მინდორი იწყებოდა და პირდაპირ მტრის სამიზნე
ხდებოდნენ; იმდენად გაშლილი ადგილი იყო, არც ხოხვით სიარული შეიძლებოდა...
ქალაქის შესასვლელს კორპუსების სახურავებზე განლაგებული სნაიპერები და
ტყვიამფრქვევით შეიარაღებული მეომრები აკონტროლებდნენ. ბიჭები მაინც წინ
მიიწევდნენ და ბევრი მათგანიც დაიჭრა... მანამდე ჯავშანჟილეტები არ გვეცვა,
მაგრამ ამ სურათის ნახვამ შეგვცვალა - ცხინვალში ნამდვილი ომი იყო. ჩვენ
არტილერიასა და ავიაციას ინფორმაციას ვაწვდიდით. კავშირის პრობლემა ჯერ
წინა ღამეს, 7 აგვისტოს დაიწყო და მობილურით ვსარგებლობდით;

როგორც
კი აქტიური სროლები დაიწყო, სიხშირე ჩაახშეს და რაციები არც კი
გამოგვიყენებია... ვეღარც ის დავაზუსტეთ, თუ სად უნდა მივსულიყავით, რა
ინფორმაცია უნდა მოგვეგროვებინა და ჩვენი ოცეული პირდაპირ ბრძოლებში
ჩაება... ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, ალბათ ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ
სახმელეთო ბრძოლებში ოსები ვერ მოგვერეოდნენ. რუსული ავიაცია მაშინ ჩართეს
ბრძოლაში, როცა ორგანიზებულად დავიწყეთ შეტევა. მოწინააღმდეგე ამას მალევე
მიხვდა და ამიტომ მოიქცა ასე... მართალია, ჩემი სპეციალობა დაზვერვაა,
მაგრამ ის, რაც მაშინ დაგვჭირდა - ქალაქში ბრძოლა, უსაფრთხო გადაადგილება
და დამოუკიდებელი მოქმედება - ნასწავლი მქონდა და თავი გავართვი. თუმცა
ისიც უნდა ვაღიარო, რომ რამდენიმე ახალბედას შეშინებული სახეც ვნახე...

- რაც ალბათ ცუდად მოქმედებდა თქვენზე...
-
კი, მაგრამ პანიკა მაინც არ ყოფილა... როცა ტანკი ტრიალდებოდა, შეშინებული
ჯარისკაცები მასთან იმდენად ახლოს იდგნენ, რომ ლულა ლამის თავში
ხვდებოდათ. ტანკის გვერდით ისინი ერთი მხრიდან მაინც იყვნენ უსაფრთხოდ,
მეორეს კი თავად აკონტროლებდნენ... სიტუაციას თანდათან ალღო ავუღეთ, მაგრამ
ჩვენმა ორგანიზებულმა მოქმედებებმა მანამდე გასტანა, ვიდრე რუსული
თვითმფრინავები გამოჩნდებოდნენ. მტერმა ბომბები პირველად ცხინვალის თავზე
ჩამოყარა - პირდაპირ საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყა და ვიფიქრეთ, რომ
ჩვენები იყვნენ...

ომის დროს დასახლებულ პუნქტში შესვლამდე,
ნებისმიერი ადგილი ჯერ ავიაციის მიერ იბომბება, შემდეგ შედის ქვეითი ჯარი.
ამ შემთხვევაშიც ასე გვეგონა, მაგრამ იმ თვითმფრინავებმა ცხინვალს
გადაუფრინეს და მერე ჩვენს პოზიციებზე მოიტანეს იერიში... ნებისმიერ რთულ,
უთანასწორო ბრძოლაშიც კი, როცა შენს საქმეს აკეთებ, ბრძოლა გიადვილდება,
მაგრამ როცა არ იცი, რა უნდა ქნა (არადა, თითოეული წამი მნიშვნელოვანია),
ყველაფერი რთულდება...

ცხინვალის შესასვლელთან, როცა დაჭრილი
ბიჭები ვნახე, შემეშინდა და ამის აღიარების არც მრცხვენია. ვინც იტყვის,
ომში შიში არ მიგრძნიაო, ის ან გიჟია, ან იტყუება... ყოველ წამს სიკვდილს
ვუყურებდით თვალებში, ჩვენ გარშემო ადამიანები იხოცებოდნენ, ტყვიები
ზუზუნებდა, ჭურვები სკდებოდა და ჰაერში სიკვდილის "სუნი" ტრიალებდა, - აბა,
როგორ შეიძლებოდა, ამ დროს არხეინად ვყოფილიყავი?!. მთავარი იყო, შიში
დამეძლია...
მახსოვს, ცხინვალის შესასვლელთან ვისხედით და ბრძანებას
ველოდებოდით. კორპუსებში განლაგებული სნაიპერები გვხედავდნენ და
გვესროდნენ, ჩვენ კი ვერ ვხვდებოდით, საიდან გვიტევდნენ. შეუძლებელი იყო,
დაგვენახა, რომელი ფანჯრიდან მოდიოდა ტყვია... მაშინ ჩვენი ასეულიდან ბევრი
დაიჭრა - ტყვია უმეტესად, ფეხში ხვდებოდათ. ვიჯექი და ღმერთს ვეხვეწებოდი:
მტრისთვის წინააღმდეგობის გაწევის საშუალება არ მომისპო-მეთქი!..
სნაიპერები ჭკვიანურად მოქმედებდნენ - არ კლავდნენ.

www.allfile.do.am - internet files encyclopedia- ძნელი დასაჯერებელია, რომ მოწინააღმდეგეს ინდობდნენ...
-
არა, მაგრამ გონივრულად იქცეოდნენ: დაჭრილი ბრძოლას ვერ გააგრძელებდა,
ფრონტის ხაზიდან დამოუკიდებლადაც ვერ გავიდოდა და იგი ორ მეომარს უნდა
გამოეყვანა... სასიკვდილო ჭრილობა რომ მიეყენებინათ, იძულებული
გავხდებოდით, თანამებრძოლები მიგვეტოვებინა და ბრძოლა გაგვეგრძელებინა.
ჩეჩნები იყვნენ და ეტყობოდათ, საბრძოლო გამოცდილება ჰქონდათ...

- თქვენ როგორ დაიჭერით?
-
ინფორმაცია მივიღეთ - ცხინვალში ჩეჩენთა დესანტი ჩამოსხესო და ოცეულის
სერჟანტმა ჩასაფრების ბრძანება მოგვცა: მარცხენა ფლანგი უნდა
გაგვემაგრებინა, რათა დესანტი ზურგიდან არ მოგვპარვოდა. დავალებას მობილური
ტელეფონით ვიღებდით, სხვა გზა არ გვქონდა... 6 კაცი დავალების
შესასრულებლად წავედით... არ ვიცი, ვიჩქარეთ თუ გამოუცდელობის გამო
დაგვემართა, მაგრამ იქვე მდგარ ჯავშანტრანსპორტიორთან ახლოს გავირბინეთ და
სწორედ ამ დროს იქაურობა დაბომბეს. ექვსივე დავიჭერით, მე - ყველაზე
მძიმედ...

მახსოვს, თვითმფრინავი ისე დაბლა მოფრინავდა, ლამის
თავზე გადაგვიფრინა. როცა ზევით ავიხედე, პილოტიც კი დავინახე, რომელსაც
ლურჯი ჩაფხუტი ეხურა... მერე იქაურობა გამაყრუებელმა ხმაურმა შეძრა და
დაბომბვის წნევამ ჰაერში ამისროლა. მიწაზე დაცემამდე, ფეხში საშინელი
დარტყმა ვიგრძენი. ტკივილს ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობდი, მაგრამ მივხვდი,
მარჯვენა ფეხი არ მქონდა. ვიდრე დაბომბვის ტალღამ არ გადაიარა, იქ ვეგდე...

- სისხლდენის შეჩერება შეძელი?
-
დიახ. საბედნიეროდ, ტკივილისგან გონება არ დამიკარგავს და ბენდენა
შემოვიჭირე. ხელებში ძალა არ მქონდა და ჯოხი მოვიშველიე: ჯერ კვანძი
გავიკეთე, მერე ჯოხი დავატრიალე და იმ ადგილას შემოვიჭირე, სადაც ფეხი
"მთავრდებოდა" - ეს ებრაელმა ინსტრუქტორებმა მასწავლეს. მოსაყოლად ადვილია,
მაგრამ გასაკეთებლად ძნელი იყო... გონი რომ დამეკარგა, ცოცხალი ვეღარ
გადავრჩებოდი... როგორც კი წამოჯდომა შევძელი, ყვირილი დავიწყე, რადგან ამ
მდგომარეობაში დიდხანს ვერ გავძლებდი, ჩემებისთვის ხმა უნდა მიმეწვდინა...
თანამებრძოლმა - დათო ქიმაძემ მიპოვა.
სამშვიდობოს მარტო ვერ
გამიყვანდა და ასეულის ბიჭები ამოიყვანა... ის ჯავშანტრანსპორტიორი ისევ იქ
იდგა, ალბათ დაბომბვას გადაურჩა; შიგ ჩვენი ჯარისკაცები ისხდნენ. ბიჭებმა,
სხვა დაჭრილებთან ერთად, მასში მეც ჩამსვეს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში
წაგვიყვანეს, თავად კი ცხინვალისკენ მიბრუნდნენ...

ჰოსპიტალში რომ
დამაძინეს, თბილისის #8 საავადმყოფოში გამეღვიძა და 3 თვე იქ დავყავი...
მერე იყო მკურნალობის ხანგრძლივი პროცესი; თურქეთის სამხედრო კლინიკა
"გათაში" დროებითი პროთეზი გამიკეთეს... მუხლის ძვალი მთელი მაქვს და
მპირდებიან, რომ წვივის ძვალსა და სილიკონის ტერფს გამიკეთებენ, რომლითაც
უფრო თავისუფლად შევძლებ სიარულს... შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტს
ვაგრძელებ, ვადის ამოწურვის შემდეგაც ახალი კონტრაქტის დადებას ვაპირებ...

ვიცი,
ძნელია ამ სტატუსით ცხოვრება, მაგრამ ყურების ჩამოყრას არ ვაპირებ. როცა
ომში მივდიოდი, იმაზეც ვფიქრობდი, - შეიძლებოდა, იქიდან ცოცხალი ვეღარც
დავბრუნდე-მეთქი. ბრძოლაში ვიღაც ჯანმრთელობას კარგავს, ვიღაც - სიცოცხლეს.
ფეხი დავკარგე, მაგრამ მაინც გამიმართლა, ცოცხალი ვარ! მას შემდეგ, ოჯახი
შევქმენი და ცხოვრებას ვაგრძელებ... ჩემს სამშობლოს თუ დასჭირდა, მის
სადარაჯოზე ცალი ფეხითაც დავდგები.

ინტერვიუს შემდეგ გიორგის
მეუღლესაც ვესაუბრე, რომელიც ქმრის ნაამბობს ყურადღებით უსმენდა. მან ჩემს
შეკითხვაზე, - ამ გადაწყვეტილების მიღება ხომ არ გაგიჭირდა-მეთქი? - ამაყად
მიპასუხა, - არა, რას ამბობთ?! ჩემი მეუღლე ხომ სამშობლოსთვის იბრძოდაო!..



ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)

































კატეგორია: ჯარი | ნანახია: 1458 | დაამატა: allfile | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
ComForm">
avatar