მთავარი » 2010 სექტემბერი 24 » უსამა ბენ ლადენს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ტიტული ჩამოართვეს
7:44 PM უსამა ბენ ლადენს მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტის ტიტული ჩამოართვეს | |
დასავლეთის სპეცსამსახურებმა ანვარ ალ-ავლაკის ძებნა გაააქტიურეს - ის ახლა "მსოფლიოს ნომერ პირველი ტერორისტია", მან ეს ტიტული უსამა ბენ ლადენს ჩამოართვა, იტყობინება "ИТАР-ТАСС"-ი. სპეციალისტების შეფასებით, ალ-ავლაკი ახლა იმაზე უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე ბენ ლადენი, რომელიც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ იძულებული გახდა აქტიური საქმიანობისთვის თავი დაენებებინა და დამალულიყო. 39 წლის იემენელი ანვარ ალ-ავლაკი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ შედგენილ იმ პირთა სიაშია, რომლებიც ტერორისტული საქმიანობის გამო იძებნებიან. ალ-ავლაკი აშშ-ში, იემენურ ოჯახში დაიბადა. დღეს ის ყველაზე ცნობილი რადიკალი ისლამისტია, რომელიც ტერორიზმის პროპაგანდისა და დასავლეთთან საბრძოლველად, ფანატიკოსების მობილიზებისთვის ინტერნეტსა და ვიდეოტექნიკას აქტიურად იყენებს. მხოლოდ პოპულარულ ქსელ "YouTube"-ზე ბოლო დრომდე ალ-ავლაკის ლექციების 1900 ვიდეორგოლი იდო. ტერორისტი შესანიშნავად ფლობს ინგლისურ ენას და პროპაგანდისტული ლექციების მეშვეობით ექტრემისტთა რიგებში ევროპელი და ამერიკელი ახალგაზრდების ჩათრევას ცდილობს. თითქმის ყველა ტერორისტი, ვინც ბოლო დროს დასავლეთის ქვეყნებში ტერორისტულ საქმიანობას ეწეოდა, ალ-ავლაკის გავლენით, ან უშუალო მითითებით მოქმედებდა. ალ-ავლაკი, შესაძლოა, ამჟამად იემენში ან სომალიში იმალება, სადაც ბოლო ერთი წელია "ალ-ქაიდა" გააქტიურდა. მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |